Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

მუშახელის პრობლემა ვენახსა და მარანში

ლევან სეფისკვერაძე

ვენახის მოვლა როგორი შრომატევადი და რთულია, ეს მხოლოდ იმ ადამიანებმა იციან, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუტარებია დღე ვენახში, თანაც - გვალვაში, წვიმასა თუ სიცივეში. ვისაც პატარა ვენახი აქვს, შეუძლია მხოლოდ საკუთარი ძალებითა და ფიზიკური შრომით ან ოჯახის წევრების დახმარებით მოუაროს ვენახს მთელი წლის განმავლობაში. ხოლო ვენახის მოცულობა როცა დიდია, მევენახე-მეღვინეს სხვა საქმეებიც აქვს ან უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია ვენახის სრულყოფილად მოვლა, მუდამ ჭირდება დამხმარე როგორც ვენახში, ასევე ღვინის დაყენებისას.

მევენახეობა-მეღვინეობა მხოლოდ ბუნების სიყვარულს და ღვინის რომანტიზებას არ ნიშნავს. ეს ბიზნესია, რომელიც განუწყვეტელ შრომას, ლოჯისტიკას, ადამიანურ რესურსებსა და ორგანიზებას მოითხოვს. თანამედროვე მევენახე ერთდროულად მეწარმეცაა, მენეჯერიც და კრიზისების აღმრიცხველიც. მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სწორედ მუშახელის სერიოზული დეფიციტია.

ბოლო წლებში ევროპაში, ამერიკაში და საქართველოშიც ვენახის მფლობელთა საერთო წუხილია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ქალაქისკენ მასობრივი მიგრაცია. ფიზიკური შრომის მიმართ ინტერესის კლება და სოციალური სტიგმა მძიმე სამუშაოს მიმართ მევენახეს რთულ ვითარებაში აყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმუშევრობა მოუგვარებელ პრობლემად ითვლება, ჩვენს ქვეყანაში ყველა კუთხეში ჭირს ვენახსა თუ მარანში სრულფასოვანი დამხმარე მუშახელის მოძიება. ამის მიზეზი პირველყოვლისა ისაა, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქვეყნიდან საზღვარგარეთაა წასული სეზონურ თუ მუდმივ სამუშაოებზე. ბევრი იმიზეზებს საქართველოში ვენახში დამხმარეთათვის დაწესებულ დაბალ ანაზღაურებას, ზოგს კი უბრალოდ არ სურს ფიზიკური გარჯა და სოციალური შემწეობით და სხვა სახელმწიფო მცირე ბენეფიტებით ცდილობს არსებობას.

ქართველი მევენახე-მეღვინეები კვალიფიციური მუშახელის სიმცირეს სხვადასხვა გზით აბალანსებენ. მაგალითად, გარეკახეთში არსებული მარნის, „ველინოს“ დამფუძნებელი ბექა ჯიმშელაძე ცდილობს ამ საქმეში მთელი მისი ოჯახი ჩართოს, საკუთარი თავიც არ დაზოგოს და მათი ძალებით ჩაატარონ ყველა ოპერაცია. ბექა ამბობს, რომ ასე ხარისხიც გარანტირებული აქვს და პრობლემებსაც ირიდებს თავიდან.

დაცარიელებულ რაჭაში ძალიან უჭირს მუშახელის მოძიება მეღვინე ქალს, შორენა პატარიძეს, მაგრამ პირადი ნაცნობობისა და ანაზღაურების გაზრდის პირობით, მაინც ახერხებს რაჭიდან თუ არა, იმერეთიდან ადამიანების აყვანას, რათა სხვლაში, წამლობასა თუ მწვანე სამუშაოებში დაიხმაროს. გურჯაანელი მევენახეების ნაწილი კახეთში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების ბრიგადებს იშველიებს და რამდენიმე თვით ადრე უთანხმდება ამ ადამიანებს. შიდა თუ გარე მიგრაციის გამო გურიაში და იმერეთში მოსახლეობის სიმცირეა, მაგრამ დღემდე არსებობს ნადის კულტურა, როცა მეზობლები ერთმანეთს ეხმარებიან. თუმცა, ვაზის მოვლა ფაქიზი საქმეა და კოლექტიურ შრომას ამ საქმეში ხშირად არცთუ კარგი შედეგები მოაქვს.

ვენახში სამუშაო არ არის მხოლოდ ყურძნის კრეფა. კვალიფიციური მუშა უნდა ფლობდეს გასხვლის ტექნიკას, ე.წ. მწვანე სამუშაოების ჩატარების ცოდნას, წამლობის და წამლის დოზების დაცვის ცოდნას, სასუქის  დოზირებას, დაავადებების ამოცნობას, პრევენციის მეთოდებს და სხვა... სეზონური მუშების დიდი ნაწილი ამ კომპეტენციით ხშირად არ გამოირჩევა, რაც საბოლოოდ პროდუქტის ანუ ღვინის ხარისხზე აისახება.

არაერთი მევენახე ჩივის, რომ დაქირავებული მუშა ხშირად აგვიანებს, ან დროზე ადრე ტოვებს საქმეს. უხარისხოდ კრეფს ყურძენს – აზიანებს მტევანს, ტოვებს დამპალ ნაწილებს. სეზონური მუშისთვის ეს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემოსავალია, ხოლო მფლობელისთვის მთელი წლის მოსავლის ბედი და ხარისხი წყდება.

ვენახებში მუშახელის სიმცირის პრობლემა მხოლოდ საქართველოს როდი აწუხებს. ევროპისა და  ამერიკისა მევენახეობის გიგანტი ქვეყნები წლიდან-წლამდე იზიდავენ ათასობით ადამიანს ვენახებში სეზონურ სამუშაოზე, რადგან ვენახში შრომა მაინც  სეზონურია.

ქვეყნების მიხედვით სეზონური მუშების ანაზღაურება დიდად განსხვავდება. საფრანგეთში 2025 წლის მონაცემებით მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 11.65 ევროა. იტალიაში ხელფასი რეგიონების მიხედვით იცვლება და საშუალოდ მუშას 50–80 ევრო ეძლევა დღიურად. ესპანეთში, ანდალუსიაში და ლა რიოხაში რთველზე ხელფასი 6–8 ევროა საათში. ეს სულ დღეში 48–64 ევროს მოიცავს. გერმანიამ ბოლო წლებში სეზონური შრომის ლეგალიზაცია მოახდინა და საათობრივი ანაზღაურება – მინიმუმ 12.41 ევრო დააწესა. თუმცა, მუშების დიდ ნაწილს საცხოვრებლის ღირებულება ხელფასიდან ექვითება. ამერიკის შეერთებულ შტატებში - კალიფორნიასა და ორეგონში ვენახში ხელფასი ხშირად იწყება 15 დოლარიდან საათში, ზოგიერთ შტატში – მეტიცაა.

კახეთში სხვადასხვა სამუშაოზე და მათ შორის რთველზე დამხმარის  ხელფასი დღეში 50–70 ლარია. დაახლოებით ამდენივეა იმერეთსა და ქართლში. რაჭაში შეიძლება 100 ლარიც კი გადაიხადონ თუკი დამხმარე მშრომელი და გამოცდილია. ღვინის მოვლის დროს მარანში დამხმარის ანაზღაურება, როგორც წესი, მოლაპარაკების საგანია. ზოგ მეღვინეს ურჩევნია ანაზღაურება თვიურად გადაიხადოს (1500-2000 ლარი) და გარანტირებულად იცოდეს, რომ დამხმარე ადგილზე ეყოლება. ბოლო წლებში გაჩნდა ტენდენცია, როდესაც ქართველები ვენახებში სეზონურ სამუშაოდ მიდიან იტალიაში ან პოლონეთში.

ვენახის გასხვლიდან ყურძნის დაწურვამდე და შემდეგ ღვინის ბოთლამდე გრძელი გზაა. მევენახეობა-მეღვინეობა ზოგისთვის შეიძლება დახვეწილობასთან და ელიტარულობასთან ასოცირდებოდეს, მაგრამ იგი მძიმე ფიზიკურ შრომაზეა დაფუძნებული. ეს საქმე ვერ იარსებებდა დამხმარე მუშახელის გარეშე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა