
ლევან სებისკვერაძე
ქართულ საოჯახო მცირე მარნებს სულ ცოტა ხნის წინ შეემატა ლაცაბიძეების მარანი, რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში, ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს. ლაცაბიძეების ოჯახი მთლიანად ჩართულია მევენახეობა-მეღვინეობაში და ღვინოს ქართლის ვაზის ჯიშების ყურძნისგან აყენებს. 2008 წლის ომის შემდეგ ეს სოფელი ძალიან დაზიანდა. თუმცა ლაცაბიძეების მსგავსად, სხვა ოჯახებშიც კვლავ იგეგმება ქვერების ჩაყრა და ქვევრის ღვინის კულტურის გაცოცხლება.
ლაცაბიძეების მარნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი ლაცაბიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ შავკაპიტოს აწარმოებენ, მაგრამ ვენახში უკვე გაშენებული აქვთ ასევე ჩინური, თავკვერი, მუხამწვანე და აპირებენ კიდევ ქართლის სხვა იშვიათი ვაზის ჯიშების გაშენებასაც. სწორედ ამ ჯიშების ყურძნით შეძლებენ რამდენიმე სახეობის ღვინის წარმოებას.
გიორგი ლაცაბიძე, მევენახე-მეღვინე: მეღვინეობის კუთხით ჩვენი ოჯახი 2008 წელს დაინტერესდა. აგვისტოს ომის შედეგად ძალიან დაზარალდა ჩვენი სოფლები. სურვილი გვქონდა, მცირედით დავხმარებოდით ოჯახსაც და სოფლის მოსახლეობასაც. გავიცანით ქართველი მეღვინეები და შეხება გვქონდა ღვინის ფესტივალთანაც, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ჩვენს სურვილს, აღგვედგინა და გაგვეშენებინა ქართლის იშვიათი ვაზის ჯიშები. 2015 წელს დავიწყეთ შავკაპიტოს ვენახის გაშენება და შემდგომ წლებში ეტაპობრივად მცირე რაოდენობით ვზრდით ვენახის ფართობს და ქართლის ადგილობრივი ვაზის ჯიშების სხვადასხვა სახეობას.
ამ დრომდე ღვინოს ბოთლირებული სახით არ ვაწარმოებდით, მისი მცირე რაოდენობიდან გამომდინარე. თუმცა, დაგეგმილი გვაქვს 2024 და 2025 წლის შავკაპიტოს მოსავლის ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა. ამ დრომდე ძირითადად ოჯახური მოხმარების მიზნით გვქონდა ეს ღვინო.
- კიდევ რა ჯიშებით ხართ დაინტერესებული?
- ამ ეტაზე მხოლოდ შავკაპიტოს და ჩინურის ღვინოს ვაწარმოებთ მცირე რაოდენობით. თუმცა, ჩვენს ვენახში ასევე უკვე გაშენებული გვაქვს: გორული მწვანე, თავკვერი, მუხამწვანე, ბუზა, დანახარული და ჯვარი. ეს ჯიშები შედარებით მცირე რაოდენობით გვაქვს, ვინაიდან ჩვენი ვენახის ტერიტორია საკმაოდ სპეციფიური ადგილმდებარეობით გამოირჩევა. ამ ჯიშებზე დაკვირვებით სამომავლოდ შევძლებთ რამდენიმე სახეობის ღვინის წარმოებას და საოჯახო მეღვინეობის ეტაპობრივად განვითარებას.
- სოფელ ზემო ხვითში თავკვერი როგორ თვისებებს ავლენს?
- ჩვენი სოფელი, ზემო-ხვითი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, ცხინვალის მიკროზონაში ზღვის დონიდან 850-870 მეტრზე. თავკვერის ჯიშის ვაზი ნაკლებად არის გავრცელებული ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამას თავისი ბუნებრივი მიზეზიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შავკაპიტოც და თავკვერიც ქართლის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებია, სიმწიფის პერიოდი საკმაოდ განსხვავებულია. ჩვენს ვენხში შავკაპიტოს რთველი 15 სექტემბრიდან იწყება, ხოლო თავკვერის რთველი დაახლოებით ერთი თვით გვიან - ოქტომბრის შუა რიცხვებში. მოსახლეობას ძირითადად სახლის ეზოებში აქვს ვაზი გაშენებული და შესაბამისად აერაცია ნაკლებია და მზის სხივებიც კარგად ვერ ხვდება ვაზს. ამიტომაც ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე თავკვერი კარგად დამწიფებას ვერ ასწრებს და ხარისხიანი ღვინოც ნაკლებად გამოდის.
ჩვენი ვენახის ტერიტორიაზე განსაკუთრებულად გემრიელი და არომატული შავკაპიტოს, ჩინურის და გორული მწვანეს ყურძენი მოდის. ადგილობრივი მოსახლეობა ძველი დროიდან ჩინურის ჯიშის ვაზს ჩინებულად მოიხსენიებდა. თუმცა, არსებული მდგომარეობით, ჩინებულის ვაზის ჯიში სუფრის ჯიშად არის დარეგისტრირებული და მისი ამ სახელის ოფიციალურად გამოყენება მეღვინეობაში სავარაუდოდ ვეღარ მოხდება.
1900-იან წლების დასაწყისში დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი სოფელში შავკაპიტოს მცირე ვენახები. საბჭოთა კავშირის და კომუნისტების მოსვლის შემდგომ მოსახლეობამ თითქმის მთლიანად გაკაფა არსებული ვენახები და გააშენა ვაშლის და სხვა ხეხილის ბაღები. ჩვენს ოჯახშიც მხოლოდ რამდენიმე ძირი შავკაპიტოს ვაზი გვქონდა შემორჩენილი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, სოფელში ვენახები თითქმის აღარ გვხვდება. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ახალგაზრდების დაინტერესების შედეგად, დავიწყეთ ქართლის ძველი ჯიშების გამრავლება.
- რომელ საღვინე ჭურჭელს ანიჭებთ უპირატესობას?
- ჩემი ოჯახის გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი პაპა როდესაც ქვევრში აყენებდა ღვინოს, გამოირჩეოდა განსაკუთრებული გემური და არომატული თვისებებით. ასევე, ჩვენი ზონა ზამთარში საკმაოდ ცივია და რთულია მარანში 13-14 გრადუსის შენარჩუნება, რასაც ქვევრი იდეალურად ახერხებს და როგორც ჭურჭელი, ერთ-ერთი საუკეთესოა ღვინის დავარგებისათვის.
არსებული მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს მოწყობილი მცირე მარანი, რომელიც დასრულების პროცესშია. მარანში უჟანგავი ლითონის რეზერვუარებში ხდება ღვინის დადუღება და დავარგება. სამომავლოდ ღვინის ხარისხის გაზრდასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს ასევე ხარისხიანი ქვევრების ჩაყრა და სხვადასხვა სახეობის ღვინის წარმოება.
- თქვენი მარნის შესახებ კიდევ რას გვეტყვით?
- არსებული მდგომარეობით მთელი ოჯახით ვართ ჩართული მევენახეობა-მეღვინეობაში. 2014 წელს გავიმარჯვეთ კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის საგრანტო კონკურში, აგრარული მიმართულებით, სადაც პრიორიტეტი ენიჭებოდათ 2008 წელს ომისგან დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს. პროექტის მიზანი იყო ხელი შეგვეწყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვენახთან ერთად გაგვეკეთებინა მცირე სანერგე მეურნეობა, საიდანაც მოსახლეობას შეღავათიან ფასებში საშუალება ექნებოდათ გაეშენებინათ ქართლის იშვიათი ვაზის ჯიშები.
არსებული მდგომარეობით და პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2 ჰექტარზე გავაშენეთ ვენახი და მოვაწყეთ მცირე სანერგე მეურნეობა. დღეისათვის უკვე ჩვენი ძალებით ვცდილობთ მეურნეობის გაფართოებას და მარნის მოწყობას. კოვიდ პანდემიის გამო, სამწუხაროდ, სანერგე მეურნეობის გაჩერება მოგვიწია, რადგან მოსახლეობა ძალიან დაზარალდა ფინანსურად და მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი ვენახების გაშენება.
2023 წელს გავიმარჯვეთ „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო კონკურსში, რომლის მეშვეობით მოვახერხეთ ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარების და რეზერვუარების შეძენა. საგრანტო პროექტების არსებობა და გაგრძელება მნიშვნელოვანია მცირე მარნებისათვის, ვინაიდან ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის აუცილებელია თანამდეროვე რეზერვუარების და დანადგარების შეძენა, რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
- როგორც ჩანს, თქვენ ნატურალური მეღვინეობის მიმართულება აირჩიეთ...
- ნატურალური ღვინო ქარხნული ღვინისგან განსხვავებით გამოირჩევა როგორც ხარისხით, ასევე გემური და არომატული თვისებებით. ვენახებში ნაკლებადაა გამოყენებული ქიმიური პრეპარატები, არ ხდება სასუქებისა და სხვადასხვა ჰერბიციდების გამოყენება, ეს ყველაფერი კი თვისთავად აისახება ღვინის ხარისხზეც.
ნატურალურ მეღვინეობას ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი სირთულეები - ძალიან მცირდება ვენახის მოსავლიანობა, რთულდება ვაზის ამტანობა სხვადასხვა დაავადებების მიმართ და ასევე ღვინის დადუღება-დავარგების პროცესში შედარებით მაღალია ღვინის ზადების და დაავადებების გავრცელების რისკი. თუმცა, ჩვენ შეძლებისდაგვარად მივყვებით ამ მიმართულებას და იმედი გვაქვს, რომ ცხინვალის მიკროზონა ოფიციალურად დარეგისტრირდება ნატურალური მეღვინეობის მიმართულებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარებას.
- აპირებთ ქვევრების დაფვლას და ქვევრის ღვინის დაყენებას?
- ამჟამად 5 ქვევრი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ 2008 წლის ავისტოს ომის დროს ჩვენი სახლი და მარანი ძლიერ დაზიანდა და საჭიროებს საფუძვლიან რეაბილიტაციას. აქედან გამომდინარე, ცალკე ვაწყობთ მარანს, რომელიც დასრულების პროცესშია და 2026 წლის მოსავალის მიღება უკვე ახალ მცირე მარანში შეგვეძლება. სამომავლოდ ვგეგმავთ ქვევრების ახალ მარანში ჩარგვას და ღვინის დაყენებას. თუმცა, არსებული მდგომარეობით ხარისხიანი ქვევრების შოვნა და შეძენა საქართველოში საკმაოდ რთულია, დიდ ფინანსურ დანახარჯებთან და რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად ხარისხიანი ქვევრების მოძიების პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია.
- რას ურჩევდით დამწყებ და ახალბედა მეღვინეებს?
- დამწყებ მეღვინეებს ვურჩევ, კარგად დაგეგმონ და შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობა მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით. საკმაოდ შრომატევადი და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა ვაზისა და ღვინის მოვლა.
არსებული მდგომარეობით, ვენახის გაშენება და მარნის მოწყობა საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. კლიმატური ცვლილებების გამო ხშირია ყინვის და სეტყვის შედეგად ვენახების ძლიერი დაზიანების და განადგურების საშიშროება. შესაბამისად ვენახის გაშენებისას უმჯობესია თავიდანვე იქნეს გათვალისწინებული აღნიშნული რისკები და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყონ ამ მიმართულებით საქმიანობა როდესაც ეს რისკები კარგად და გააზრებულად იქნება დაზღვეული.
საქართველოში ამ ეტაპზე აგრო-დაზღვევაც არაეფექტურად მუშაობს. საკმაოდ გახშირებულია ჩვენს მხარეში საგაზაფხულო ყინვები და ადრეული სეტყვა, სანამ ვაზის მტევანი ყვავილობას არ დაასრულებს, იქამდე ვენახი არ იზღვევა და ეს რისკები რჩება დაუზღვეველი, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა.
განსაკუთრებით რთულია, როდესაც პრაქტიკული შეხება არ გაქვს მევენახეობა-მეღვინეობასთან და სწავლის პროცესში ხარ. ჩვენი ოჯახიც სიძნელეების მიუხედავად ნელ-ნელა ეტაპობრივად სწავლობს ამ საქმეს, რაც ძალიან დიდ გამოცდილებას და ცოდნას გვაძლევს. შესაბამისად მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ნებისმიერი ახალი საქმიანობა, სიამოვნებასთან ერთად,ს დიდ პასუხისმგებლობასთან და ფინანსურ რისკებთან არის დაკავშირებული.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი