Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს 2025 წლის რთვლის ვრცელი მიმოხილვა

ლევან სეფისკვერაძე

შარშანდელი მოსავლისგან განსხვავებით, 2025 წელი ქართული მევენახეობისთვის იდეალური ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა ჩვენს მევენახე-მეღვინეებს ამაზე ბევრად უარესი წლები ახსოვთ და ამიტომაც, მოკლედ თუ ვიტყვით, 2025 წელი საშუალოზე ოდნავ უკეთესად შეიძლება შეფასდეს.

„ღვინის კლუბი“ მოსავლის წლის ტენდენციებს ჯერ კიდევ ზამთრის პერიოდიდან აკვირდება ხოლმე და ჩვენი მეგობარი მევენახეების, ექსპერტების, ამინდის ბიუროს, შემდეგ კი უკვე რთვლის ზოგადი მონაცემების ანალიზით, ვაჯამებთ წლის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა რა გავლენა მოახდინა რთველზე და მოსავლის ხარისხზე ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილ სხვადასხვა მხარეში.

მთელი წლის მანძილზე გვეხმარებოდნენ და მათ ხელთ არსებულ მონაცემებს გვაცნობდნენ „ღვინის კლუბის“ მეგობარი მეღვინეები: ალექსი ციხელიშვილი, იაგო ბიტარიშვილი, ვახუშტი მენაბდე, აკაკი სირაძე, დავით მოსულიშვილი, პაატა შარაშენიძე, ზაზა მუშკუდიანი, ირაკლი მინაძე, ზაზა გაგუა, გიორგი ღვარძელაშვილი, თაკო ჟურული, მამუკა წიკლაური, გიორგი მღებრიშვილი, კობა ქვაჭრელიშვილი, ლუკა ბიბინეიშვილი, აკაკი გელოვანი, მამუკა ნოზაძე, სოფიო სამთელაძე, რამაზ ნიკოლაძე, თენგო დვალიშვილი, გიორგი ნათენაძე, გიორგი მშვენიერაძე, არჩილ გუნიავა და ზურა ხვთისიაშვილი.

სამეგრელო

სამეგრელოში წელი ცუდად დაიწყო და კარგად დასრულდა. გაზაფხულის მოხშირებულ წვიმებს პაპანაქება სიცხე ცვლიდა და ამის გამო გააქტიურებული სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივ მევენახეებს ძალიან გაუჭირდათ. ზოგადად, სამეგრელოში მომეტებული ნესტის გამო, ისედაც რთულია ჭრაქთან გამკლავება. წელს კი წვიმებმა მაინც გამორჩეულად დიდი პრობლემები შექმნა და მეგრელებმა მოსავლის დაახლოებით 20-25% დაკარგეს.

უკვე ათ წელზე მეტია მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალი ვენახების გაშენების ბუმია. ბოლო დროს მარტვილს წალენჯიხა და ჩხოროწყუც შეუერთდა და იმდენად არის გაზრდილი მეგრული ვაზის ნერგებზე მოთხოვნა, რომ მევენახეები მენერგეებს ერთი წლით ადრე უკვეთენ ე.წ. მწარეზე დამყნობილი მეგრული ვაზის ჯიშების ნერგებს. წელს ახალშენ ვენახებს სამეგრელოში მოხშირებულმა წვიმამ ვერაფერი დააკლო. ჭრაქის წინააღმდეგ ინტენსიური შეწამვლის მეთოდი გამოიყენებოდა. ეს ნიშნავს, რომ მევენახე იძულებულია წამლობის თითქმის მთელი სეზონი ყურადღებით იყოს და ამინდის მიხედვით სწრაფად მიიღოს შეწამვლის გადაწყვეტილება.

რთვლის პერიოდში მეგრელებს გაუმართლათ რადგან ნოემბრის ბოლო ძირითადად მშრალი იყო და ყურძენსაც შაქრიანობა სათანადო ჰქონდა. მარტვილელებმა და წალენჯიხელებმა წელს ოჯალეში იმ დროს დაკრიფეს, როცა ყურძენში შაქარი ბრიქსით 23-ზე ავიდა, თეთრ ჯიშებში კი შაქარი 22-მდე იყო.

გურია

გურია განსაკუთრებული მიკროკლიმატის რეგიონად ითვლება - ზღვის სითბო, მაღალმთიანი ზონებიდან მომავალი გრილი ჰაერი და ხშირი ნალექები განსაკუთრებულ პირობებს ქმნის მევენახეობისთვის. გურიაში გაზაფხული ტრადიციული წვიმებით დაიწყო. აპრილიდან ივნისამდე, პრაქტიკულად, კვირა არ ყოფილა, როცა ვენახი შეიძლებოდა გამშრალიყო. ასეთ პირობებში ჭრაქი „მუდმივი სტუმარივით“ დაბრუნდა. ამის გამო ადგილობრივმა მევენახეებმა, განსაკუთრებით - ოზურგეთსა და ჩოხატაურის დაბლობ ზონაში, მოსავლის 15-20% დაკარგეს. მთისწინა სოფლები ოდნავ უფრო დაცული აღმოჩნდა, მაგრამ საერთო სურათი მაინც პრობლემური იყო. გურიაში ტენიანობა ისედაც მაღალია და როდესაც ამას სიცხე მოჰყვება, სოკოვანი დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება და ხშირად ერთი დღით დაგვიანებული წამლობაც კი ვეღარ ახდენს გავლენას საბოლოო უარყოფით შედეგზე.

სამეგრელოს მსგავსად, გურიაშიც ახალი ვენახების გაშენება ბოლო წლებში დადებით ტენდენციად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით ეს პროცესი საგრძნობია ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივ ჯიშებზე — ჩხავერზე, ჯანზე, სხილათუბანზე და საკმიელაზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად მოიმატა. გურიაში, ისევე როგორც სამეგრელოში, უკვე ჩვეულ პრაქტიკად იქცა ერთი წლით ადრე ნერგების შეკვეთა, რადგან მენერგეები ხშირად ვერ ასწრებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ივლისსა და აგვისტოში ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა – ზოგ ადგილას 35-38 გრადუსამდეც ავიდა, რაც გურიის პირობებში ჩვეულზე მძიმე ეფექტს იძლევა. სიცხე დაავადებას ანელებს, მაგრამ ვაზს სტრესში აგდებს, განსაკუთრებით - ისეთ ჯიშებს, რომლებიც ტენიან კლიმატს არიან შეჩვეული. ამიტომ ბევრს შეეშინდა, რომ შემოდგომაზე მოსავალი კრიტიკულად შემცირდებოდა.

თუმცა სექტემბრის ბოლოს ამინდი უკეთესობისკენ შეიცვალა - წვიმები შემცირდა, ნიავი გაძლიერდა და რაც მთავარია, ყურძენმა შაქრიანობის დაგროვება დაიწყო. გურიაში რთველი ყოველთვის გვიანაა, განსაკუთრებით - ჩხავერისა, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვების მერე შედის მწიფობაში. გურულებმა ჩხავერი საშუალოდ 21–22 შაქრიანობით მოკრიფეს, საკმიელაში კი შაქრიანობა 20-ის ფარგლებში იყო, რაც მოსალოდნელზე უკეთესი შედეგია, წვიმიანი სეზონის ფონზე.

მესხეთი

მესხეთი ის რეგიონია, სადაც მევენახეობა საუკუნეების განმავლობაში ბუნებასთან თითქმის ასკეტური ბრძოლით არსებობს. აქ ზამთრის ყინვაც მკაცრია და ზაფხულის სიცხეც დაუნდობლად მწველი. 2025 წელი მესხეთის მევენახეობისთვის მკვეთრი კონტრასტებით გამოირჩეოდა. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სადაც აპრილისა და მაისის ხშირი ნალექები პრობლემებს ქმნიდა, მესხეთში გაზაფხული უჩვეულოდ მშრალი და ქარიანი იყო. ხშირი ქარი ჯერ კიდევ კვირტში შესულ ვაზს უქმნიდა პრობლემას.

მშრალმა ამინდებმა, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო, რომ ჭრაქი და სხვა სოკოვანი დაავადებები მინიმუმამდე შემცირებულიყო, მეორე მხრივ კი, ვაზის ვეგეტაციას შეუქმნა პრობლემა და მოსავლის რაოდენობა  გაზაფხულიდანვე შემცირების რისკის ქვეშ აღმოჩნდა.

ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში მესხეთში ტემპერატურა 35-40 გრადუსს შორის მერყეობდა, განსაკუთრებით - ასპინძასა და მოხეში, სადაც სიცხემ 40 გრადუსსაც კი გადააჭარბა. ამ პირობებში ვაზის მთავარი საფრთხე იყო მზის დამწვრობა, განსაკუთრებით - ვაზის თეთრი ჯიშების შემთხვევაში.

სექტემბრის ბოლოს მესხეთში ამინდი შეცვალა. სიცხემ დაიკლო, ღამით განსაკუთრებით აგრილდა და რთვლისთვის შესაფერისი პირობები შეიქმნა. მესხი მევენახეები ამბობენ, რომ მოსავალი მცირე ჰქონდათ, მაგრამ ხარისხიანი ყურძენი დაკრიფეს და სამომავლოდ კარგი ღვინის იმედიც აქვთ.

ქართლი

ქართლში ზომიერად ცივი და თოვლიანი ზამთრის შემდეგ, გაზაფხულზე კვირტის გამოტანას და ყვავილობას არ დაუგვიანია. მარტი თბილი და მშრალი ამინდებით გამოირჩა და თითქოს არაფერი იყო საგანგაშო. თუმცა, აპრილის დასაწყისში მდინარეების: მეჯუდას, ტანას, ლეხურასა და დასავლეთ ფრონეს ხეობებში ისევ აცივდა და ამას თანმხლებმა ძლიერმა ქარებმა მოსავლის ნაწილი კვირტის გამოტანისთანავე გააფუჭა. იყო ვენახის მოყინვის შემთხვევებიც. აპრილის ბოლოს დაიწყო წვიმიანი ამინდები, რამაც გაააქტიურა სოკოვანი დაავადებები და ქართლელი მევენახეები თითქმის მთელი მაისი და ივნისი ჭრაქს ებრძოდნენ.

თითქმის მთელს ქართლში ივლისი ცხელი იყო. თუმცა, კასპის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტებში წვიმები ივლისშიც მოვიდა. გორში ზოგიერთ მევენახე-მეღვინეს 10-11 წამლობა დასჭირდა მოსავლის გადასარჩენად, რაც ამ მხარისთვის უჩვეულოდ ბევრია.

სეტყვა წელს ქართლში ნაკლებად იყო. მაისში კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცირედ ისეტყვა, მაგრამ ამას მოსავლის რაოდენობაზე და მით უფრო - ხარისხზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

ყურძნის კრეფა ქართლელებმა სექტემბრის 20 რიცხვიდან დაიწყეს. გამოანათა თუ არა მზემ, მიჯრით 2-3 დღის მანძილზე, ვენახები მკრეფავებით გაივსო, რადგან ყველა ეშურებოდა მოსავლის დროულად დაბინავებას. მიუხედავად რთული წლისა, ქართლში რთველი მაინც შედგა.

კახეთი

ზამთარი თითქმის მთელს კახეთში ზომიერად ცივი და თოვლიანი იყო. გაზაფხულის წვიმებიც მარტში და აპრილში არ ტოვებდა საგანგაშო შთაბეჭდილებას. თუმცა, მაისში და ივნისში გახშირებულმა ნალექმა თანაბრად შეაწუხა კახეთის თითქმის ყველა სოფელი, რადგან სწორედ ამ პერიოდში მომძლავრდა სოკოვანი დაავადებები და მოსავლის საგრძნობი ნაწილიც გაანადგურა.

დედოფლისწყაროსა და სიღნაღში (ისტორიული ქიზიყი) ვითარება წელს რთვლის წინ შედარებით დამძიმდა. ქიზიყელებს გაზაფხული წვიმიანი ჰქონდათ, რამაც გამოიწვია სოკოვანი დაავადებების გააქტიურება, განსაკუთრებით კი - ჭრაქის. ჭრაქს ზოგან მოჰყვა სეტყვა, მზის რადიაცია და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ზოგიერთ ვენახში მოსავლის 80% განადგურდა.

გურჯაანში და გარეკახეთში გაზაფხულის წვიმებმა შექმნა პრობლემები, მაგრამ აქ სეტყვა წელს ნაკლებად იყო. მოსავლის ხარისხი საშუალოდ შეიძლება შეფასდეს. ჭრაქმა განსაკუთრებით ე.წ. უკანამხრის სოფლებში (ნანიანი, კაჭრეთი, კაკაბეთი, მელაანი და სხვა) იმძლავრა. თელავის მოსაზღვრე და ქალაქ გურჯაანთან ახლოს მდებარე სოფლებში კი რთვლის წინ მდგომარეობა მისაღები იყო.

რთველი კახეთში აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა. რთვლისას რქაწითლის შაქრიანობა 23-24-მდე იყო. დაახლოებით ამდენ შაქრიანობაზე დაკრიფეს საფერავიც.

იმერეთი

აპრილისა და მაისის ხშირი ნალექები მთელ დასავლეთ საქართველოში ვენახებზე უარყოფით გავლენას ახდენდა. გამონაკლისი არც იმერეთი იყო. ჭრაქის ნაადრევად გავრცელების საფრთხე იმერეთის თითქმის ყველა მხარეში დადგა. სწორედ ამიტომ ბევრ სოფელში სეზონის დასაწყისში დაცვის ღონისძიებები ჩვეულზე ადრე და უფრო ინტენსიურად დაიწყო.

მეორე მხრივ, ნალექიანი გაზაფხულის გამო, ნიადაგში ტენი კარგად შენარჩუნდა, რაც ზაფხულის განმავლობაში დადებითად აისახა იმ ადგილებზე, სადაც გვალვა ჩვეული მოვლენაა. ივნისისა და ივლისის იმერეთი ზომიერად თბილი, პერიოდულად მზიანი და პერიოდულად მოღრუბლული იყო. ტემპერატურა 28-32 გრადუსს შორის მერყეობდა, რაც ვაზისთვის საკმაოდ კომფორტული პირობებია. მხოლოდ რამდენიმე დღეს დაფიქსირდა 34-35 გრადუსამდე ტემპერატურა, მაგრამ იმერეთის მუდმივი ნიავისა და მაღალი ჰაერის ტენიანობის გამო, მზის დამწვრობის რისკი თითქმის არ ყოფილა.

აგვისტოში გრძელმა მზიანმა დღეებმა შაქრიანობის ზრდას შეუწყო ხელი, ხოლო შედარებით გრილი ღამეები ყურძენს მჟავიანობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. იმერელი მევენახეები სწორედ ამ ბალანსს აფასებენ – „არც ზედმეტად ტკბილი, არც ზედმეტად თხელი” – ასე ახასიათებენ 2025 წლის მოსავლის ციცქას და ცოლიკოურის ახალ ღვინოებს.

იმერეთში მოსავლის რაოდენობა წლეულსაც სტაბილური იყო, დანაკარგები კი - მინიმალური.

რაჭა-ლეჩხუმი

რაჭა-ლეჩხუმში იყო სოფლები, სადაც მოსავალიც ბევრი მიიღეს და არც ყურძნის ხარისხიანობას უჩივიან. თუმცა, ზოგიერთ სოფელში (განსაკუთრებით - ცხენისწყლის და ლაჯანას ხეობაში) ზაფხულში ჭრაქმა, შემოდგომისას კი ხშირმა წვიმებმა მოსავალი ძლიერ დააზიანა.

რაჭა-ლეჩხუმში გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი ამინდის ცვალებადობით გამოირჩეოდა. გაზაფხულზე მზიან ამინდებს 2-3 დღიანი წვიმა ცვლიდა, ზაფხულში კი ლეჩხუმელები გვალვამ შეაწუხა. შემოდგომაზე, რთვლის აქტიურ ფაზაში, მოსავლის დაზიანების საფრთხე წვიმებმა შექმნეს და ამის გამო, მაგალითად, ხვანჭკარის მიკროზონის სოფლებში (ხვანჭკარა, სადმელი, ბუგეული, ჩორჯო და სხვა) დაგეგმილი რთველი დაახლოებით 8 დღით გადავადდა.

რაჭველმა და ლეჩხუმელმა მევენახეებმა წელს მეტი მოქნილობა გამოიჩინეს  - ზოგან აუცილებელი გახდა რთველი ნაადრევად დაწყებულიყო, რათა თავიდან აეცილებინათ ღვინის ხარისხზე ამინდის არასასურველი გავლენა.

მევენახეებმა, ძველი ტრადიციისამებრ, წელსაც გამოიყენეს ე.წ. შერჩევითი რთვლის პრაქტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ პერიოდულად კრეფდნენ იმ ჯიშის ყურძენს, რომელსაც შაქრიანობა შედარებით მაღალი ჰქონდა.

აჭარა

გაზაფხული აჭარაში ნოტიო იყო. აპრილსა და მაისში წვიმა თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ასეთ პირობებში სოკოვანი დაავადებების რისკი ძალზე მაღალია. ამიტომ მევენახეებს სეზონის დასაწყისშივე მოუხდათ წამლის ხშირი შესხურებები და მუდმივი ყურადღება სჭირდებოდათ, რათა დაავადებები არ „გაჰქცეოდათ“. მიუხედავად ამისა, გაზაფხულის ტენიანობამ ვაზის ბალანსირებული ზრდა უზრუნველყო და ვეგეტაცია არ  შეფერხებულა.

ივნისის ბოლოს და ივლისში ქედაში სტაბილური, მზიანი და შედარებით თბილი ამინდები გამოვიდა. ტემპერატურა 26-30 გრადუსს შორის მერყეობდა. მხოლოდ აგვისტოს ბოლოს დაფიქსირდა ტემპერატურის მკვეთრი მატება და რამდენიმე დღით 33-34 გრადუსსაც გადააჭარბა. თუმცა, ამას განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

სექტემბრის დასაწყისმა აჭარაში ტრადიციული შემოდგომის სიგრილე მოიტანა. ღამეები საგრძნობლად გაცივდა, დღისით კი მზიანი, მაგრამ რბილი ამინდები იდგა - სწორედ ისეთი, რაც რთვლისთვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. მაღალმთიან აჭარაში რთველი ტრადიციულად  გვიან დაიწყო, ქვედა ზონებში კი უკვე ნოემბრის პირველ ნახევარში ჩხავერი  მზად იყო დასაკრეფად.

2025 წლის ყურძნის  მოსავალი აჭარაში რაოდენობით საშუალო იყო, მაგრამ სამომავლო ღვინის ხარისხის მხრივ ადგილობრივებს დიდი იმედი აქვთ. ქედელები ამბობენ, რომ წელს ჩხავერმა შაქრიანობა და მჟავიანობა კარგ თანაფარდობაში შეინარჩუნა და ბრიქსით 22-მდე ჰქონდა შაქრის კონცენტრაცია, როდესაც დაკრიფეს.

რთვლის მიმოხილვას მალხაზ ხარბედია და ლევან სეფისკვერაძე წლების მანძილზე (2007 წლიდან) ამზადებდნენ ქართველი მევენახეების, მეღვინეებისა და ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გარდა ამისა, სარგებლობდნენ ოფიციალური მონაცემებითაც (გარემოს ეროვნული სააგენტოს აგრომეტეოროლოგიური ბიულეტენი და სხვ.).

© ღვინის კლუბი/vinoge.com

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა