
ლევან სეფისკვერაძე
3 მაისი მცირე მარნების ღვინის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული დღე იყო. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში მეხუთედ ჩატარდა ღვინის სალონი „შერეკილები“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სახალისო, მხიარული და „სახლური“ ღვინის ფესტივალია, რაც კი ბოლო წლებში შექმნილა.
სალონს ტრადიციულად მასპინძლობდა „იაგოს მარანი“ და ის მევენახე-მეღვინეები, რომელიც უკვე წლებია ასოცირდებიან ბუნებრივ ღვინოსთან, ქვევრთან და იმ მეღვინეობასთან, რომელიც ნაკლებად ემორჩილება დაწესებულ სტანდარტებს. 3 მაისს ჩარდახში შეიკრიბნენ მეღვინეები, პროფესიონალები და ენთუზიასტი სტუმრები, რათა ერთად გაეზიარებინათ ღვინო, გამოცდილება და ხედვები.
სალონი 2023 წელს დააარსეს იაგო ბიტარიშვილმა და რამაზ ნიკოლაძემ, როგორც მცირე, თითქმის მეგობრული შეკრება, სადაც მხოლოდ რამდენიმე მეღვინე მონაწილეობდა.
თავიდანვე აშკარა იყო, რომ იდეა განსხვავებული იყო - ეს არ უნდა ყოფილიყო მასობრივი ფესტივალი. პირიქით, მისი მიზანი იყო, დარჩენილიყო ინტიმურ, სალონურ ფორმატად, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთდებოდა ადამიანებს შორის პირდაპირ ურთიერთობაზე.
იაგო ბიტარიშვილი, მეღვინე, ღვინის სალონ „შერეკილების“ ორგანიზატორი: „ამ წლების განმავლობაში გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა ღვინის ფესტივალებთან დაკავშირებით, როგორც ორგანიზების, ასევე მონაწილეობის მხრივ. როგორც აქ, ისე საზღვარგარეთ მიღებულმა გამოცდილებამ დაგვანახა ერთი რამ - ყველა მსგავს ღონისძიებას თავისი ნიშური ადგილი უკავია და ეს არის განვითარების გზა.
მიუხედავად იმისა, რომ „ახალი ღვინის ფესტივალს“ ძალიან დიდი როლი აკისრია, მან სხვებსაც მისცა სტიმული და თავადაც იქცა სახალხო ღონისძიებად და ზეიმად. ასევეა, მაგალითად, „ზერო კომპრომაისი“, რომელიც ბუნებრივი ღვინის მასშტაბური ფესტივალია და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღვინის კულტურის განვითარების და პოპულარიზაციის მხრივ. მაინც გახდა აუცილებელი “შერეკილების“ მსგავსი ღონისძიების მოფიქრება. მას სპეციალურად ვეძახით „სალონს“. ეს ნიშნავს იმას, რომ ხშირად ბალანსია საჭირო. დიდ ფესტივალებზე ხშირად რთულია კომუნიკაცია. ჩემი და რამაზის კონცეფცია კი ის იყო, რომ არ ყოფილიყო დიდი ღონისძიება. ყოველ წელს მხოლოდ 15 მარანია წარმოდგენილი. ეს შესაძლებლობას აძლევს როგორც ახალ მარნებს, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ, ასევე უკვე ჩამოყალიბებულ მარნებს, მოახერხონ უშუალო კომუნიკაცია ღვინის მოყვარულებთან და იმპორტიორებთან.

მსგავსი ღონისძიებები არის ის განვითარების გზა, რომელიც გაიარა, მაგალითად, ევროპულმა ქვეყნებმა. პარალელი რომ გავავლოთ საფრანგეთთან, იქაც ასე იყო: თავიდან სულ რამდენიმე ფესტივალი არსებობდა, ახლა კი ერთდროულად 20-22 ფესტივალი ტარდება. იმედს ვიტოვებ, ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო მეტი მსგავსი ფესტივალი იქნება. დიდი პოტენციალი გვაქვს და ეს ჯერ ბევრმა არ იცის.
ვცდილობთ, „შერეკილები“ არ გაიზარდოს და არ გახდეს მასობრივი ღონისძიება, რათა ნიშურობა შევინარჩუნოთ და კონცენტრაცია იყოს კონკრეტულ მეღვინეებზე. მომავალში შესაძლოა რამდენიმე მარანი დაემატოს, მაგრამ ეს მასობრივი ნამდვილად არ გახდება და თავის ხასიათსაც შეინარჩუნებს.“
როგორც იაგო ბიტარიშვილი ამბობს, წელს „შერეკილებში“ 15 ქართული და უცხოური მარანი იღებდა მონაწილეობას: „ნიკოლაძეების მარანი“ „კალამი“, „ფაფარი ველი“, მარანი „ბედიანი“, „ბაიას ღვინო“, „მირანდას ღვინო“, „ორი მარანი“, „ალაფიანი“, „ასლანიშვილების მეღვინეობა – ნები“, „ნავენახევი“, „თეთრი თუთა“, „შანო“, „იაგოს ღვინო“, მარანი KABAJ (სლოვენია) და Sept winery (ლიბანი).
სალონის სახელწოდება - „შერეკილები“ შემთხვევითი არ არის. ეს არის სიტყვა, რომელიც თვითორინიით აღწერს ადამიანებს, რომლებიც არ მიჰყვებიან დამკვიდრებულ გზებს. „შერეკილები“ სწორედ ამ თავისუფლების ზეიმია და არის ადგილი, სადაც განსხვავებულობა ღირებულებად აღიქმება.

ირენ მახარაძე, მარანი „კალამი“: „შერეკილები” განსაკუთრებით ძვირფასია „კალამისთვის“, რადგან მახოს ძალიან უყვარდა აქ ყოფნა, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრა. ჩვენც წელს აქ მახოს დაყენებული ღვინოები წარვადგინეთ და ყურადღებით ვისმენდით პროფესიონალების შეფასებებს. ფესტივალის მონაწილე მარნების საუკეთესო ღვინოები გავსინჯეთ, ღვინის და კულინარიის ზეიმს დავესწარით და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ დღესასწაულის ყველა შემქმნელს“.
ჩარდახში საფესტივალო გარემო სტუმარს საშუალებად აძლევდა თითოეულ მეღვინესთან გაჩერებულიყო, დალაპარაკებოდა და უკეთ გაეგო კონკრეტული ღვინის არსი.
ნათია ჩეკურიშვილი, მარანი „თეთრი თუთა“: „შერეკილები“ განსაკუთრებულ ღონისძიებად იქცა და მე მგონი ყველა ველოდებით ამ დღის დადგომას. რეგიონებში მსგავსი ღონისძიებებით არ ვართ განებივრებული და „შერეკილების“ წარმატება იმედს იძლევა, რომ ასეთივე მცირე, მაგრამ შინაარსით დატვირთული ღონისძიებები სხვაგანაც იქნება. ქართული მცირე მარნების ღვინის ხარისხი ამის იმედს გვაძლევს“.
ასეთი ღონისძიებები აძლევს მცირე მარნებს შესაძლებლობას, წარმოადგინონ ის ღვინოები, რომლებიც ხშირად ვერ ხვდება ფართო ბაზარზე. „შერეკილები“ არის სივრცე აღმოჩენებისთვის როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ჩვეულებრივი სტუმრებისთვის.

სალონზე წარმოდგენილი ღვინოები მრავალფეროვანი იყო - კლასიკური ქვევრის ღვინოებიდან დაწყებული, ექსპერიმენტული ნიმუშებითა და პეტ-ნატებით დამთავრებული. სტუმრებს განსაკუთრებით სწორედ ეს მრავალფეროვნება მოსწონდათ.
იაკობ ნებრისი, სტუმარი მოლდოვიდან: „მიხარია, რომ უკვე მეორედ ვესწრები ამ ღონისძიებას. „შერეკილები“ არის მრავალფეროვნების და აღმოჩენების ადგილი. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ დეგუსტაცია. ეს არის გარემო, შესანიშნავი ბუნება, ეზო, ხალხი, ხმები, სუფრა, მუსიკა. ტრადიციული ქართული სამზარეულო, მშვიდი მუსიკა და არაფორმალური ურთიერთობები ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც სტუმარს არ აჩქარებს. აქ დრო თითქოს ნელდება და სწორედ ამაშია მისი ხიბლი. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია იდგე ჭიქით ხელში, ესაუბრო მეღვინეს, გაიცნო ახალი ადამიანები და უბრალოდ იყო პროცესის ნაწილი“.
როგორც თავად მეღვინეები ხშირად აღნიშნავენ, ასეთი ტიპის სალონური ღონისძიებები მხოლოდ ღვინის გაყიდვას არ ემსახურება, არამედ ასევე ქმნიან კულტურას, აჩენენ ახალ ინტერესს, ახალ მარნებს და ახალ თაობას, რომელიც ღვინოს სხვანაირად უყურებს. „შერეკილები“ სწორედ ამ პროცესის ნაწილია არა როგორც მასშტაბური ფესტივალი, არამედ როგორც ცოცხალი, განვითარებადი სივრცე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი