
ლევან სებისკვერაძე
საქართველოს მევენახეობისთვის დამახასიათებელი საფრთხეებიდან პირველ რიგში სოკოვანი დაავადებები, სეტყვა და გაზაფხულის ყინვები გვახსენდება. თუმცა, ამ ჩამონათვალში აუცილებლად უნდა იყოს კიდევ ერთი პრობლემა - გვალვა! კლიმატის ცვლილებამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვაზი სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენა. თუ ადრე მევენახეები წყლის დეფიციტს გამონაკლის მოვლენად მიიჩნევდნენ, ახლა იგი თითქმის ყოველწლიურ გამოწვევად იქცა.
სწორედ ამიტომ, მსოფლიოს წამყვან მეღვინეობის რეგიონებში სულ უფრო ხშირად ისმის სიტყვები - „ჰიდროლოგიური სტრესი“, „ადრეული რთველი“, „მცირე მტევანი“, „დამწვარი მტევანი“ და სხვა... ეს უკვე მხოლოდ მეცნიერების შესასწავლი თემა ან კლიმატოლოგების გაფრთხილება აღარ არის. ეს რეალობაა, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთის, აშშ-ის, ავსტრალიის და უცხოეთის სხვა ქვეყნების მევენახეები.
სამწუხაროდ, გამონაკლისი არც საქართველოა, განსაკუთრებით კი - ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონები, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება და თუკი ისე მოხდა, რომ წვიმაც შეიძლება მთელი თვე არ მოვიდეს, ვენახები გვალვის დიდი ზეწოლის ქვეშ ექცევა.
ყველაფერს აქვს ზღვარი
ვაზი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე კულტურაა. მისი ფესვები რამდენიმე მეტრის სიღრმეზეც აღწევს და სხვა კულტურებთან შედარებით უკეთ იტანს გვალვას. თუმცა, როდესაც ნიადაგში წყლის მარაგი რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში პრაქტიკულად აღარ ივსება, ვაზი თვითგადარჩენის რეჟიმზე გადადის.
ასეთ დროს მცენარე ამცირებს ფოტოსინთეზს, ფოთლები თანდათან კარგავს ტენს, მტევნის ზრდა ჩერდება, ყურძნის მარცვალი პატარავდება, იზრდება შაქრიანობა, მცირდება მჟავიანობა და სამომავლოდ იცვლება ღვინის სტრუქტურაც.
ზოგჯერ პროცესი იმდენად შორს მიდის, რომ ახალგაზრდა ვაზი საერთოდ ხმება, ხოლო მრავალწლოვანი ნარგავები ძლიერ სუსტდება და რამდენიმე წლის განმავლობაში ვეღარ იძლევა სრულფასოვან მოსავალს.
2026 წელი - ყველაზე მძიმე სეზონი
წლევანდელი ზაფხული ევროპის მევენახეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულად შეიძლება შეფასდეს. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა საფრანგეთში, სადაც ივნისის ბოლოს რეკორდულმა სიცხემ და შემდეგ თითქმის სამკვირიანმა უნალექო პერიოდმა ბორდოს, ბურგუნდიისა და შამპანის ვენახებში წყლის მწვავე დეფიციტი გამოიწვია. მევენახეები ამბობენ, რომ მტევნები პრაქტიკულად აღარ იზრდება, ახალგაზრდა ვაზები კი ზიანდება. მოსავლის შემცირება გარდაუვლად მიიჩნევა, ხოლო რთველი ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ვადებში დაიწყება.
ბურგუნდიაში უკვე შეინიშნება ე.წ. ჰიდროლოგიური სტრესი, ანუ ფოთლების გაყვითლება და ცვენა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კიდევ რამდენიმე კვირა წვიმის გარეშე ვენახებისთვის განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
საფრანგეთის მევენახეობის სპეციალისტები კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. მაღალი ტემპერატურა ყურძენში შაქრის დაგროვებას აჩქარებს, რის გამოც იზრდება ალკოჰოლის შემცველობა და იცვლება ღვინის ტრადიციული სტილი. ზოგიერთი ცნობილი მიკროზონა უკვე დგას არჩევანის წინაშე, შეინარჩუნონ საუკუნოვანი ტრადიცია თუ შეცვალოს ტექნოლოგია.
შესაბამისად, კლიმატის ცვლილება მხოლოდ მოსავლის რაოდენობას არ ამცირებს. მაღალი ტემპერატურის შედეგად, ღვინოები უფრო ალკოჰოლიანი, ნაკლებად მჟავე და განსხვავებული არომატული პროფილის ხდება. ბევრი მეცნიერი უკვე ამბობს, რომ თუ ტემპერატურის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდება, ევროპის არაერთი ისტორიული მეღვინეობის რეგიონი მომავალ ათწლეულებში სრულიად განსხვავებულ ღვინოს აწარმოებს.
საქართველო გვალვების წინაშე
საქართველოში გვალვა ახალი მოვლენა არ არის. თუმცა, ბოლო წლებში მისი ინტენსივობა და სიხშირე აშკარად იზრდება. განსაკუთრებით რთული სეზონები დაფიქსირდა კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში და იმერეთში.
მაგალითად, 2022 წლის რთველის პერიოდში შიდა და ქვემო ქართლში მევენახეების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ტენის დეფიციტი იყო. განსაკუთრებით დაზარალდნენ ის ვენახები, სადაც მორწყვის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობდა. სიცხემ და ხანგრძლივმა უნალექო პერიოდმა ვაზის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა.
საქართველოს პირობებში პრობლემას კიდევ ერთი გარემოება ამძიმებს. მევენახეობის დიდი ნაწილი კვლავ ბუნებრივ ნალექზეა დამოკიდებული. თანამედროვე წვეთოვანი მორწყვის სისტემები ჯერ კიდევ ყველა მეურნეობაში არ არის დანერგილი, განსაკუთრებით - მცირე საოჯახო მარნებში.
როცა ვაზი იწვის
გვალვა მხოლოდ წყლის ნაკლებობას არ ნიშნავს. მშრალი მცენარეული საფარი მნიშვნელოვნად ზრდის ხანძრების რისკსაც.ხშირია შემთხვევა, როდესაც ვენახში ხანძარი მეზობელი ნაკვეთებიდან გავრცელდა და რამდენიმე წუთში მრავალწლიანი ვენახები გაანადგურა. ასეთი საფრთხე განსაკუთრებით იზრდება იმ წლებში, როდესაც ზაფხული უჩვეულოდ მშრალია. ამიტომ კლიმატის ცვლილება ერთდროულად ზრდის როგორც გვალვის, ისე ხანძრების საფრთხეს.
დიდ კომპანიებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ და ცდილობენ, დააყენონ სარწყავი სისტემები, გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, შეცვალონ აგროტექნიკა. სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან მცირე საოჯახო მარნები, რომლებსაც დამატებითი ინვესტიციის რესურსი არ გააჩნიათ. სწორედ ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ კლიმატის ცვლილების ყველაზე დიდი მსხვერპლი.
წყლის ძალა
მსოფლიო მევენახეობა ისტორიული გარდატეხის ეპოქაში შევიდა. თუ გასულ საუკუნეში ღვინის რეგიონების მთავარი კონკურენცია ნიადაგსა და მიკროზონას ეფუძნებოდა, 21-ე საუკუნეში გადამწყვეტ ფაქტორად წყალი იქცა.
დღევანდელი გვალვები უკვე აღარ არის ერთჯერადი ანომალია. ის კლიმატის ცვლილების იმ გრძელვადიანი პროცესის ნაწილია, რომელიც ცვლის ვაზის განვითარების ციკლს, რთვლის კალენდარს, ღვინის ქიმიურ შემადგენლობასა და მეღვინეობის გეოგრაფიას. საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიასა და სხვა ტრადიციულ რეგიონებში მევენახეები მსჯელობენ, როგორ მოახერხონ ახალ რეალობასთან ადაპტაცია.
საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყანას აქვს უნიკალური ვაზის გენოფონდი, 8000-წლიანი მეღვინეობის ისტორია. გვალვის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ აგრონომიული საკითხი აღარ არის - ეს უკვე ქართული მევენახეობის, ღვინის კულტურისა და სოფლის ეკონომიკის მომავლის გადარჩენის საკითხია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი