
ლევან სებისკვერაძე
10 ივლისს ქუთაისში, ღვინის ბარში „სხვენი“, ღვინისა და პოეზიის საღამო გაიმართა. მეღვინემ და პოეტმა ალეკო ცქიტიშვილმა დამსწრე საზოგადოებას თავისი საოჯახო მარნის - „ჭორტაულის ვენახების“ საავტორო ღვინოები გააცნო და პარალელურად ლექსების ახალი კრებული - „თავები“ წარუდგინა. იგი ერთმანეთის მონაცვლეობით კითხულობდა ლექსებს და თან სტუმრებს ღვინოზე ესაუბრებოდა.
„ალეკო ცქიტიშვილმა წარმოადგინა როგორც საკუთარი ღვინოები, ასევე ლექსების ახალი კრებული - „თავები“. ღვინოს ლექსი ცვლიდა და ლექსს - ღვინო. ყველა წაკითხული ლექსი სიღრმითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩეოდა. ჰარმონიულად ცვლიდნენ ერთმანეთს ლირიკული ლექსი და ქისი, თეთრი ლექსის რიტმი და რქაწითელი, სენტიმენტალური მოტივი და საფერავი. საღამოს განსაკუთრებულობას ხელს უწყობდა ავტორის თხრობის მანერა და მშვიდი, მოზომილი ემოციით გადმოცემული სათქმელი. საღამო ნამდვილად შედგა და წარუშლელი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა“ - გვითხრა ამ შეხვედრის ინიციატორმა მეღვინემ და „სხვენის“ მეპატრონემ, ლაშა გურულმა.
შეხვედრას პოეზიისა და ღვინის არაერთი მოყვარული ესწრებოდა. მათ შორის იყო პოეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანა ლეფსაია, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მეღვინეობისა და პოეზიის შინაგანი კავშირი: „საღამომ თბილ და ცოცხალ გარემოში ჩაიარა, სადაც პოეზია და მეღვინეობა ერთმანეთს ორგანულად შეერწყა. საინტერესო იყო თავად ავტორისგან მისი ლექსების მოსმენა, აგრეთვე - ხარისხიანი და გამორჩეული ღვინოების დაგემოვნება. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კარგი ღვინის დაწურვა ისეთივე ხელოვნებაა, როგორც კარგი ლექსის დაწერა. საღამომ დაუვიწყარი შთაბეჭდილება და გულწრფელი ემოციები დაგვიტოვა“.
ალეკო ცქიტიშვილის მარანი - „ჭორტაულის ვენახები“ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრია. ლაშა გურულის მარანი „ენკენიც“ ამავე ასოციაციას წარმოადგენს. შეხვედრას სხვა მეღვინეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ბუნებრივ ღვინოს აყენებენ. თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა შალვა ხაჟალიამ (მარანი „ხაჟალია“): „ჭორტაულის ვენახების „რქაწითელი 2024“ იყო ჩემთვის აღმოჩენა და განსხვავებული ტექნოლოგია - უჟანგავ ცისტერნაში ექვსი თვით ჭაჭა-კლერტზე დავარგებული ღვინო, მსუბუქი, ჰარმონიული, გამოკვეთილი ჩირის არომატებით, ძალიან განსხვავდებოდა კლასიკური რქაწითელისგან, მთელი მისი სიდიადით და სიღრმით. ჩემი ყურადღება მიიქცია ასევე 2025 წლის მოსავლის „საფერავმა”, რომელიც იყო სურნელოვანი, სხეულიანი და ჰარმონიული, გამოკვეთილი შავი ქლიავის და მოცხარის ტონებით. ერთი ყლუპიც კი საკმარისი იყო შეგვეგრძნო მეღვინის ფაქიზი დამოკიდებულება ამ ღვინის მიმართ. „ქისი 2024“ და „ხიხვი 2025“ - კიდევ ორი ქარვისფერი ღვინო, რომელიც წარმოდგენილი იყო შეხვედრაზე, ფერით თითქოს ერთმანეთის მსგავსი, მაგრამ თვისობრივად განსხვავებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჭორტაულის ვენახების“ ბუნებრივი ღვინოების ხასიათში ჩანს მეღვინის ვენახთან და ღვინოსთან დამოკიდებულება“.
თავად ალეკო ცქიტიშვილის თქმით, „სხვენი“ ამჟამად ქუთაისში ბუნებრივი ღვინოებისა და ნატურალური პროდუქტების ერთადერთი მაღაზიაა. ამიტომაც მას გულშემატკივრობს, როგორც ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი, რადგან მნიშვნელოვანია, ქუთაისში გაიზარდოს ბოთლის ნატურალური ღვინის მოხმარების კულტურა: „ქუთაისი, ამავდროულად, არის ქალაქი, სადაც საუკუნის წინ ლიტერატურული ცხოვრება ყვაოდა და მას შემდეგ პოეზია და ხელოვნება ამ ქალაქის მაცოცხლებელი ძალა იყო. „ცისფერყანწელების“ გარდა, ქუთაისი მშობლიური ქალაქი იყო ლადო ასათიანის და მისი მეგობარი პოეტებისთვის… ჩემი სურვილია, რომ ქუთაისი დღესაც მეტად იყოს ჩართული თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში და ადგილობრივ პოეზიის მოყვარულებს ჰქონდეთ ინფორმაცია ახალ წიგნებსა და სხვა სიახლეებზე. სწორედ ამას ემსახურებოდა ლაშა გურულის და „სხვენის“ მიერ ორგანიზებული ეს შეხვედრაც. ამ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღვინო და პოეზია ერთმანეთს საუკეთესოდ ეხამება… თითქოს უსასრულოდ გინდა, რომ გაგრძელდეს შეხვედრა და ბოლოს გრჩება შეგრძნება, რომ კიდევ ბევრი სადღეგრძელო დარჩა დაულეველი“.
ღვინისა და პოეზიის საღამომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული ღვინო მხოლოდ გასტრონომიული კულტურის ნაწილი არ არის. ის ხშირად იქცევა ხელოვნების, ლიტერატურისა და ადამიანების შეხვედრის მიზეზად. სწორედ ასეთმა ფორმატმა შექმნა ქუთაისში საღამო, სადაც სიტყვამ და ღვინომ ერთმანეთი ბუნებრივად შეავსო და სტუმრებს დასამახსოვრებელი ემოციები დაუტოვა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი