Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2025 - ტრადიციული პრობლემები და იმედები კახეთში

ლევან სეფისკვერაძე

საქართველოში რთველი, როგორც წესი, კახეთიდან იწყება. რეგიონის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ყურძნის მოსავალი უკვე დაბინავდა, ზოგან კი ახლა არის აქტიურ ფაზაში. რთვლის მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად ცნობებს ავრცელებს ღვინის ეროვნული სააგენტოს რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც კახელი მევენახე-მეღვინეებისთვის სოფელ გურჯაანშია გახსნილი.

წლევანდელ წელს მევენახეები შარშანდელ წელსაც ადარებენ. კახეთის რეგიონისთვის 2024 წელი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო მოსავლის წლად ითვლება. 2025 წელიც საიმედოდ დაიწყო. ზამთარი თითქმის მთელს კახეთში ზომიერად ცივი და თოვლიანი იყო. გაზაფხულის წვიმებიც მარტში და აპრილში არ ტოვებდა საგანგაშო შთაბეჭდილებას. თუმცა, მაისში და ივნისში გახშირებულმა ნალექმა თანაბრად შეაწუხა კახეთის თითქმის ყველა სოფელი, რადგან სწორედ ამ პერიოდში მომძლავრდა სოკოვანი დაავადებები და მოსავლის საგრძნობი ნაწილიც გაანადგურა.

დედოფლისწყაროსა და სიღნაღში (ისტორიული ქიზიყი) ვითარება წელს რთვლის წინ შედარებით მძიმეა. ქიზიყელებს გაზაფხული წვიმიანი ჰქონდათ, რამაც გამოიწვია სოკოვანი დაავადებების გააქტიურება, განსაკუთრებით კი - ჭრაქის. ჭრაქს ზოგან მოჰყვა სეტყვა, მზის რადიაცია და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ზოგიერთ ვენახში მოსავლის 80% განადგურდა.

დავით მოსულიშვილი, მარანიდანო“: „ჩვენთან, ქვემო მაჩხაანის ვენახებში, მოსავლის 80% დავკარგეთ და მხოლოდ მცირე რაოდენობით ყურძენს დავკრეფთ. თუმცა, რაც გადარჩა, ის კი ჯერჯერობით კარგ კონდიციაშია, მაგრამ ახლა ისევ წვიმა აგრძელებს შემოტევას, რაც ზრდის ყურძნის დაზიანების რისკს. თუმცა ჩვენ ვერთგულობთ დევიზს - „ყველაფერი ან არაფერი“ და ამ პრინციპის ერთგულები ვრჩებით ბოლომდე. მითუმეტეს, რომ ჩვენ ყურძენს არ ვყიდულობთ და უმოსავლო წელი ძალიან ცუდ დღეში გვაგდებს. მჯერა, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება! ყველას ვუსურვებ კარგ მოსავალს და მშვიდ დუღილს“.

გურჯაანშიც გაზაფხულის წვიმებმა შექმნა პრობლემები, მაგრამ აქ სეტყვა წელს ნაკლებად იყო. მოსავლის ხარისხი საშუალოდ შეიძლება შეფასდეს. ჭრაქმა განსაკუთრებით ე.წ. უკანამხრის სოფლებში (ნანიანი, კაჭრეთი, კაკაბეთი, მელაანი და სხვა) იმძლავრა. თელავის მოსაზღვრე და ქალაქ გურჯაანთან ახლოს მდებარე სოფლებში კი რთვლის წინ მდგომარეობა მისაღები იყო.

გივი აბაშიძე, „გიო პაპას მარანი“: „გურჯაანის სოფელ შაშიანში და ვაზისუბანში წელი კარგად მიდიოდა, მაგრამ რთვლის წინ დიდი წვიმებია მოსალოდნელი და ჯერ კონდიციაში არ არის ყურძენი რომ დავკრიფოთ. სავარაუდოდ 20 სექტემბრიდან ველოდებით ამინდების გამოსწორებას და დავიწყებთ კრეფას. წელს ყურძნის ხარისხი კარგია. უნდა დავკრიფოთ ქისი, მწვანე, რქაწითელი და საფერავი. ასევე გვაქვს ცოტა კახური მცვივანი და ჩიტისთვალა. ვისაც ბიომეურნეობა აქვს, წელს იმათ გაუჭირდათ შედარებით. ვენახში ჰერბიციდი არ შემაქვს და ძირითადად, ბორდო ნარევს ვხმარობ, მაგრამ ნაცარზე და ჭიაზე სამწუხაროდ, მაინც მიწევს პესტიციდების და ინსექტიციდების შეტანა“.

კახეთის მევენახეების მთავარი მტერი - სეტყვა წელს მხოლოდ რამდენიმე სოფელს შეეხო. მაგალითად, წელს თელავის ზოგიერთ სოფელში სეტყვა ზედ რთვლის წინ მოვიდა. თელავში ასეთი გამოთქმაც არსებობს - ალავერდობამდე არ თქვა, რომ ვენახი გადაგირჩაო, ანუ მიიჩნევენ რომ სექტემბრის 26-28-მდე ყველაფერია მოსალოდნელი.

თაკო ჟურული, „ჟუკა-სანოს მარანი“, სოფელი რუისპირი: „ძალიან ძნელია დამწიფებული ვენახი რომ დაგესეტყვება. სულ რამდენიმე დღის წინ, რიგებში დავდიოდი და უკვე წარმოვიდგენდი რთველს, სახლში რომ „მიგყავს“, სახლში რომ „გყავს“ მთელი მოსავალი. ეგეთი სიმყუდროვის შეგრძნება სხვა არ არსებობს. ძალიან კარგი ზაფხული გვქონდა წელს, თანამიმდევრული, ზომიერად სიცხეც, გვალვაც და გაწვიმებებიც. ისეთი კარგი სანახავი იყო ჩემი ვენახის რიგები, სავსე და ჯანმრთელი. ერთხანს შეგვაწუხა მხოლოდ ნაცარმა. ვიბრძოლეთ, როგორც შეგვეძლო. სწორედ ნაცრისგან დაზიანებული მტევნების ან მარცვლების მოსაშორებლად დავდივარ ყოველ დილას ვენახში და პატარა მაკრატლით ვაჭრი ზედვე. ხვალიდან მომიწევს დასეტყვილი ნაწილების მოშორებაზე ზრუნვაც, რათა რთვლამდე გავასუფთაო რქაწითელიც, იყალთოს წითელიც და მწვანეც. ვეცდები, რომ დავეხმარო, გამოვაჯანმრთელო და ისე დავკრიფო. ჯერ დრო მაქვს. შაქარი ყურძენში 18-19-მდეა. შარშან, როგორც ჩანაწერებში ვნახე, 27%-ზე ჰქონდა შაქარი იყალთოს წითელს 21 სექტემბერს, რთვლის დღეს. წელს თითქოს უფრო გვიან შემოდის ყველაფერი. 13 სექტემბერია და 20-მდეც არ ასულა შაქრები“.

გარეკახეთში წელი კარგად დაიწყო. შედარებით გრილმა ამინდებმა ნაადრევი ჭრაქის საფრთხე მოხსნა და ვაზი ყვავილობაში კარგად შევიდა. აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ივნისის დიდი ქარებია, რომელიც ზუსტად ყვავილობას უწევს ხოლმე. განსაკუთრებით საფერავია ამ მხრივ მოწყვლადი. ვენახები ყვავილიდან კარგად გამოვიდა და როდესაც მოსავალს თითქმის აღარაფერი ემუქრებოდა, ივლისის დასაწყისში გააქტიურდა ჭრაქი და ნაცარი.

გიორგი მღებრიშვილი, „მღებრიშვილების მარანი“: „ჩვენ ნინოწმინდაში ვენახს ორგანული წესით ვუვლით. ვხმარობთ მხოლოდ ფრანგულ ბორდოს ნარევს და სველებად გოგირდს. აღარ ვაპირებდით შეწამლვას, მაგრამ ივლისის შუაში ბოლოს და მაინც მოგვიწია. ძალიან კარგად იმუშავა გოგირდმა, განსაკუთრებით - ქისზე. საფერავს უფრო მოგვიანებით გაუჭირდა. საბოლოო ჯამში, ამ უცნაური წლის პირობებზე მოსავალი მაინც კარგი მოვიდა. ფრანგულმა ბორდოს ნარევმა ჭრაქი დაძლია. დანაკარგი მინიმალურია. ამჯერად უკვე ახალი პრობლემაა წვიმები ზედ რთვლის წინ. ქისი უკვე დასაკრეფ კონდიციასთან იყო, დაახლოებით 20-მდე შაქრით, ბრიქსით. საფერავი იყო 18-19. ზოგადად ამ პერიოდში 15 სექტემბრისთვის ჩვენ წესით ქისი უკვე დაკრეფილი გვაქვს, საფერავს კი ვკრეფთ, მაგრამ წელს წვიმებმა ძალიან გადაწია რთველი და ალბათ, კვირის ბოლოს უკვე საფერავი და ქისიც საუკეთესო კონდიციაში იქნება. პრობლემა ამჯერად საფერავის დროულად ჩაბარებაა, რადგან წვიმებისგან წვენი აიღო და გვეშინია შემდეგ მზეზე, როგორც საფერავს სჩვევია, უცბად არ დაიწყოს გაფუჭება. მთლიანობაში წლევანდელ წელს არ ვემდურით. მაინც მოვახერხეთ პრობლემებთან გამკლავება“.

ყვარელში უხვი ნალექი ივნისშიც მოვიდა. ხშირმა წვიმამ ბევრი ვენახი გააფუჭა. მოსავლის დაახლოებით 40% ჭრაქმა „შეჭამა“, რადგან ხშირად მევენახე დროულად ვერ ასწრებდა ვენახის წამლობას. ივლისიდან იყო ინტენსიური მზე, რამაც გვალვა გამოიწვია. ადგილობრივების თქმით, ძველი ვენახები უფრო გამძლე და მდგრადი გამოდგნენ გვალვის მიმართ.

აკაკი გელოვანი, მარანიგელოვანი“: „ვინც სწორ დროს დაკრიფა ყურძენი, მისთვის ჩემი აზრით, ძალიან კარგი და საინტერესო წელი უნდა იყოს. ვაზის მოვლის დროსაც სისწრაფეს და დროულ რეაგირებას, დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლაც მარანში ვარ და ახალი მოსავლის ღვინოს ვურევ. დანარჩენი ამ წლის ამბები გამოჩნდება შემდეგში, როდესაც დაღვინდება და ბოთლში ჩამოვასხამ“.

ყვარელში ზოგ მევენახეს რთველი 1 სექტემბერს ჰქონდა, რაც ამ მხარეში იშვიათად ხდება.

რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა მევენახის მოუცლელობით და უყურადღებობით იკარგება მოსავალი და ამინდს, ბუნებას არაფერი დაუშავებია. თუმცა, როცა გადაუღებელი წვიმებია, მევენახეს მწიფობაში შესული მოსავალი შეიძლება მთლიანად დაულპეს.

გასულ წელს ასე იყო მევენახე გიორგი იორამაშვილი, რომელსაც ვენახი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში აქვს. მას ახალშენი ვენახიდან 2024 წელს უნდა მიეღო პირველი მოსავალი, მაგრამ რთვლის წინა დღეებში მოსული გადაუღებელი წვიმის გამო მხოლოდ 100 კილოგრამამდე ყურძენი დაკრიფა. მევენახეს იმედი აქვს, რომ შარშანდელი გამოცდილება მისთვის გაკვეთილად გამოდგება.

გიორგი იორამაშვილი: „შარშანდელი წლის გახსენებაც არ მინდა. მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მოსავალი ჭრაქსა და ნაცარს გამოვარიდე. რთვლის წინა დღეებში მოსულმა წვიმამ მოსავალი სულ გამიფუჭა. წელს მდგომარეობა ბევრად კარგია. მსხმოიარობასაც არ ვუჩივი და რაკი სიმწიფეც დროულად დადგა, ვფიქრობ, რაც შეიძლება მალე დავკრიფო. ახმეტაში წლევანდელი მოსავლის რაოდენობა და ხარისხი საშუალოა. შარშანდელს ვერ შეედრება, მაგრამ 2023 წელთან შედარებით მაინც არა უშავს“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრისთვის მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 3000-მდე მევენახემ ჩააბარა. თითქმის სრულად დაბინავდა 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი, რომელსაც სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 1 კილოგრამს 1 ლარად იბარებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა