Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ლეჩხუმური ღვინო - უნიკალური და გამორჩეული

ლევან სეფისკვერაძის ბლოგი

თუკი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რომელიმე კუთხეს პერსპექტიული შეიძლება ეწოდოს, ეს პირველყოვლისა ლეჩხუმი გახლავთ.  ამ კუთხეს არა მხოლოდ უნიკალური კლიმატური პირობები აქვს, არამედ გააჩნია ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაც, რომელიც თაობიდან-თაობას გადაეცემა.

ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონია, რომელიც ძირითადად ორი ხეობის - რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში მდებარეობს. ამ ორ ძირითად მდინარეს ასობით შენაკადი უერთდება (მაგ: ლაჯანა, რაჩხა, ჯონოული და სხვა...) ცივი, სწრაფი და კამკამა მთის მდინარეების სახით ესეც ქმნის ადგილობრივ კლიმატურ თავისებურებებს. ბუნება აქ მრავალფეროვანია – სამხრეთით და აღმოსავლეთით კავკასიონის ქედი რეგიონს ცივი ჰაერის მასებისგან იცავს, დასავლეთიდან კი შავი ზღვის ნოტიო ჰავა აღწევს. შედეგად, იქმნება ზომიერად ტენიანი, მაგრამ მზიანი კლიმატი, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ვენახებისათვის.

ლეჩხუმი ისტორიულად ჯერ ერთიანი საქართველოს, შემდეგ კი იმერეთის სამეფოს ნაწილი იყო. თუმცა ღვინის კულტურა აქ გაცილებით ძველია. არქეოლოგიური მონაცემებით, ამ მხარეში ვაზის კულტურა მინიმუმ 3-4 ათასი წლის წინ გაჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობა მუდამ ამაყობდა უძველესი მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებით და ადგილობრივი ღვინით, რომელიც მართლაც სხვას არაფერს არ ჰგავს.

სოფლებში - ორბელში, ოყურეშში, ისუნდერში, გვესოში, ბარდნალაში, ზუბში (ყველა ცხენისწყლის ხეობა) ორხვში, უცხერში, ქორენიშში, ალპანაში, ტვიშში (ყველა რიონის ხეობა) და სხვა სოფლებშიც  მევენახეობა ოჯახური ტრადიციული საქმიანობის ნაწილი საქმე იყო. ბავშვობიდან, ფაქტობრივად, ყველამ იცოდა ვაზი როგორ უნდა გაესხლათ, შეეწამლათ, გაეფურჩქნათ, როგორ უნდა დაეყენებინათ და შეენახათ ღვინო და ეს ცოდნა თაობებს მემკვიდრეობით გადაეცემოდა, რაც ადგილობრივი იდენტობის ნაწილად იქცა.

ლეჩხუმის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე მისი უნიკალური ვაზის ჯიშებია. განსაკუთრებით აღსანიშნავია უსახელოური, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ყურძენია. მოჰყავთ ძირითადად სამ სოფელში: ოყურეში, ზუბსა და ისუნდერში.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აქაური ლეგენდა უსახელოურის გაჩენას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, სოფელ ოყურეშს მტერი დაესხა თავს და ვენახები ერთიანად გაანადგურა. მთელი სოფლის ვენახებიდან მხოლოდ ერთი ძირი ვაზი გადარჩა, რომელიც სრულიად შემთხვევით ცოცხლად გადარჩენილმა მოხუცმა კაცმა დაკრიფა და ერთი დოქი ღვინო დააყენა. მიღებული სასმელი იმდენად არომატული და სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ მალევე გაუვარდა სახელი. როდესაც მევენახეს ჰკითხეს რა ჯიშისგან იყო ყურძენი დაწურული, მოხუცმა უპასუხა რომ ეს ვაზი არის უსახელო, რადგან კარგ ღვინოს სახელი არ სჭირდება.

ლეჩხუმელები უსახელოურზე არანაკლებად ამაყობენ ორბელური ოჯალეშით. ეს ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომლისგანაც მუქი ფერისა და სხეულიანი ღვინოები მზადდება. ხშირად იყენებენ როგორც კლასიკური წითელი მშრალი ღვინის, ასევე სხვადასხვა ტიპის კუპაჟების დასამზადებლადაც.

მწვანე ცოლიკოური, რომელსაც ლეჩხუმელები ლეჩხუმურ ცოლიკოურსაც ეძახიან, ადგილობრივი მევენახეობისთვის მთავარი ჯიშია, რადგან როგორც ცხენისწყლის, ასევე რიონის ხეობაში ყველაზე მეტად ეს ვაზია გავრცელებული და შესაბამისად ყველაზე მეტი ღვინოც ცოლიკოურისგან მზადდება.

მიუხედავად იმისა, რომ ცოლიკოური ძირითადად იმერეთშია გავრცელებული, ლეჩხუმში მოყვანილი მწვანე ცოლიკოურიდან დაყენებული ღვინო სულ სხვა ნოტებს იძენს და ზაფხულის ხილის უფრო მკვეთრი ტონებით, სასიამოვნო  მჟავიანობით და ყვავილოვანი არომატით გამოირჩევა.

ლეჩხუმში ნიადაგი ძირითადად თიხნარი და ქვიშნარია. ზოგ ადგილას კირქვოვანი ნიადაგებიც გვხვდება. მზის ინტენსიურობა, ზომიერი ტენიანობა და მდინარეების სიახლოვე მზიან ფერდობებზე მოწეულ ყურძენს კარგად ამწიფებს და სასიამოვნო მჟავიანობასაც უნარჩუნებს.

მეღვინეობით ცნობილი საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, ლეჩხუმური მეღვინეობაც ტრადიციულად ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში ძირითადად მე-18-მე-19 საუკუნიდან იყენებდნენ ხის დიდ კასრებსაც, ქვევრი მაინც რჩებოდა საუკეთესო საშუალებად ღვინის ფერმენტაციისა და შენახვისათვის.

ლეჩხუმში ღვინის დაყენებისას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ „სუფთად დაყენებას“ ანუ ლეჩხუმურად რომ ვთქვათ, ყოველგვარი მინარევის გარეშე დაყენებულ „ნატურ ღვინოს“. ქვევრის გახსნა ძველ დროში განსაკუთრებული რიტუალი იყო. ოჯახის წევრ მამაკაცებს მარნიდან ერთად გამოჰქონდათ ახალი ღვინო, მთელი ოჯახი ერთად აჭაშნიკებდა და პირველი ყლუპი რომელიმე წმინდანის სახელზე ისმებოდა.

დღეს ლეჩხუმის მევენახეობა კვლავ აღორძინების გზაზეა. ბოლო ათწლეულში გაჩნდა მრავალი მცირე საოჯახო მარანი, რომლებიც ცდილობენ ტრადიციული მეთოდების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებას. უსახელოურის, ორბელური ოჯალეშის და ადგილობრივი ცოლიკოურის მიმართ ინტერესი დასავლეთ ევროპის, იაპონიის და აშშ-ის ბაზრებზე იზრდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა