
პოლონეთის დედაქალაქმა, ვარშავამ, ქართული ღვინის პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. ღონისძიება გაიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი პოლონური მარკეტინგული კომპანია „People PR“-ის ორგანიზებით.
ღონისძიება სპეციალურად მოეწყო „HoReCa“ სექტორის - სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების პროფესიონალებისთვის. დეგუსტაციაზე მოწვეულთა შორის იყვნენ ვარშავის მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნების სომელიეები, რესტორნების მენეჯერები და ღვინის ექსპერტები. ჯამში, შეხვედრას დაახლოებით 40 პროფესიონალი სტუმარი დაესწრო.
პრეზენტაცია მოიცავდა არა მხოლოდ ღვინის დეგუსტაციას, არამედ სემინარსაც, რომელიც დაეთმო ქართული ღვინის კულტურას, მისი უნიკალური წარმოების ტრადიციებსა და პოლონეთის ბაზარზე გაყიდვების ზრდის შესაძლებლობებს. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა დეგუსტაცია-მასტერკლასი, სადაც მონაწილეებმა ისწავლეს, როგორ შეიძლება ქართული ღვინის შეხამება სხვადასხვა ქვეყნის კერძებთან.
ღონისძიების წამყვანები იყვნენ ცნობილი პოლონელი სომელიეები - შიმონ მილონასი, რომელიც ასევე იმპორტიორი და სერტიფიცირებული HoReCa ტრენერია, და იან კნაბერი, მიშელინის ვარსკვლავის მქონე ერთ-ერთი რესტორნის სომელიე. მათი ხელმძღვანელობით წარმოდგენილი იყო ცხრა განსხვავებული ქართული ღვინო, რომლებიც აერთიანებდა როგორც კლასიკურ, ისე ქვევრის ტექნოლოგიით წარმოებულ ნიმუშებს.
პრეზენტაციის ფარგლებში ასევე მოეწყო მცირე ფორმატის “Walk-around” დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად გასცნობოდნენ პოლონეთში მოქმედი ექვსი ქართული ღვინის იმპორტიორის პროდუქციას. ღონისძიებას მხარი დაუჭირა პოლონეთის სომელიეთა ასოციაციამ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ პოლონეთის ბაზარი ქართველ მწარმოებლებს მზარდი ინტერესით უყურებს.
პოლონეთი უკვე წლებია წარმოადგენს სტრატეგიულ ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტო პოლონურ მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR“ თანამშრომლობს 2022 წლიდან, და ამ პერიოდის განმავლობაში პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად იზრდება.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში პოლონეთში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 5,7 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით მეტია.
აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯია ქართული ღვინის გლობალური ცნობადობისა და გაყიდვების ზრდის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ქვეყნის როგორც ღვინის უძველესი კულტურის, ისე თანამედროვე მეღვინეობის ინდუსტრიის საერთაშორისო პოპულარიზაციას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი