
- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- ნემსაძეების მარანი ,,ფერისათი’’ განახლებული სახით 2019 წელს შეიქმნა. მარანი მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერსათში. ჩემი მთავარი შთაგონება ჩემი წინაპრები არიან. როდესაც ჩემი წინაპარი პირველად დასახლდა იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენი ვენახი, სახლი, მარანი მდებარეობს, პირველად ვაზი დარგო და შემდეგ ააშენა სახლი.ასე გრძელდებოდა თაობიდან თაობამდე, ჩვენი ოჯახისთვის ვაზი და ღვინო ცხოვრების ნაწილი იყო. სამწუხაროდ, 90 -იანი წლებში ყველაფერი შეიცვალა, ჩვენს ოჯახს ძალიან გაუჭირდა, მშობლებს მოუწიათ სხვა ქვეყანაში წასვლა, ბებოც გარდაიცვალა, ჩემი კატო ბებო (ჩემი მთავარი ინსპირაცია, რომ ეს ყველაფერი კარგად გავაკეთო), ნელ-ნელა ვენახი მოუვლელობით გახმა, განადგურდა. სახლიც დაინგრა და ყველაფერი გაჩერდა იქ, სადაც ყოველთვის უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, იყო დღესასწაულები, ისმოდა სიმღერა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს რომ ვხედავდი, ძალიან განვიცდიდი.
2019 წელს მთელი ოჯახის დახმარებით ისევ დავრგეთ ვაზი, ისევ ავაშენეთ სახლი და შემდეგ მარანიც, ძალიან დიდი წვლილი აქვს მიღებული ჩემს მამიდაშვილს, ჩემს ძმას, ბიძაჩემს და კიდევ უამრავ ადამიანს. ამ ადგილმა ისევ დაიბრუნა სიცოცხლე, ჩემი მშობლები ახლა შვილივით უვლიან ვაზს. ჩემთვის მეღვინეობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და წინაპრების საქმის გაგრძელება, რომელიც თითქმის დაიკარგა.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
- ჩვენს ვენახში გაშენებული გვაქვს ცოლიკაური, ციცქა და საფერავი. თითოეულ ჯიშს თავისი განსაკუთრებული ხასიათი და შესაძლებლობა აქვს, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო საფერავია.
დღეს საფერავი ძირითადად კახეთთან ასოცირდება, მაგრამ ისტორიულად ის კოლხეთის დაბლობზეც გვხვდებოდა. სწორედ ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ამ ჯიშის დაბრუნება დასავლეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ აქ ძალიან კარგად გრძნობს თავს, კარგად ეგუება გარემო პირობებს. ჩვენი ვენახი ფერდობზეა გაშენებული, მთელი დღე მზე დაჰყურებს და ძალიან მაღალ შაქრიანობას იღებს ყურძენი, საფერავს სექტემბრის დასაწყისში ვკრეფთ. ძალიან საინტერესო, გამორჩეული ხასიათის ღვინო დგება.
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?
- მცირე მარნებისთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაზრდილი ხარჯებია - ვენახის მოვლა, წამლობა, მუშახელი, ბოთლები და შეფუთვა წლიდან წლამდე ძვირდება. ასევე დიდ პრობლემას ქმნის ამინდის არასტაბილურობა, ერთი ცუდი სეზონიც კი შეიძლება ძალიან მძიმე იყოს პატარა მარნისთვის. ჩვენ, ვინც ბუნებრივ ღვინოს ვაწარმოებთ, ვენახსაც ბუნებრივ წამლობას ვუტარებთ, რაც ხშირად ძალიან რთულია, შარშან მოსავლის 60% გაგვიფუჭდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ცნობადობა და რეალიზაცია, ბევრი ხარისხიანი ღვინოა, მაგრამ მცირე მარნებს უჭირს ფართო ბაზარზე თავის დამკვიდრება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დღეს უფრო და უფრო იზრდება ინტერესი ოჯახური, ავთენტური და ქვევრის ღვინის მიმართ, რაც მცირე მარნებისთვის დიდი მოტივაცია და შესაძლებლობაა.
- თქვენი აზრით, რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- საბედნიეროდ, საქართველოში ღვინის ხარისხი განსაკუთრებით მცირე მარნებში იზრდება. დღეს ბევრი პატარა მარანი ცდილობს შექმნას ავთენტური, ხარისხიანი და საინტერესო ღვინო.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები და შეზღუდვები უფრო სწორად იყოს მორგებული. მცირე მარნები ისედაც ძალიან შეზღუდულ პირობებში მუშაობენ, დიდი შრომა, ფინანსური სირთულეები და უამრავი პასუხისმგებლობაა. სირთულე ისიც არის, რომ მცირე მარნებისთვის ეს საქმიანობა ჯერ ვერ გახდა ძირითადი შემოსავლის წყარო, მარანი და ვენახი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ამიტომ ჩვენ გვიწევს პარალელურად სხვა საქმეც ვაკეთოთ. ვფიქრობ, ზედმეტი ბიუროკრატია პატარა მარნებისთვის უფრო დამაბრკოლებელი იქნება. რა თქმა უნდა, ხარისხის შემოწმების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, მივესალმები, უბრალოდ ხარისხი, ალბათ, იქ უფრო უნდა მოწმდებოდეს, ვინც 5 ლარად ყიდის ერთ ბოთლ ღვინოს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა, ქართული ღვინო ბევრ ქვეყანაში იყიდება, მაგრამ ეს ძალიან ცოტა რაოდენობაა, ჩათვალეთ, ეს არაფერი არ არის და არავინ არ გვიცნობს. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი გვაქვს სამუშაო.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხიანი ბოთლების წარმოებაა საქართველოში. დღეს ხარისხიანი ბოთლის შეძენა სპეციალური შეკვეთით არის შესაძლებელი, რაც ძალიან ძვირი ჯდება. მცირე მარნებს ამის საშუალება არ გვაქვს. არადა, კარგი ღვინო იმსახურებს კარგ ბოთლს, კარგ ეტიკეტს და ხარისხიან შეფუთვას, ეს ყველაფერი საბოლოო პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ვისურვებდი, რომ ქართველ ხალხი გადავიდეს ე.წ. (20-იანიდან) ხარისხიან ბოთლის ღვინოზე, აქაც ბევრი სამუშაოა.

- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?
ჩვენ ღვინოს ტრადიციულად, ქვევრებში (ჭურებში) ვაყენებთ. დუღილი სპონტანურად მიმდინარეობს, ბუნებრივი საფუვრების დახმარებით, რაც ღვინოს უფრო ცოცხალ და განსხვავებულ ხასიათს აძლევს. ციცქას და ცოლიკოურს ძირითადად იმერული წესით ვაყენებთ. ქვევრში მხოლოდ წვენის დუღილი მიმდინარეობს. თუმცა ცოლიკოურს ხანდახან 10-15 % ჭაჭასთან ერთად ვადუღებთ, რათა უფრო სტრუქტურული და საინტერესო ღვინო მივიღოთ.
საფერავს კი სრულ ჭაჭაზე ვადუღებთ ქვევრში, დუღილის დასრულების შემდეგ, ქვევრში ორი თვე ვტოვებთ, შემდეგ უკვე გადადის უჟანგავი ლითონის ავზებში, ნაწილი საფერავი ფრანგულ მუხის კასრებში ვარგდება, რაც ღვინოს დამატებით სიღრმეს და ხასიათს აძლევს.
ძალიან მნიშვნელოვანია სისუფთავე, ღვინოსთან მუშაობისას ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღებით და დისციპლინით ვეკიდები. შეიძლება ითქვას, რომ ექიმივით ვუვლი ყველაფერს და დეზინფექციას ვუტარებ.
ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით, სიმართლით, სიმღერით, კარგი განწყობით და პატიოსნად ვაკეთებ, ისე კარგი ღვინის შექმნა შეუძლებელია.
- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო განვითარდეთ და ცოტა გავიზარდოთ. უფრო მეტი ვისწავლო, დავაკვირდე ჩემს ღვინოებს. შემოდგომაზე ვაპირებთ ახალი ვაზის გაშენებას. ასევე მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდა, ჯერ თითქმის არ გვიცნობენ, ბერმა ადამიანმა ჩვენი ღვინოების შესახებ არ იცის.
აქტიურად ვმონაწილეობთ ღვინის ფესტივალებში და გამოფენებზე, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. შარშან ამერიკაში, ნიუ-იორკში ვიყავით ბუნებრივი ღვინის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ქართული ღვინის ფესტივალზე Amber Georgia-ზე. წელს კიდევ რომში Roma Wine Expo-ზე ვმონაწილეობდით, იმერული ღვინის კლუბ ,,ცოლიკაური’’-ის მხარდაჭერითა და ორგანიზებით. მუდმივად ვმონაწილეობთ ღვინის კონკურსებში, გვაქვს რამდენიმე პრიზიც, ეს კი დიდი გამოცდილებაა
სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებთ განაცხადი გავაკეთოთ და გავხდეთ ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრები, რადგან ვფიქრობ, მარნისთვის, რომელიც ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, ასეთი გაერთიანების წევრობა მნიშვნელოვანია როგორც განვითარების, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ცნობადობისა და გაყიდვების მიმართულებით. გვინდა მარკეტინგულ მხარესაც მეტი ყურადღება დავუთმოთ, რადგან დღეს ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია, როგორ წარადგენ შენს ისტორიასა და ღვინოს.
ჩვენ არ გვაქვს გეგმაში დიდი საწარმო გავხდეთ, გვინდა დავრჩეთ მცირე მარნად, რომელიც აწარმოებს ხარისხიან და გულწრფელ ღვინოს.
დამწყებ მევენახე-მეღვინეებს კი ვურჩევ, ეს გზა ძალიან გააზრებულად აირჩიონ. მეღვინეობა ჩვეულებრივი სამსახური არ არის - ეს ჩვენი კულტურის, იდენტობის და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. ამ საქმეს ძალიან დიდი შრომა, მოთმინება და გულწრფელობა სჭირდება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მართლა უნდა გიყვარდეს ეს საქმე, სხვანაირად არაფერი გამოვა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი