Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ეთო გზირიშვილი: „ჩვენი საოჯახო მარნის ნიშა არის ავთენტური და ბუნებრივი მეღვინეობა“

ლევან სეფისკვერაძე

თედო გზირიშვილი ღვინოს ოჯახში 1985 წლიდან აყენებს, მაგრამ მისთვისაც და მისი ოჯახისთვისაც ღვინო წლების განმავლობაში მხოლოდ შიდა მოხმარების პროდუქტი იყო. ქართული ბუნებრივი მეღვინეობის განვითარების დადებით ტენდენციებს გზირიშვილების ოჯახმაც კარგად აუწყო ფეხი და 2015 წლიდან საგარეჯოში გაჩნდა ახალი მცირე მარანი სახელწოდებით „თედოს მარანი“, რომელიც ღვინის მოყვარულებს რამდენიმე სახის ღვინოს სთავაზობს.

„რქაწითელი / მწვანე“, „საფერავი“, „ბუდეშური საფერავი“, „ბუერა“, „თავკვერი / ბუერა“ - ეს ღვინოები სწორედ „თედოს მარანში“ მზადდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გზირიშვილების სითამამე ბუერას ვაზის ჯიშის ყურძნის მეღვინეობაში გამოყენების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ბუერა კახეთში იშვიათად გამოიყენება საღვინედ, მისგან ოჯახი ამზადებს პეტნატსაც და იყენებს სეპაჟშიც სხვა ვაზის ჯიშის ყურძენთან ერთად.  ასეთ თამამ ექსპერიმენტებს „თედოს მარანი“ მომავალშიც გეგმავს.

„თედოს მარნის“ თანადამფუძნებელი, ეთო გზირიშვილი, ამბობს, რომ ოჯახი ვენახს მხოლოდ ორგანულ მევენახეობაში დაშვებული კონტაქტური პრეპარატებით უვლის და ღვინოსაც ნატურალური მეღვინეობის წესების სრული დაცვით აყენებენ: „ჩვენი საოჯახო მარნის შემქნელი თედო გზირიშვილი ყოველწლიურად სხვადასხვა სეპაჟებს სთავაზობს მომხმარებლებს. ამიტომ ღვინის სახეობები მუდმივად განახლებადია, დამოკიდებულია მოსავალზე, ამინდზე და ხასიათზე. 2015 წელს პირველად ჩამოვასხით „რქაწითელი/მწვანე“. ნელ-ნელა გაჩნდა ნატურალური ღვინის მიმართ ინტერესი ამ პერიოდში და ღვინოს, რომელსაც ისედაც ჩვენს საოჯახო მარანში ვაწარმოებდით, წლების განმავლობაში უკვე საბაზრო პროდუქტის სახე მივეცით“.

- ღვინის მოყვარულებს ამ დროისთვის რას სთავაზობს „თედოს მარანი“?

- დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ოცზე მეტი დასახელების ალკოჰოლურ სასმელს. მათ შორის გვაქვს არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელებიც. თუმცა, მთავარი აქცენტი, ცხადია, ღვინოზე გვაქვს, რადგან ჩვენი საქმიანობის ძირითადი ხაზი მეღვინეობაზე გადის.

- საგარეჯოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალზე რას გვეტყვით?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ გარეკახეთში და კერძოდ - საგარეჯოში საუკეთესო პირობებია ვაზისთვის და შესაბამისად ღვინო გემოვნური თვისებებით გამორჩეულია.

- ღვინოს ქვევრში აყენებთ?

- ნაწილობრივ ქვევრში და ასევე, ცისტერნებში ვაყენებთ პეტნატებს.

- თქვენი აზრით, რატომაა ასე ფასეული ქვევრი?

- ქვევრი ეს არის უძველესი ტრადიცია და უნიკალური ჭურჭელი, თავისი ფორმით და მასალით. ჩვენმა წინაპრებმა კარგად გაიაზრეს, რომ ქვევრის ფორმა საუკეთესოა ღვინის კახური წესით დაყენებისთვის. ჭურჭლის კონუსური აგებულება ღვინის ბუნებრივ ფილტრაციას უწყობს ხელს.

- როგორც ჩანს, „თედოს მარანი“ ოჯახური  ბიზნესია და ოჯახის სხვა წევრებიც მონაწილეობთ?

- დიახ, ეს ოჯახური ბიზნესია, სადაც ჯერჯერობით ყველაფერი სახლის პირობებში ხდება - დაწყებული ვენახის მოვლით, ეტიკეტის დიზაინის შექმნით და ჩამოსხმით. ეს ხელნაკეთი ღვინოა, უფრო მეტად ლიმიტირებული და ეს არის ჩვენი ნიშა - ავთენტური და ნატურალური მეღვინეობა.

- რას გვეტყვით ბუნებრივ (ნატურალურ) ღვინოზე და თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ნატურალურ და კონვენციურ ღვინოს შორის?

- ნატურალური მეღვინეობის კონცეფცია არის ძველ ტრადიციებთან დაბრუნება. ვენახის მოვლა არის რიტუალი. ვენახის მოვლის დროს არ შეიძლება ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც სპობს ბიომრავალფეროვნებას. ვენახი იწამლება სპილენძის შემცველი კონტაქტური პრეპარატებით, სველებადი გოგირდით და ორგანულ მევენახეობაში დაშვებული სხვა წამლებით. ღვინის ფილტრაცია ხდება ბუნებრივად და არ ვიყენებთ სელექციურ საფუარს.

- რას ურჩევდით დამწყებ და ახალბედა მეღვინეებს?

-  ვურჩევდი, რომ იყვნენ გულწრფელნი საკუთარი საქმის მიმართ. იკითხონ ბევრი, ჩადონ მაქსიმუმი და ორიენტირებულნი იყვნენ პროცესზე, ღვინის კეთებაზე და არა მოგებაზე. ეს ცოდნა, შრომა და გემოვნება აუცილებლად გამოიხატება ღვინის გემოში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა