Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

პაატა შარაშენიძე: "ოყურეშში გლეხმაც გაიგო ხარისხიანი ღვინის ფასი"

ლევან სეფისკვერაძე

კომპანია „უსახელაურის ვენახების“ დამფუძნებელი, პაატა შარაშენიძე დედით ლეჩხუმელია და რა გასაკვირია, რომ უსახელოურის უნიკალურ ღვინოსთან შეხება ბავშვობიდან ქონდა. მას სავენახე მიწა ბაბუამ დაუტოვა და დღეს სწორედ ამ მიწაზე გაშენებულ ვენახში მოწეული ყურძნისგან დაყენებულ ღვინოს სთავაზობს ნახევრადტკბილი, წითელი ღვინის მოყვარულებს. გეგმავს ვენახების გაფართოებას და წარმოებული ღვინის რაოდენობის გაზრდას.

კომპანია "უსახელაურის ვენახები" ოყურეშში საერთო ჯამში სხვადასხვა ასაკის 3 ჰექტარ უსახელოურის ვენახს ფლობს. პაატა შარაშენიძის თქმით, ვაზის ეს ჯიში მცირე მოსავლიანობით გამოირჩევა და პირველ სრულყოფილ მოსავალს 7 წლის შემდეგ იძლევა. ვენახები გაშენებულია ისეთ დაფერდებულ ადგილებზე, სადაც ზოგან გლეხები ბაწრებით ჩაბმულები თოხნიან. მთელი ფართობი ბარით და თოხით, ყოველგვარი მექანიზაციის გარეშე მუშავდება. ღვინოსთვის ხელით გადარჩეული ყურძენი იწურება. 

პაატა შარაშენიძე, კომპანია „უსახელაურის ვენახების“ დამფუძნებელი: „მე წარმოშობით დედის მხრიდან ოყურეშიდან ვარ - უსახელაურის სამშობლოდან. ჩემი დიდი ბაბუა ყველაზე დიდი მევენახე იყო უსახელაურის (სოფელში უსახელოურს ეძახიან, იცი ალბათ). მოხდა ისე, რომ ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, 30-იანებში, დიდ ბაბუას თითქმის ყველა მიწა და ვენახი ჩამოართვეს. ჩემს ბაბუას (დედის მამა) ისე მოხდა, რომ ბიჭი არ დარჩა (ტრაგიკულად დაიღუპა, ახალგაზრდა) და ეს ოჯახიც და ცოტა საუსახელაურე მიწებიც ბაბუამ მე დამიტოვა 1988 წელს, როცა გარდაიცვალა. თუმცა, უსახელაურის გაშენებას დიდი ფინანსები და, რაც მთავარია, დიდი ენთუზიაზმი სჭირდებოდა. 2003 წელს მე და ჩემმა ადგილობრივმა მეგობრებმა ერთობლივად დავიწყეთ ამ ჯიშის ვაზის გაშენება“.

- როგორ აყენებთ ღვინოს და უსახელოურის გარდა თუ გეგმავთ სხვა ღვინის დაყენებას?

- ღვინოს ნახევრადტკბილად ვაყენებ - ეს უფრო მეტად კომერციული ღვინოა. მოგეხსენებათ, რამდენი ხარჯი აქვს მეღვინეობის კომპანიას. 2011 წელს დავაყენე ძალიან ცოტა მშრალი უსახელაური. საოცრებაა! არ იყო საშუალება კასრში ან ქვევრში დაძველების. ნამდვილად ყველა რეკორდს მოხსნიდა. შარშან პირველი მოსავალი მივიღე ჩემს ქარხანაში, წლეულს უკვე ვაპირებ მშრალი უსახელაურის დაყენებას. 2015 წელს ჩვენმა სამეგობრო-მევენახე ჯგუფმა გავაშენეთ ცოლიკაური 5 ჰა ჩვენს თემში, მეზობელ სოფელში, შარშან ნიშანი მოგვცა ძალიან საიმედო, წელს პირველ მოსავალს მივიღებთ. ვნახოთ.

- ლეჩხუმზე და უსახელოურზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. თქვენ რას გვეტყვით? რითაა გამორჩეული ეს რეგიონი და ეს ღვინო?

- ლეჩხუმი მთიანი რეგიონია, მაგრამ - დაბალი მთიანეთი (400-600 მეტრი ზღვის დონიდან, სადაც ვაზი ხარობს). კონტრასტულია და ალაგ-ალაგ ჩაკეტილ, დახურულ სივრცეებს ვიღებთ - ე.წ. ქვაბულებს, სადაც არ არის დიდი ქარები და დაბალი ტემპერატურა. თუმცა, ღამით საკმაოდ გრილა. ასეთი ქვაბულებია ამბროლაური და ცაგერი, ასევე ცალკე მცირე ქვაბულია ოყურეში, რაც ქმნის იმ მიკროკლიმატს, უფრო სწორედ - მთლიანად ტერუარს, სადაც საოცარი ღვინოები დგება. ეს მოკლედ...

- როგორც ცნობილია უსახელოური ყველაზე ძვირფასი ქართული ღვინოა. უცხოელები ინტერესდებიან ამ ღვინით?

- გააჩნია ვის ვუწოდებთ უცხოელებს. ღვინო როცა ნახევრადტკბილია, ძირითადად აინტერესებთ რუსებს, უკრაინელებს, ასევე - ჩინელებს. ევროპაში ამ ღვინოზე მოთხოვნა არ არის. ევროპელი ღვინის მცოდნეები არ თვლიან სრულფასოვან ღვინოდ ნახევრადტკბილ ღვინოს.

- თქვენი დაკვირვებით, ლეჩხუმში რამდენად გაიზარდა გლეხების მიერ წარმოებული ღვინის ხარისხი?

- ყველაფერს განსაზღვრავს მოტივაცია. გლეხმაც დაინახა, რომ მისი მეზობელი უკეთესად ყიდის ღვინოს, რადგან მას ხარისხიანს ამზადებს. ამან ძალიან აამაღლა ღვინის ხარისხი. თუმცა, მოგეხსენება, ნახევრადტკბილ ღვინოს საკმაოდ ძვირი ტექნიკა სჭირდება ცივად შესანახად და ეს მოქმედებს ხარისხზე.

- რას ეტყოდით ღვინის მოყვარულებს. რატომ უნდა დალიონ მათ უსახელოურის ღვინო?

- საინტერესო ღვინოა, განსაკუთრებით - მათთვის, ვისაც ნახევრადტკბილი ღვინო მოსწონს. უსახელაური ძალიან მაღალმჟავიანი და მაღალშაქრიანი ყურძენია, საოცარი ნაზავია ამ სიმჟავის და შაქრის ერთობა და ძალიან ბევრი ტყის კენკრების გემოები.

- რომელ კერძებს შეუხამებდით თქვენს მიერ წარმოებულ ღვინოს?

- დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ... ალბათ - არცერთ კერძს. თავად არის უსახელაური კერძი.

- თქვენს მხარეში სავენახე მიწები ძალიან გაძვირდა?

- რთული საქმეა... ძალიან გაძვირდა მიწები ჩემს სოფელში. 1 კვ.მ სავენახე მიწის ფასი (თუ არის სადმე გასაყიდი) 40 დოლარია უკვე. ამ ბოლო დროს გლეხობამ დაიწყო გაშენებული პატარა ვენახების გაყიდვა და 1 ძირ უსახელაურის ლერწს 50-100 დოლარად ყიდიან. ასე რომ, ყველას ვურჩევდი ჯერ ფინანსურად მოემზადონ ამ საქმისთვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა