Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

Slow Food კარლო პეტრინის გარეშე

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახერხებენ საკუთარი ბიოგრაფია მთელ ეპოქად ან ეპოქის ნაწილად მაინც აქციონ. მათი ცხოვრება ნელ-ნელა იფანტება ქალაქების ხმაურში, ბაზრების სურნელში, წიგნების ფურცლებში, ადამიანების ყოველდღიურ ჩვევებში და ბოლოს ვეღარ ხვდები, სად მთავრდება ერთი ადამიანის ისტორია და სად იწყება მთელი კულტურის მეხსიერება. კარლო პეტრინი სწორედ ასეთი ადამიანი იყო, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, იტალიაში, მშობლიურ ქალაქში გარდაიცვალა. კარტო პეტრინის გარდაცვალება მხოლოდ გასტრონომიული სამყაროს დანაკლისი არ არის. ეს იმ იშვიათი ხმების ჩაჩუმებას ჰგავს, რომლებიც თანამედროვეობას მუდმივად ახსენებდნენ, რომ ცივილიზაცია მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი, სიჩქარე და მოხმარება არ არის. რომ ადამიანს შეუძლია იცხოვროს სხვაგვარადაც — უფრო ნელა, უფრო ფრთხილად, უფრო საინტერესოდ.

პეტრინის ცხოვრება თითქოს თავიდანვე წინააღმდეგობის ფორმით იწერებოდა. მეოცე საუკუნის მიწურულს, როდესაც მსოფლიო სულ უფრო სწრაფი ხდებოდა და გლობალიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებას ერთნაირ ფორმებს აძლევდა, იტალიაში, ისტორიითა და კულტურით სავსე სივრცეში, რაღაც სიმბოლური მოხდა: რომის Piazza di Spagna-სთან პირველი McDonald’s გაიხსნა.

ბევრისთვის ეს უბრალოდ ახალი ეპოქის ნიშანი იყო, ამერიკული კაპიტალისა და თანამედროვე ურბანული ცხოვრების კიდევ ერთი გამოხატულება. მაგრამ პეტრინიმ ამ მოვლენაში სხვა რამ დაინახა. მან იგრძნო, რომ სწრაფი კვების რესტორანი მხოლოდ კომერციული ობიექტი არ იყო და ის დროის, მეხსიერებისა და კულტურის ცვლილებას ნიშნავდა.

სწრაფი კვება, მისთვის ცვლიდა ადამიანის დამოკიდებულებას ცხოვრებასთან. ყველაფერი უფრო მოკლე, უფრო ფუნქციური, უფრო მექანიკური ხდებოდა. სწორედ ამ განცდიდან დაიბადა Slow Food-ის მოძრაობა, რომელმაც, ერთი შეხედვით, ყველაზე უბრალო რამ, ჭამა, კულტურულ, ეთიკურ და პოლიტიკურ აქტად გადააქცია.

Slow Food თავიდანვე პროტესტი იყო. მაგრამ ეს არ ყოფილა აგრესიული ან დესტრუქციული პროტესტი. ეს უფრო ინტელექტუალური და ღრმა წინააღმდეგობა იყო სამყაროს მიმართ, რომელიც ყველაფერს აჩქარებდა. პეტრინი თითქოს ცდილობდა ადამიანებისთვის შეეხსენებინა, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებები ყოველთვის ნელია: სიყვარული, მეგობრობა, ღვინის დავარგება, პურის თესვა, მიწის დამუშავება, საუბარი, მოგონება.

პეტრინისთვის საკვები იყო კულტურის ტექსტი, რომელსაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში წერდნენ. თითოეულ პროდუქტში პეტრინი ხედავდა გეოგრაფიას, კლიმატს, ენას, შრომას, ისტორიას, ადამიანების ბედს. როდესაც ის საუბრობდა ყველზე, ღვინოზე, პურზე ან თესლზე, სინამდვილეში ცივილიზაციაზე საუბრობდა.

Slow Food-ის მთავარი იდეაც სწორედ აქედან მოდიოდა — საკვები ვერ იქნება მხოლოდ პროდუქტი. მას უნდა ჰქონდეს წარმოშობა, ეთიკა და მეხსიერება. ამიტომ მოძრაობის სლოგანი — „კარგი, სუფთა და სამართლიანი საკვები ყველასთვის“ — ერთდროულად ესთეტიკურიც იყო და პოლიტიკურიც.

„კარგი“ ნიშნავდა გემოს, სიამოვნებას, ხარისხს.
„სუფთა“ — გარემოს პატივისცემას, ბუნებასთან ჰარმონიას.
„სამართლიანი“ — ადამიანის შრომის დაფასებას, მცირე ფერმერების დაცვას, ეკონომიკური ძალადობის წინააღმდეგობას.

ამ სამ სიტყვაში პეტრინიმ მთელი ფილოსოფია ჩაატია.

ის თითქოს გვახსენებდა, რომ სამყარო ინგრევა მაშინ, როდესაც ადამიანი წყვეტს იმის ცოდნას, თუ საიდან მოდის მისი საკვები. როდესაც პომიდორი მხოლოდ სუპერმარკეტის შეფუთული პროდუქტი ხდება და აღარავის ახსოვს მიწა, რომელშიც ის გაიზარდა; როდესაც პური კარგავს იდეას და ქარხნული პროცესის ნაწილად იქცევა; როდესაც ღვინო აღარ ჰგავს კონკრეტულ ლანდშაფტს და მხოლოდ ბრენდად რჩება. პეტრინისთვის გლობალიზაციის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ეს იყო — განსხვავებულობის გაქრობა.

ამიტომაც შექმნა მან Ark of Taste,  გადაშენების პირას მყოფი პროდუქტების, მცენარეებისა და ტრადიციების არქივი. ეს პროექტი სინამდვილეში საკვების კატალოგზე ბევრად მეტი იყო. იგი ჰგავდა მცდელობას, გადაერჩინა კაცობრიობის მეხსიერება ინდუსტრიული ერთფეროვნებისგან. როდესაც Slow Food იშვიათ თესლებს, ძველ ყველს, ტრადიციულ ღვინოს ან ადგილობრივ სამზარეულოს იცავდა, ის სინამდვილეში ადამიანების ცხოვრების წესს იცავდა.

ამ მოძრაობამ მალევე გადალახა იტალიის საზღვრები და მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. Terra Madre-მ — მოძრაობის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პროექტმა — ერთმანეთთან დააკავშირა ადამიანები, რომლებიც ხშირად სრულიად უხილავები იყვნენ გლობალური ეკონომიკისთვის: მცირე ფერმერები, მეთევზეები, ადგილობრივი თემები, უძველესი ხალხები და ტრადიციები.

Terra Madre-ში განსაკუთრებული იყო ის, რომ აქ პირველად სწორედ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში. ისინი, ვინც საკვებს არა ინდუსტრიულად, არამედ მეხსიერებითა და გამოცდილებით ქმნიდნენ. პეტრინი მათში  მომავლის შესაძლებლობას ხედავდა,  იგი ფიქრობდა, რომ მომავალი მხოლოდ მაშინ იქნებოდა მდგრადი, თუ ადამიანები შეძლებდნენ ძველი ცოდნის გადარჩენას.

ამ იდეამ იგი უძველეს ხალხებთანაც დააკავშირა. Slow Food აქტიურად უჭერდა მხარს იმ თემებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ უნიკალურ სასოფლო-სამეურნეო ცოდნას. პეტრინი ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც ხმამაღლა თქვა, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვა შეუძლებელია იმ ადამიანების დაცვის გარეშე, ვინც ამ მრავალფეროვნებას ქმნის. ამიტომაც გახდა იგი გაეროს ფორუმების მონაწილე, ამიტომაც ესაუბრებოდა მსოფლიოს ლიდერებს, ამიტომაც მეგობრობდა მეფე ჩარლზ III-თან და პაპ ფრანცისკესთან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ პეტრინი ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრების ეთიკაზე ელაპარაკებოდა.

მისი იდეები  გვეუბნებოდა, რომ სამყაროს შეცვლა ყოველთვის დიდი რევოლუციებით არ იწყება. ზოგჯერ ის იწყება იმით, რომ ადამიანი ადგილობრივ ბაზარში ყიდულობს პროდუქტს. იმით, რომ ოჯახი ერთად შემოუსხდება სუფრას. იმით, რომ ვინმე დავიწყებული საკვების შენარჩუნებას გადაწყვეტს. 2004 წელს პეტრინიმ ჩრდილოეთ იტალიაში დააარსა გასტრონომიული მეცნიერებების უნივერსიტეტი — პირველი უნივერსიტეტი მსოფლიოში, რომელიც მთლიანად საკვებსა და კულტურას შორის კავშირის შესწავლაზე იყო ორინეტირებული.

ეს იდეაც სიმბოლური იყო. პეტრინი ამტკიცებდა, რომ სამზარეულო შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური სივრცე იყოს, როგორც ბიბლიოთეკა ან ლაბორატორია. რადგან საკვები, მისთვის, ყოველთვის ცოდნას გულისხმობდა. დღეს, როდესაც მსოფლიო კიდევ უფრო სწრაფი, ციფრული და ალგორითმული ხდება, კარლო პეტრინის იდეები თითქმის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას იძენს.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაფერი მყისიერად უნდა მივიღოთ — ინფორმაცია, ურთიერთობები, სიამოვნება, წარმატება. სწორედ ამ სამყაროში Slow Food თითქოს დროის შენელების მცდელობად რჩება. არა როგორც ნოსტალგია წარსულის მიმართ, არამედ როგორც კითხვა: რამდენად შესაძლებელია ადამიანმა თანამედროვე სამყაროში მაინც შეინარჩუნოს კავშირი მიწასთან, სხეულთან, მეხსიერებასთან და ერთმანეთთან?

პეტრინის პასუხი ყოველთვის ერთი იყო — შესაძლებელია, თუ ადამიანი კვლავ ისწავლის გემოს, ლოდინისა და ზრუნვის მნიშვნელობას.

მთელ ამ ისტორიიდან გამომდინარე, კარლო პეტრინის გარდაცვალება დასასრულს ნაკლებად ჰგავს და როგორც, მალხაზ ხარბედია წერს, თავის ერთ-ერთ შესანიშნავ ესეში, კარლო პეტრინიმ მოახერხა და შექმნა „სიამოვნების და ცოდნის და არა ამაოების ბაზარი.“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა