
ლევან სეფისკვერაძე
ვაზის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა მევენახე-მეღვინეების ყოველწლიური სამუშაო რუტინაა. ვეგეტაციის დაწყებიდან ზაფხულის მიწურულამდე ვენახები სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების დასაცავად და მავნებლების წინააღმდეგ სხვადასხვა პრეპარატებით იწამლება. დაავადებებთან საბრძოლველად მევენახეთა დიდი ნაწილი სისტემური მოქმედების პრეპარატებს იყენებს, ორგანული მევენახეობის მიმდევრები კი ვენახებს მხოლოდ კონტაქტური პრეპარატებით წამლიან. საბოლოოდ, რთვლის წინ, დაავადებებთან ბრძოლის შედეგები იმის მიხედვით ჯამდება, თუ როგორი წელიწადი იყო და რა ამინდები განაპირობებდა მევენახეთა სამუშაო დღის წესრიგს.
2025 წლის ზამთარი მთელს საქართველოში თოვლიანი და ცივი იყო. დასავლეთ საქართველოს დიდთოვლობის გადატანაც კი მოუხდა. გაზაფხული იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ნაადრევად დადგა და ყინვებმა ვენახებში ახალგამოტანილი კვირტები გააფუჭა. თუმცა, ამას მასშტაბური სახე არ მიუღია.
მაღალმა ტენიანობამ და მისმა თანმხლებმა წვიმებმა მარტიდან - მაისამდე ჭრაქის გავრცელების მაღალი რისკები შექმნა. ამას შემდეგ ცხელი პერიოდი მოჰყვა და ჭრაქი მოსავლის 30-40-%-ის დაკარგვის მიზეზი გახდა. არის ადგილები (მაგალითად - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი), სადაც ჭრაქის საწინააღმდეგო წამლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ბაღდათსა და ვანში სანამ გახშირებული წვიმები დაიწყებოდა, მარტის დასაწყისში ვენახები გაზაფხულის ყინვამ დააზიანა. ჭრაქისგან განსხვავებით, ნაცარი იმერეთში წელს თითქმის არ ყოფილა, მაგრამ ეს კარგი წლით არ იყო განპირობებული.
ვახტანგ მშვილდაძე, „ბაღდათის მამულები“. „ძალიან ცუდი გაზაფხული იყო. ცვალებადი ამინდი და სიცივე. სიცივე გადმოჰყვა ივლისის დასაწყისამდე. ვიყენებდით კონტაქტურ პრეპარატებს - „კოსაიდს“, ნორდოქსს“, სველებად გოგირდს, კირს. მავნებლების წინააღმდეგ - „ლეპიდინს“, „ტურინგენს“ და ნიმის ზეთს. მაინც დაარტყა ჭრაქმა და განსაკუთრებით ძელშავი და ოცხანური დაზარალდა. ცოლიკოური, ციცქა და ადანასური უკეთესადაა“.
უჭირთ თერჯოლელებსაც, სადაც მოსავლის ნაწილის დაკარგვაზე საუბრობენ. ზესტაფონში, ზომიერად თბილი ზამთრის შემდეგ, ნესტმა და წვიმებმა მოსავლის მინიმუმ ნახევარი მაინც გააფუჭა.
ლაშა გურული, მარანი „ენკენი“: „პირველი სტრესი იმერეთში ვაზმა მარტის ყინვებისას მიიღო, როცა კვირტში გამოსვლისას მოუსწრო და გარკვეული რაოდენობა განადგურდა. შემდეგი გამოწვევა კი იყო ივლისის დასაწყისში ჭარბი ნალექისგან წარმოქმნილი ჭრაქი. ორგანული მევენახეობის მიმდევრებისთვის განსაკუთრებით ცუდი აღმოჩნდა ეს, რადგან ასევე დანაკარგების ფასად დაგვიჯდა. უფრო გამძლე გამოდგა ცოლიკოური, ხოლო კრახუნა და ციცქა თეთრი ჯიშებიდან მნიშვნელოვნად დააზარალა ამ სოკოვანმა დაავადებამ. ხაზს ვუსვამ, საუბარია კონტაქტური პრეპარატებით შეწამლულ ვაზზე. ვფიქრობ, 2025 წლის რთველი 2023 წლის რთვლის მსგავსი იქნება - მცირემოსავლიანი და ყურძნის ფასიც შესაბამისად შარშანდელზე მაღალი იქნება“
ადრიან გაზაფხულზე დაწყებული გახშირებული წვიმები და ამის თანმდევი სოკოვანი დაავადებების კატასტროფული გავრცელება კახეთის ვენახების მთავარი მტერი იყო. ფაქტობრივად, არ დარჩა ვენახი, რომლის მოსავლის 20-30% მაინც რომ არ გაფუჭებულიყო. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში შეიქმნა. მევენახე-მეღვინე რეზო გეთიაშვილის თქმით, კაჭრეთში და მის შემოგარენში ადგილობრივებმა თეთრი ყურძნის მოსავალი დაკარგეს, საფერავი შედარებით გადარჩა. თელავში ჭრაქმა ყვავილშივე გააფუჭა მოსავალი. ფოთლები საღი იყო და მტევნები დაავადებული. შემდეგ, როცა დაიყვავილა, გადარჩენილი მტევნები უფრო გამოჩნდა.
იზარალეს შიდა ქართლელებმა. განსაკუთრებით კი მცხეთელმა და კასპელმა მევენახე-მეღვინეებმა. ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მოხშირებული ნალექების პარალელურად სწრაფ რეაგირებას და წვიმის დასრულებისთანავე შეწამვლას. ეს, გარდა იმისა, რომ რთულად დასაგეგმი და განსახორციელებელია, დიდი ეფექტითაც შეიძლება ვერ გამოირჩეს.
მეღვინე იაგო ბიტარიშვილის თქმით, 2025 წლის მაისსა და ივნისში იყო პერიოდები, როდესაც მაგალითად სამი დღე წვიმდა, შემდეგ ერთ დილას გადაიღო, მევენახემ სასწრაფოდ მიასხა ვაზს წამალი, მაგრამ იმავე საღამოს ან მეორე დღეს ისევ წვიმა დაიწყო და წამლობამ ყოველგვარი აზრი დაკარგა.
2025 წელი რთულია ქვემო ქართლელებისთვისაც. დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ვენახები ჭრაქმა სერიოზულად დააზიანა.
რაჭაში ცივი ზამთარი ჰქონდათ, რასაც ამ რეგიონისათვის ნაკლებად დამახასიათებელი თბილი გაზაფხული მოჰყვა. იანვარი-თებერვლის პერიოდში გამოცდილი რაჭველი მევენახეები, კლიმატზე და ამინდზე დაკვირვებიდან გამომდინარე, შიშობდნენ, რომ 2025 რთული წელი იქნებოდა. მართლაც, აპრილიდან დაიწყო გაუთავებელი წვიმები. რაჭაში ვეგეტაციის პერიოდი ვენახებში მაისის ბოლოს დაიწყო, მაგრამ ივნისის უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად გააფუჭა ვენახი.
როგორც მევენახე-მეღვინე გურგენ მაისურაძემ გვითხრა, მაისიდან მოყოლებული რაჭაში, რიონის ორივე სანაპიროზე მდებარე ვენახებში მასობრივად გავრცელდა ჭრაქი. ზოგმა ბეჯითმა მევენახემ მეტ-ნაკლებად შეძლო ვენახის გადარჩენა, მაგრამ ივნისის დასაწყისში გვალვამ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია.
საქართველოს მევენახე-მეღვინეობით ცნობილ სხვა კუთხეებთან შედარებით, კარგი მდგომარეობა იყო ლეჩხუმში. ლეჩხუმელები ამას იმით ხსნიან, რომ მათი ვენახების დიდი ნაწილი ისეთ ადგილებშია, სადაც ქარი მუდმივად ქრის და ვენახები ნიავდება, რაც სოკოვანი დაავადებების საფრთხეს გარკვეულწილად ამცირებს. 2025 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში მოხშირებული წვიმები არც ლეჩხუმს დაჰკლებია. ადრიან გაზაფხულზე ორბელსა და ცაგერში ვენახის მოყინვის შემთხვევებიც იყო. თუმცა, ამით გამოწვეული ზარალი 3-5%-ზე მეტი არ ყოფილა.
მესხეთი, ფაქტობრივად, ერთადერთი მხარეა, სადაც 2025 წელი კარგად მიდის და მევენახეებს საწუწუნო არაფერი აქვთ. ადიგენსა და ახალციხეში ყვავილობა დროულად დაიწყო, წვიმებიც მცირე იყო და წამლობაც ხშირად არ სჭირდებოდა ვაზს.
ბაქარ ლონდარიძე, მესხი მევენახე-მეღვინე: „შარშან მესხური მწვანის საერთოდ ყველა მტევანი გაფუჭდა. მიზეზი ჭრაქი და ნაცარი იყო. წელს ბევრად კარგი მდგომარეობაა. ეგ კი არა, აქამდე ვენახი ჯერ მხოლოდ ერთხელ მაქვს შეწამლული ჭრაქზე და ნაცარზე. მოსავალსაც კარგს ველოდებით და აწი ვნახოთ რა იქნება“.
2025 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, თითქმის მთელი სამეგრელო და გურია წვიმის და წვიმის თანმდევი სოკოვანი დაავადებების გამო გაწვალდა. მარტვილსა და წალენჯიხაში მაისში დაწყებული წვიმები ზაფხულის შუამდე გაგრძელდა, რამაც ჭრაქი განსაკუთრებულად გააძლიერა და როგორც მეგრელი და გურული მევენახეები ამბობენ, ყველაზე მეტად ახალგაზრდა ვენახებს გაუჭირდათ. აქაურმა მევენახეებმა წელს მოსავლის დაახლოებით 40% დაკარგეს.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ვაზის დაავადებებთან ბრძოლის შედეგების შეჯამება რთველის წინ ხდება. რთველი საქართველოში კახეთიდან იწყება, კერძოდ - დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვენახებიდან. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კი ყურძენი ნოემბერშიც კი იკრიფება. ასე რომ, წინ კიდევ რამდენიმე თვეა და მნიშვნელოვანია, მევენახეებმა მოსავლის გადარჩენილი ნაწილი შეინარჩუნონ და მარნამდე მიიტანონ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი