
ლევან სეფისკვერაძე
კახეთის მსგავსად, ქართლშიც ვერ არის ისეთი მოსავლის წელი, როგორსაც მევენახეები ისურვებდნენ. არადა, წელი კარგად დაიწყო. ზომიერად ცივი და თოვლიანი ზამთრის შემდეგ, გაზაფხულზე კვირტის გამოტანას და ყვავილობას არ დაუგვიანია. მარტი თბილი და მშრალი ამინდებით გამოირჩა და თითქოს არაფერი იყო საგანგაშო. თუმცა, აპრილის დასაწყისში მდინარეების: მეჯუდას, ტანას, ლეხურასა და დასავლეთ ფრონეს ხეობებში ისევ აცივდა და ამას თანმხლებმა ძლიერმა ქარებმა მოსავლის ნაწილი კვირტის გამოტანისთანავე გააფუჭა. იყო ვენახის მოყინვის შემთხვევებიც. აპრილის ბოლოს დაიწყო წვიმიანი ამინდები, რამაც გაააქტიურა სოკოვანი დაავადებები და ქართლელი მევენახეები თითქმის მთელი მაისი და ივნისი ჭრაქს ებრძოდნენ.
თითქმის მთელს ქართლში ივლისი ცხელი იყო. თუმცა, კასპის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტებში წვიმები ივლისშიც მოვიდა. გორში ზოგიერთ მევენახე-მეღვინეს 10-11 წამლობა დასჭირდა მოსავლის გადასარჩენად, რაც ამ მხარისთვის უჩვეულოდ ბევრია.
სეტყვა წელს ქართლში ნაკლებად იყო. მაისში კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცირედ ისეტყვა, მაგრამ ამას მოსავლის რაოდენობაზე და მით უფრო - ხარისხზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.
თენგო დვალიშვილი, მარანი TD Winery (გორის მუნიციპალიტეტი): „პრობლემები წელსაც არ გვაკლდა. ნაცარს და ჭრაქს ვებრძოდით მთელი ზაფხული, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც შევძელით მოსავლის გადარჩენა და იმ კონდიციამდე მიყვანა, რაც იმედს გვაძლევს, რომ კარგი ღვინო გვექნება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას და თითქმის ყველა ის ჯიში გვაქვს გაშენებული, რაც ქართლში დღეს საწარმოოდ შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენი სიამაყეა შავი ჩინური, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობითაა ქართლში შემორჩენილ. ჩვენ ვენახებს ორგანული მევენახეობის წესებით ვუვლით, ამიტომ მოსავალი დიდი არ გვაქვს. თუმცა, ყურძენი ისეთ კონდიციაში დავკრიფეთ, რომ მჯერა, კარგი ღვინო დაგვიდგება. ღვინოებიც განსხვავებული მინდა დავაყენო. წელს უკვე მეორედ მექნება პეტ-ნატის დამზადების მცდელობა. ქართლის ვაზის ჯიშებს ამ მიმართულებითაც დიდი პოტენციალი გააჩნია“.
მცხეთაში იდეალურად მშრალ აგვისტოს წვიმიანი სექტემბერი მოჰყვა, რამაც რთველი გაართულა. წვიმის გამო რთვლის დაგეგმვა რთული საქმეა იმ მევენახე-მეღვინეებისათვის, რომლებიც ყურძენს არ ყიდიან და მხოლოდ საღვინედ მოიხმარენ. ე.წ. ყურძნის ჩამბარებლებს კი წვიმა, რასაკვირველია, ხელს არ უშლით - მოსავალი შეუძლიათ თუნდაც თქეშ წვიმაში დაკრიფონ და წვიმაშივე მიიტანონ ჩასაბარებელ ობიექტში. ხოლო მეღვინე, ვინც ღვინოს საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნისგან აყენებს, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დასაკრეფი ყურძნის მწიფობის კონდიციას, ხარისხს და საღვინე პოტენციალს.
იაგო ბიტარიშვილი. „იაგოს მარანი“ (მცხეთის მუნიციპალიტეტი): „მცხეთის სოფლებში ძალიან ცუდი წელი გვქონდა. ჯერ იყო და, გაზაფხულზე ვენახს ყინვამ დაარტყა და მოსავლის ნაწილი დაგვიკარგა. მერე ძალიან ცივი და ნალექიანი გაზაფხული იყო, რაც ხელს უწyობს სხვადასხვა დაავადებებს. აგვისტო იყო სტრესულად მაღალი ტემპერატურით გამორჩეული და მშრალი. ახლა რთვლის პერიოდი მოვიდა და ხალხს საშუალება არ ეძლევა, რთველი დროულად ჩაატარონ, რადგან ყოველდღე წვიმს. მარტო ტალახი არაა პრობლემა. წვიმაში ყურძენი დიდი რაოდენობით წყალს იღებს, რაც ღვინისთვის ძალიან ცუდია. მოკლედ, რთული წელია. თუმცა, აღარც კი მახსოვს ბოლო რომელი წელი არ იყო რთული. ბოლო დროს კლიმატის ცვლილებამაც ძალიან იჩინა თავი“.
ყურძნის კრეფა ქართლელებმა სექტემბრის 20 რიცხვიდან დაიწყეს. გამოანათა თუ არა მზემ, მიჯრით 2-3 დღის მანძილზე, ვენახები მკრეფავებით გაივსო, რადგან ყველა ეშურებოდა მოსავლის დროულად დაბინავებას. მიუხედავად რთული წლისა, ქართლში რთველი მაინც შედგა და ადგილობრივი მევენახეებისგან იმედიანი სიტყვებიც ბევრი მოვისმინეთ.
ალექსანდრე მენთეშაშვილი, მევენახე (ქარელის მუნიციპალიტეტი): „ქარელის სოფელ რუისში შარშან ჩავყარე 200 ძირი ჩინური და ჩემი ამჟამინდელი მიზანი არა ყურძნის მოსავლის მიღება, არამედ ვაზის ნორმალურად და უდანაკარგოდ გაზრდაა. მაისში ისეთი წვიმები იყო, სულ ვენახში მომიწია ყოფნა, რომ დაავადებებს მზად დავხვედროდი. მეზობლები დამცინოდნენ, ბარემ ვენახში დასახლდიო,მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი მონდომება ფუჭი არ ყოფილა და უდანაკარგოდ გამოვატარე ვენახი, აგერ, მეორე წელია. ჯერ მარანი არ მაქვს, მაგრამ ორი წლის მერე სრულ მოსავალს როცა მივიღებ და პარალელურად კიდევ დავამატებ ახალ ვაზებს, იმედია, მარანიც მექნება და ყველაფერიც“.
ქართლელს კარგი მოსავალი თუ აქვს, არასოდეს იწუწუნებს, რომ მოსავლის გარკვეულ ნაწილს მელიები, ტურები და ჩიტები ჭამენ. ქართლში (განსაკუთრებით კი იქ, სადაც ვენახებია გაშენებული) ტყე იშვიათად გვხვდება, მაგრამ გარეული ცხოველები ვენახებს მუდამ სტუმრობენ და მოსავლის გარკვეული ნაწილიდან „თავისი წილი“ მიაქვთ.
ნიკო ბერიაშვილი, მარანი „ნიაბი“ (კასპის მუნიციპალიტეტი): „ნორმალური წელი იყო. რთველი დავიწყეთ საკოლექციო ვენახში, სადაც ქართლის 6 იშვიათი წითელი ყურძნის ჯიშია გაშენებული. კრეფამ კარგად ჩაიარა, მარცვალი მწიფე და საკმაოდ არომატული იყო, საკმარისი შაქრიანობა და სიმჟავე ჰქონდა წითელი მსუბუქი ღვინის დასაყენებლად. დაავადების კვალი თითქმის შეუმჩნეველი იყო, თუ არ ჩავთვლით მცირე დანაკარგს, რომელიც ვენახში მობინადრე ჩიტებმა გემრიელად მიირთვეს. ეს „დანაკარგი“ ყოველ წელს გვაქვს და შეგუებულიც ვართ რადგან ბუნებას თავისი მიაქვს“.
ქართლში რთველი ჯერ კიდევ გრძელდება. მისი დასრულება დიდწილად ამინდებზეა დამოკიდებული. ხარისხობრივად მოსავალი საშუალოდ შეიძლება შეფასდეს. რაოდენობრივად კი, იშვიათია მევენახე, რომელსაც მოსავლის მინიმუმ 20-30% მაინც რომ არ დაეკარგა. 2025 წლის უკვე ღვინოდ ქცეულ ქართლის მოსავალს „საბოლოო ვერდიქტს“ მეღვინეები და ღვინის მოყვარულები ზამთარში და 2026 წლის გაზაფხულზე გამოუტანენ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი