
პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში Grape Collective გამოქვეყნდა ლისა დენინგის სტატია სათაურით „საქართველო: ღვინის აკვანი მომავლის ხედვით“. პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის Glodow Nead Communications ჩართულობით მომზადდა და ის ქართული ღვინის ისტორიას, კულტურასა და თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნება. ავტორი საქართველოს წარმოგვიდგენს, როგორც მსოფლიოს უძველეს მეღვინეობის ქვეყანას, სადაც ღვინის დაყენების ტრადიცია უკვე რვა ათასწლეულს ითვლის. მიუხედავად ამ უნიკალური მემკვიდრეობისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე ჯერ კიდევ არ სარგებლობს იმ ცნობადობით, რომელიც მის ისტორიასა და მნიშვნელობას შეესაბამება.
სტატიის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვევრის ტექნოლოგიაა. ავტორი დეტალურად აღწერს ღვინის დაყენების ამ უძველეს მეთოდს და ხაზს უსვამს, რომ ქვევრი მხოლოდ ტექნოლოგიური საშუალება კი არა, ქართული კულტურისა და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოში ღვინის დაყენება საუკუნეების განმავლობაში ოჯახურ ტრადიციად რჩებოდა და დღემდე ბევრ ოჯახში მარანი და საკუთარი ღვინო ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ კონტექსტში განხილულია სუფრის კულტურა, თამადის ინსტიტუტი და ღვინის განსაკუთრებული ადგილი ქართველთა ყოველდღიურ და სადღესასწაულო ცხოვრებაში.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქართული მეღვინეობა მხოლოდ ქვევრის ღვინოებით არ შემოიფარგლება. სტატიაში საუბარია ქვეყნის მრავალფეროვან მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებზე, 500-ზე მეტ ადგილობრივ ვაზის ჯიშზე და იმ უნიკალურ ღვინოებზე, რომლებიც ამ ჯიშებისგან იწარმოება. განსაკუთრებულად არის გამოკვეთილი კახეთის როლი, როგორც საქართველოს მთავარი მეღვინეობის რეგიონისა, თუმცა ყურადღება ექცევა სხვა ადგილობრივ ჯიშებსა და რეგიონებსაც.
სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საბჭოთა პერიოდს, რომელმაც, ავტორის შეფასებით, სერიოზული ზიანი მიაყენა ქართულ მეღვინეობას. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საბჭოთა ეკონომიკური პოლიტიკა ხარისხის ნაცვლად რაოდენობრივ წარმოებას ანიჭებდა უპირატესობას, რის შედეგადაც მრავალი ადგილობრივი ჯიში დავიწყებას მიეცა, ხოლო ქართული ღვინო საერთაშორისო პროცესებს ჩამოშორდა. ამ ისტორიული კონტექსტის გაგრძელებად განიხილება 2006 წლის რუსული ემბარგოც, რომელმაც ქართული ღვინის ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა, ამავდროულად, ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და ხარისხის გაუმჯობესების სტიმულადაც იქცა.
სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, თუ როგორ დაემთხვა ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარობის ზრდა ბუნებრივი ღვინოებისადმი ინტერესის გაძლიერებას. ავტორის თქმით, დასავლურ ბაზრებზე ქვევრის ღვინომ და ქარვისფერმა ღვინოებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ხოლო საქართველომ შეძლო საკუთარი უძველესი ტრადიციების თანამედროვე ღვინის სამყაროსთვის ახალი მნიშვნელობით წარდგენა.
თუმცა ავტორი არ შემოიფარგლება მხოლოდ წარმატებების აღწერით. სტატიაში არაერთი ქართველი და უცხოელი მეღვინის მოსაზრებაა წარმოდგენილი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის მხოლოდ „ღვინის აკვნის“ სტატუსზე დაყრდნობა საკმარისი აღარ არის. მათი აზრით, ქვეყნის მთავარი ამოცანაა, საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ, რომელიც ადგილობრივ ჯიშებს, მრავალფეროვან ტერუარსა და თანამედროვე სტანდარტებს ეყრდნობა.
სტატიის დასასრულს ავტორი ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებისა და აღდგენის მნიშვნელობაზე, ასევე ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. საბოლოოდ, იგი ასკვნის, რომ საქართველოს ღვინის ისტორია მხოლოდ წარსულის დიდებით არ განისაზღვრება და ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელშიც უძველესი ტრადიცია და თანამედროვე ამბიცია ერთმანეთს ერწყმის და ქვეყნის მეღვინეობის მომავალს განსაზღვრავს.
სტატიას ორიგინალში შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი