
„თუ მათი მეღვინეობა წინააღმდეგობის აქტია, მინდა ამ რევოლუციას შევუერთდე“
ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა კენტრინ კოულის სტატია, რომელშიც ავტორი სხვადასხვა ღვინის რეგიონზე საუბრობს.
ღვინო ზოგისთვის სასმელია, სხვებისთვის კი - ისტორია, გემოებით მოყოლილი წარსული. სწორედ ამ ხედვით იწყებს კეტრინ კოული თავის მოგზაურობას იმ რეგიონებში, სადაც მეღვინეობა მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობა არ არის, ეს არის იდენტობის, ენისა და დამოუკიდებლობის გამოხატულება. სწორედ ასეთ ადგილებად აღწერს კეტრინ კოული იმ რეგიონებს, რომლებიც მის გულს განსაკუთრებულად ხიბლავენ: ბასკეთის ქვეყანა, კატალონია, კანარის კუნძულები, იტალიის სამხრეთი ტიროლი, სიცილია და სარდინია. ამ რეგიონებს აერთიანებთ ძლიერი დამოუკიდებლობის სულისკვეთება და სიმყარე ადგილობრივი იდენტობისადმი .
ავტორი მოგზაურობს კორსიკაში, საფრანგეთის ნახევრად ავტონომიურ კუნძულზე, სადაც, მისი სიტყვებით, “ღვინოები ხმამაღლა ჰყვებიან მიწის ისტორიას”. კუნძული ცნობილია თავისი მთებით, ზღვისპირა კლდეებითა და მცენარეებით სავსე ველებით. სწორედ ამ მცენარეებში იმალება ის სურნელი, რომელიც კორსიკულ ღვინოს განასხვავებს სხვებისგან — ევკალიპტის, დაფნის, პიტნის, მურტის, როზმარინის ტონები.
მაგრამ კორსიკა მხოლოდ ბუნების სილამაზე კი არა, ადამიანური შეუდრეკელობის სიმბოლოცაა. კორსიკელები ოდითგან ცნობილნი იყვნენ თავიანთი მტკიცე ხასიათით, შურისმაძიებლობითა და ხელოვნებისადმი სიყვარულით. სწორედ ამ ხალხისგან და მათი რომაული, ბერძნული და ეტრუსკული ფესვებიდან დაიბადა ღვინო, რომელიც დღემდე ამაყად ატარებს კუნძულის იდენტობას.
როცა კორსიკული ღვინო საფრთხეში აღმოჩნდა
1960-70-იან წლებში კუნძულზე დაახლოებით 17,000 ფრანგი კოლონისტი ჩამოვიდა ალჟირიდან, რომელიც საფრანგეთის მმართველობისგან განთავისუფლდნენ. მათ სახელმწიფოსგან დიდი მიწები მიიღეს და დაიწყეს მასშტაბური, ინდუსტრიული მეღვინეობა. შედეგად, ვენახების ფართობი ოთხჯერ გაიზარდა, მაგრამ კორსიკული ღვინის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაეცა — ადგილობრივი ტრადიცია კომერციულმა წარმოებამ ჩაანაცვლა.
1975 წელს კი ყველაფერი შეიცვალა: ადგილობრივმა მეღვინეებმა და აქტივისტებმა, იარაღით ხელში, დაიკავეს ერთ-ერთი კოლონისტის მარანი ალერიაში. ეს შემთხვევა გადაიქცა სიმბოლოდ — დაიწყო მოძრაობა Riacquistu, რომლის მიზანიც იყო კორსიკული მემკვიდრეობის დაბრუნება ენით, მუსიკით და, უპირველესად, მეღვინეობით.
ახალი თაობა და ძველი ჯიშების აღორძინება
ივ ლეჩია, პოჯო დ’ოლეტას მეღვინე, იხსენებს, როგორ აიღო მისმა მამამ თოფი 1975 წლის მოვლენებისას მეგობრების დასახმარებლად. დღეს ის ამაყად ამბობს, რომ ბრძოლა მოგებულია — კორსიკულმა მეღვინეობამ სულიერი დამოუკიდებლობა დაიბრუნა. თუმცა, მისი აზრით, ბრძოლა გრძელდება: საჭიროა, რომ ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი ყურძნის ჯიშებიც აღიარებულთა შორის მოხვდეს.
ამჟამად მხოლოდ სამი ტრადიციული ჯიშია ოფიციალურად აღიარებული: ვერმენტინუ, ნიელუჩიუ და შიაკარელუ. მაგრამ მრავალი მეღვინე — მათ შორის ჟან-შარლ აბატუჩი — ცდილობს, გადაარჩინოს სხვა უძველესი ჯიშებიც, როგორიცაა მინუსტელუ, ბიანკუ ჯენტილე, კოდივარტა, რიმინეზე და გენოვეზე. აბატუჩის თქმით, “პარადოქსია, რომ საუკეთესო კორსიკული ღვინოები ხშირად ითვლება უბრალო Vin de Table-ად, მაშინ როცა ისინი ასახავენ 3,000-წლიან ისტორიას”.
ღვინო, როგორც წინააღმდეგობის ფორმა
კორსიკაში ტრადიციული მეთოდები ისევ ცოცხლობს. ანნ ამალრიკი და მისი ქალიშვილი პოლინი აშენებენ ვენახს, რათა გადარჩეს ძველი ყურძნის გენეტიკური სიმდიდრე. ისინი იყენებენ ბუნებრივ პრაქტიკებს — მაგალითად, ცხვრის მატყლს ტენიანობისგან დასაცავად და ზღვის წყალს, სპილენძისა და გოგირდის ნაცვლად. სხვა მეურნეობები, როგორიცაა Clos Culombu, ბიოდინამიკურ მეურნეობას მისდევენ და ძველი სოფლის ტრადიციების აღორძინებას უწყობენ ხელს.
ჟან-შარლ აბატუჩი ამას „ისტორიულ სოფლის მეურნეობას“ უწოდებს. მისთვის ადგილობრივი ყურძენი არა მხოლოდ აგრარული რესურსია, არამედ დროის მოწმე — სიმბოლო იმისა, რომ კულტურა შეიძლება იყოს ცოცხალი წინააღმდეგობა გლობალური ერთფეროვნების წინააღმდეგ. მისი თქმით, “ღვინის წარმოება მეხსიერების შენარჩუნებაა, მაგრამ ამავე დროს — მომავლის შენება.”
კეტრინ კოული აღიარებს, რომ ადრე ხშირად ირონიულად უყურებდა საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფოს ჩარევის შიშს, მაგრამ ამ მოგზაურობამ სხვა პერსპექტივა აჩვენა: უცხოელი მეღვინეები, რომლებიც ტრადიციებს იცავენ ბიუროკრატიისა და კომერციული წნეხის მიუხედავად, დღეს მისთვის გმირების ტოლფასნი გახდნენ.
“თუ მათი მეღვინეობა წინააღმდეგობის აქტია,” — წერს ავტორი — “მინდა ამ რევოლუციას შევუერთდე.“
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი