
ლევან სეფისკვერაძე
კლიმატის ცვლილება თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი უმთავრესი ეკოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევაა. საშუალო ტემპერატურის მატება, ნალექების რეჟიმის არაპროგნოზირებადობა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური პირობები ადრეც პირდაპირ ზემოქმედებდა მიწის რესურსებსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მოწყვლადია მევენახეობა. ბოლო ათწლეულებში პლანეტის მევენახეობით განთქმულ სხვადასხვა რეგიონში ფიქსირდება ვენახების ხმობა, რაც განპირობებულია როგორც ნიადაგის დეგრადაციითა და გაუდაბნოებით, ისე წყლის რესურსების შემცირებითა და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობით.
გაუდაბნოება არის ნიადაგისა და ეკოსისტემების დეგრადაციის პროცესი, რომელიც გამოწვეულია კლიმატური ფაქტორებითა და ადამიანის არასწორი მოქმედებებით. გაეროს მონაცემებით (UNCCD, 2023), მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ისეთ რეგიონებში, სადაც გაუდაბნოება პირდაპირ საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობას.
პლანეტაზე ტემპერატურის მატება აჩქარებს ნიადაგიდან ტენიანობის აორთქლებას. მნიშვნელოვანი პრობლემაა ნალექების არასტაბილურობა, რის გამოც გვალვების და ძლიერი წვიმების სწრაფი მონაცვლეობა ასევე იწვევს ნიადაგის ეროზიას. არის ადგილები, სადაც პრობლემას სარწყავი წყლის და ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენება ქმნის. ამას თან სდევს ბიომრავალფეროვნების შემცირება და მცენარეული საფარის მოსპობა, რაც აჩქარებს ნიადაგის განადგურებას.
ვენახების ხმობის პრობლემა ევროპაში და ე.წ. ახალ სამყაროში
ვენახების მასობრივი ხმობა არის კომპლექსური ფენომენი, რომელიც იწყება ვაზის ფოთლების ნაადრევი ჩამოცვენით, მასობრივი ხდება ახალი ყლორტების სისუსტე, რაც იწვევს ნაყოფის არასაკმარის ზრდას და ხშირად ეს ვენახის განადგურებით სრულდება.
ევროპაში ესპანეთი და იტალია განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან იქ ვენახების დიდი ნაწილი მდებარეობს ნახევრად არიდულ ზონაში. 2022 წელს გვალვისა და ვენახების ხმობის გამო ესპანეთში ღვინის წარმოება 13%-ით შემცირდა. საფრანგეთში ზოგიერთი მეღვინე უკვე ცდილობს გადაინაცვლოს ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა უფრო სტაბილურია.
სამხრეთ ავსტრალიის მევენახეობაში, განსაკუთრებით ბაროსას ველზე, 2000-იანი წლებიდან ვენახების ხმობამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რაც გამოწვეულია ტემპერატურის მატებით და წყლის დეფიციტით. ზოგიერთი ადგილობრივი მევენახე-მეღვინე ძველ ვენახებს ანაცვლებს შედარებით სიცხის გამძლე ჯიშებით, როგორიცაა მაგალითად შირაზი ან გრენაში.
ჩილესა და არგენტინაში, განსაკუთრებით კი ანდების მთისწინეთის რეგიონები წარსულში ითვლებოდა სტაბილურ კლიმატურ ზონებად, მაგრამ ბოლო წლებში ნალექების შემცირება და მყინვარების დნობა სარწყავ წყალს ამცირებს და ეს მევენახეობაზეც უარყოფითად აისახება.

საქართველო გლობალური გამოწვევების პირისპირ
საქართველო განსაკუთრებით მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების მიმართ. ქვეყნის მევენახეობა საუკუნეების განმავლობაში იყო მორგებული ბუნებრივ კლიმატურ ციკლებს, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ამ ციკლების სერიოზული დარღვევა შეინიშნება. ცვლილებები აშკარად ჩანს როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემებით, ისე ადგილობრივი მევენახეების პრაქტიკული გამოცდილებით.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურა ბოლო 30 წელიწადში დაახლოებით 1.2–1.5°C-ით გაიზარდა. კახეთის დაბლობზე ზაფხულის პიკში 40°C-მდე ტემპერატურა უკვე აღარ არის იშვიათობა. გვალვების გახშირების გამო განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთი, შიდა ქართლი) ნიადაგის ზედაპირული ტენიანობა მკვეთრად შემცირდა.
ტრადიციული გაზაფხულისა და შემოდგომის წვიმები ხშირად ან გადავადებულია, ან მოდის ძალიან ინტენსიური, მოკლე წვიმების სახით, რაც ნიადაგის ეროზიას იწვევს. კახეთის მევენახეობის უდიდესი ნაწილი განიცდის წყლის დეფიციტს. დედოფლისწყაროში გაუდაბნოება უკვე შესამჩნევია. ალაზნის ველზე ზაფხულის განმავლობაში ბუნებრივი ნალექი არასაკმარისია. 2022–2024 წლებში ფიქსირდებოდა ვენახების ნაწილობრივი ხმობა თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით ქვიშნარ ნიადაგებზე. მევენახეები ცდილობენ გადაერთონ წვეთოვან მორწყვის სისტემაზე, მაგრამ ეს ზრდის ხარჯებს და დიდ რესურსებს მოითხოვს.
დავით მოსულიშვილი, მარანი „დანო“: ჩვენთან, ქიზიყში, სოფელ ხორნაბუჯში განსაკუთრებით ბევრი ვაზის ხმობა არ დაფიქსირებულა ჯერჯერობით. თუმცა, გვალვამ ძალიან შეგვაწუხა და ნაყოფიც ზიანდება. ნიადაგზე განსაკუთრებით ცუდ გავლენას ახდენს მინდვრის ხანძრები და თუ ამ პრობლემას არ ეშველა ვაზების და არა მარტო ვაზის მასობრივი ხმობა ალბათ უახლეს ხანში გარდაუვალი იქნება. ფაქტობრივად ისედაც მცენარეული საფარით მინიმალური დაფარვის მინდვრებს წვავენ, რაც ბოლო ჯამში მიგვიყვანს ძალიან ცუდ შედეგებამდე. ტიბაანის მიკროზონაში რამდენიმე დამწვარი ვენახი ვნახე“.
ჯონი ოქრუაშვილი, სიღნაღელი მევენახე-მეღვინე, მარანი „ოქრო ღვინო“: „ვენახების ხმობაც ხშირია, მაგრამ მთავარი უბედურება ჩვენთან მაინც ეს ოხერი სოკოვანი დაავადებებია. თუკი მევენახემ რომელიმე წელს ვენახი სათანადოდ არ შეწამლა და დაავადებები „გაექცა“, ამან მოსავლის დაკარგვის გარდა, შეიძლება ვენახების ამორტიზება და ხმობაც გამოიწვიოს. სიცხე რომ ყოველ წელს იმატებს, ამას ყველა ხედავს და ეს პრობლემებს მხოლოდ გვიზრდის“.
ქვემო ქართლის მხარე ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადია, რადგან აქ, დედოფლისწყაროს მსგავსად, უკვე ფიქსირდება ნახევრადმშრალი ზონების არიდიზაცია. ადგილობრივების თქმით, მცენარეთა ნაყოფიერება მკვეთრად შემცირდა განსაკუთრებით მარნეულის და ბოლნისის ველებზე.
შიდა ქართლში ნიადაგის დეგრადაცია უფრო ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო წლებში ზაფხულის გვალვები და ტემპერატურის მკვეთრი მატება აქაც პრობლემას ქმნის.
იმერეთში და მთელს დასავლეთ საქართველოში შედარებით ნესტიანი კლიმატი რეგიონს ნაწილობრივ იცავს გაუდაბნოებისგან. თუმცა 2021–2023 წლებში ფიქსირდებოდა სიცხის გამო ფოთლის დაწვის შემთხვევები. ინტენსიური წვიმები იწვევს ნიადაგის ზედაპირულ ეროზიას, განსაკუთრებით ფერდობზე გაშენებულ ვენახებში.
გარემოსდამცველი ორგანიზაციები რამდენიმე წელია შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებენ და ცდილობენ ხმა მიაწვდინონ როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რათა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით და პრაქტიკით მოხდეს კლიმატის ცვლილების შედეგების პრევენცია.

რეზო გეთიაშვილი, CENN: „კლიმატის ცვლილება ერთ-ერთია იმ პრობლემებიდან, რაზეც სულ ვლაპარაკობთ და თითქმის არაფერს ვაკეთებთ. ათწლეულებია, რაც საკუთარ მიწას თვითონვე ვწვავთ და ამის გამო არც სახელმწიფო შეწუხებულა და არც მოსახლეობა. წლების წინ ასზე მეტმა ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი წერილით მიმართა და პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ, კანონით დადგენილ გზებზე მიუთითა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. კანონმდებლობით ხანძრის ხელოვნური გაჩენა დასჯადია და მასზე საპატრულო პოლიცია უნდა რეაგირებდეს, მაგრამ შსს-ს ამისთვის არ სცალია, „ქართულ ხარჯთსარგებლიანობაში“ კი კომპეტენტურობას ყოველთვის პოპულიზმი ან ტრადიციების ბრმა ერთგულება წონის“.
კლიმატოლოგებს აზრით, პრობლემის მეტ-ნაკლებად აღმოსაფხვრელად მთელი რიგი ზომების გატარებაა საჭირო. პირველ ყოვლისა, აუცილებელია სარწყავი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და წვეთოვანი მორწყვის სისტემის ფართომასშტაბიანი დანერგვა წყლის დანაკარგის შემცირებით.
ასევე რეკომენდებულია ვენახებში კლიმატგამძლე ჯიშების შერჩევა, რომლებიც შედარებით უკეთ იტანენ გვალვას. ბიოვენახებში უკვე იყენებენ ნიადაგის მულჩირების და ბალახის მართვის ბიოლოგიურად სუფთა მეთოდებს, რაც ტენიანობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
ბოლო დროს დაიწყეს მონიტორინგის სისტემების დანერგვა და ვენახებში სულ უფრო პოპულარული გახდა ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობის სენსორების დაყენება. ეს სამომავლოდ სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და ფართო გამოყენებაც ექნება.
გაუდაბნოება და ვენახების ხმობა კლიმატის ცვლილების პირობებში არა მხოლოდ აგრარულ სექტორზე, არამედ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას. გლობალური ტენდენციები ცხადყოფს, რომ ადაპტაციის ზომების მიღება აუცილებელია. ამ კუთხით ტექნოლოგიური ინოვაციები და მდგრადი მიწათმოქმედების დანერგვა ერთადერთი გზაა, რაც მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციას მომავალ თაობებსაც შეუნარჩუნებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი