
ლევან სეფისკვერაძე
დასავლეთ ფრონეს ხეობა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება, ძველ დროში ყოველთვის იყო წარმატებული მეღვინეობის მხარე. თუმცა, საბჭოთა ეპოქაში, ამ ტერიტორიებზე ძირითადად გაშენდა ჰიბრიდული ვაზის ჯიშების (დირბულა, ქიწნურა, ფრანგულა და სხვა) ვენახები და ხეობის პოტენციალიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. უკანასკნელ პერიოდში, ფრონეს ხეობაშიც დაიწყეს ძველი ქართული ვაზის ჯიშების გაშენება და ამ აღორძინების ერთ-ერთი პიონერია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში არსებული საოჯახო მცირე მარანი „ღვინო ქართლისა“.
მარანი „ღვინო ქართლისა“ ძირითად საღვინე ჭურჭლად ტრადიციულ ქართულ ქვევრებს იყენებს და ღვინოსაც ძველი წესით აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ვენახებიდან დაახლოებით 200-300 მეტრში რუსული ჯარია განლაგებული, ჭვრინისელები ამას არ შეუშინებია და თავიანთ საქმეს დიდი მონდომებითა და ქართლური სიჯიუტით აგრძელებენ. ქართლში მოწეულ ყურძენს ქალაქ რუსთავში საკუთარ მარანში წურავენ და უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ღვინოს როგორც ბოთლირებული, ასევე ჩამოსასხმელი სახით ყიდიან. მარნის - „ღვინო ქართლისა“ მფლობელი, დავით ხარაზიშვილი vinoge.com-თან საუბარში ამბობს, რომ მევენახეობას დიდი შრომა და მოთმინება სჭირდება, მაგრამ როდესაც შრომითა და ოფლით მოყვანილ, დაკრეფილ, დაწურულ და დავარგებულ ღვინოს ადამიანი აგემოვნებს, სწორედ მაშინაა ის ყველაზე ბედნიერი.
დავით ხარაზიშვილი: „მევენახეობა მამაჩემმა 1996 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა. დასაწყისისათვის მან რამდენიმე ასეული ძირი დირბულას ჯიშის ვაზი ჩაყარა, რომელიც ეტაპობრივად 2500-3000 ძირამდე გაზარდა. იმ დროისათვის სიტყვა „ჰიბრიდული” ჯერ არავის გაეგო. ქართლში რაკი ეს ჯიში იყო გავრცელებული და მიაჩნდათ, რომ მისგან საუკეთესო ღვინო დგებოდა, მამამაც სწორად მისი მოშენება გადაწყვიტა.
მე პირადად დღესაც მიმაჩნია, რომ დირბულა კარგ ღვინოს იძლევა, მაგრამ მეღვინეობა-მევენახეობის ამჟამინდელ კანონს ვერ გავექცევით. ვერც მამის ნაშრომს შეველეოდით. ამიტომაც ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, დირბულას ვენახი არ გაგვეჩეხა და შემდგომში ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოებისათვის გამოგვეყენებინა. ვფიქრობ, ახლო მომავალში ამ გეგმასაც განვახორციელებთ.
რაც შეეხება ღვინის ბოთლში ჩამოსხმას, ჩვენი კომპანია დაარსდა 2017 წელს. ვინაიდან ჯერ საკუთარი მოსავალი არ გვქონდა (ვაზი ახალი გაშენებული იყო), გადავწყვიტეთ, ნაცნობების დახმარებით კარგი ხარისხის ყურძენი შეგვეძინა, დაგვეყენებინა ღვინო ქვევრებში და ამ ეტაპისათვის ჩამოსასხმელი ღვინით გვემუშავა, ხოლო შემდგომში ჩვენი მოსავლით მიღებული ღვინო ჩამოგვესხა ბოთლში.
ჩვენი ვენახი ჭვრინისში, სავარაუდოდ, მომავალ წელს მოგვცემს პირველ მოსავალს. თან სრულად ორგანულ მევენახეობას ვეწევით და ჩვენ თვითონვე დიდი ინტერესით ველოდებით, როგორი ღვინო გამოვა.

- იქნებ უფრო ვრცლად გვიამბოთ თქვენს ღვინოზე
- 2017 წელს ჩვენ დავაყენეთ რქაწითლის და ჩინურის ღვინოები. რქაწითელში შევურიეთ დაახლოებით 7-10% მწვანე კახური და ასევე ჩინურში შევურიეთ 7-10 პროცენტი გორული მწვანე. ერთ ქვევრში საცდელად დავაყენეთ ჩინური, გორული მწვანე, შავკაპიტო და თავკვერის ნაზავი, შედეგით კმაყოფილები დავრჩით, რადგან მივიღეთ საოცრად მრავალმხრივ არომატული, ღია წითელი ფერის მშრალი ღვინო.
ჩვენი სოფელი მდებარეობს შიდა ქართლში, ულამაზეს ფრონის ხეობაში. ჭვრინისი სულ 40-45 კომლისაგან შედგება და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ე. წ. საზღვართანაა. ჩვენი სოფლიდან 200-300 მეტრში განლაგებულია რუსული ჯარი, რაც თავისთავად დისკომფორტს გვიქმნის აქაურ მოსახლეობას, მაგრამ არა დაბრკოლებას.
სოფელში ტრადიციულად ყველა ოჯახი მისდევს მევენახეობას, ძირითადად მაინც დირბულა ჭარბობს, მაგრამ გაშენებულია ძალიან ბევრი ტიპის ვაზი, როგორიცაა: გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, რქაწითელი, რკო და სხვა, ზოგიერთი მათგანი 80-100 წლისაცაა.
ამჟამად ჩვენი ოჯახის კუთვნილებაშია ორი ნაკვეთი. ერთი განლაგებულია ფერდობზე, სადაც გაშენებული გვაქვს დირბულას დაახლოებით 2500-3000 და ჩინურის 500 ძირი ვაზი. რამდენიმე წლის მანძილზე ვცდილობდით ეს რაოდენობა გაგვეზარდა და ჩავყარეთ გორული მწვანე და თავკვერი. სამწუხაროდ, გვალვებისა და სარწყავი სისტემის უქონლობის გამო ვერ მოხერხდა ახალი ვაზის გახარება.
მეორე ნაკვეთი ეზოზეა მიბმული, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ახალი ვაზი ტალავერზე გაგვეშენებინა, მამაჩემმა, რომელიც ამჟამად უკვე 83 წლისაა, აქტიურად დაიწყო ამ საქმეზე მუშაობა და 2017 წელს მოვაწყვეთ ტალავერი, რომლის ფართობმა 350 კვ/მ შეადგინა და მას 75 ძირი გორული მწვანე ემსახურება, ამ მომენტში შენდება მეორე ტალავერიც, რომლის ფართობი დამატებით 350 კვ/მ-ია და მასაც 89 ძირი გორული მწვანე მოემსახურება.
მომავალ წელს სავარაუდოდ კიდევ 200 კვ/მ ტალავერს ავაშენებთ, სადაც გაშენდება შავკაპიტო და თავკვერი. გვაქვს სურვილი მოვიძიოთ და გავაშენოთ უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი ქართლის ვაზის ჯიშები.
- რას გვეტყვით ქვევრზე, ქვევრის ღვინოზე?
- რაც შეეხება ქვევრს, მიმაჩნია, რომ მასში ღვინის დაყენების რვაათასწლოვანი ტრადიცია და კულტურა არის ქართული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი. მასში დაყენებულ ღვინოს გამორჩეული გემო და არომატი აქვს. ძალიან ბევრი უცხოელი აღფრთოვანებული რჩება ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიითა და ჩვენი ტრადიციებით. ამ ყველაფერს შენარჩუნება, მოფრთხლება და განვითარება ჭირდება.
- მთელი ოჯახი ჩართული ხართ მეღვინეობაში?
- დიახ მთელი ჩვენი ოჯახი თავდაუზოგავად შრომობს, როგორც მევენახეობაში, ასევე მეღვინეობაშიც. მყავს ორი შვილი: ბიჭი, რომელიც მომავალ წელს აბიტურიენტი იქნება და სავარაუდოდ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩააბარებს და გოგო, რომელიც ჯერ 11 წლისაა.
ნელ-ნელა ვსწავლობთ და ვინაწილებთ საქმეებს ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ვინაიდან გვიწევს ქალაქიდან სოფელში სიარული ყოველ შაბათ-კვირას ვენახის მოსავლელად. მაგალითისათვის გეტყვით: ვენახების გათიბვა ჩემმა ვაჟმა ითავა, მეუღლე გაფურჩქნით არის დაკავებული, გასხვლასა და სხვა დანარჩენ საქმეებს კი მე ვასრულებ.
რთული შაბათ-კვირის შემდგომ იწყება ქალაქური ცხოვრება და მეღვინეობა ქალაქ რუსთავში, სადაც ანალოგიურად მევენახეობისა, ყველას თავ-თავისი საქმე გვაბარია. მეღვინეობაში უკვე გოგოც ერთვება და გადაღების შემდგომ ჭურის დახურვაში გვეხმარება და აყალოს ზილავს თავისი პატარა ხელებით.
- ბუნებრივ (ნატურალურ) ღვინოს აყენებთ?
- რა თქმა უნდა. მინდა გითხრათ, რომ ნატურალური ღვინო ახალი ტენდენციაა საქართველოში და რაც მთავარია, ეს კარგი ტენდენციაა - მეღვინე არ ერევა უხეშად ღვინის დაყენებაში. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის ღვინო ყოველთვის უფრო მაღალ დონეზე და უფრო მოთხოვნადი იქნება, ვიდრე მასობრივი წარმოების ღვინო.
- რამდენი ქვევრი გაქვთ და თუ გეგმავთ მარნის გაფართოებას?
- საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციას, ხომ უძველესი დროიდან მისდევენ და ასევე იყო ჩემი დიდი პაპის ოჯახიც, რომელიც საჩხერიდან მიწის უკმარისობის გამო, გადმოვიდა ფრონის ხეობაში და დააარსა ჩვენი სოფელი. იგი ქართული ტრადიციების მიმდევარი იყო, რაც დასტურდება იმით, რომ სახლის აშენებისთანავე მოაწყო მარანი, ჩაყარა ქვევრები, ტყეში თავისივე ხელით გამოთლილი ცაცხვის 5-მეტრიანი საწნახელი ურმებით ჩამოიტანა და მასში წურავდა ღვინოს. ეს წინაპრისეული საწნახელი, რომელიც დღეს ჩვენს ქალაქურ მარანს ამშვენებს, იყო საწინდარი ჩვენთვის ქვევრის ღვინის დაყენებისა. გვსურდა წინაპრების მიერ შემონახული ადათ-წესები გაგვეგრძელებინა.
ჩვენს მარანში ამჟამად 220-ლიტრიანი 15 ქვევრი და 110-ლიტრიანი 3 ქვევრია, უხეშად, რომ ვთქვათ 4 ტონის ჭურჭელია, რაც ამ ეტაპისათვის სავსებით საკმარისია ჩვენთვის.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი