Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

სარა ებოტი (MW): "საქართველო გვთავაზობს იმას, რაც მასობრივი წარმოების ღვინოს აკლია — ინდივიდუალურობას და ადგილთან ღრმა კავშირს"

თამარ მღებრიშვილი

სარა ებოტი MW (Master of Wine) არის ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი ფიგურა, რომლის საქმიანობაც აერთიანებს მარკეტინგულ სტრატეგიას, განათლებას, კულტურულ ანალიზსა და ღვინის რეგიონების გლობალურ პოზიციონირებას. 2008 წელს ის გახდა Master of Wine — ეს ტიტული არა მხოლოდ პროფესიული კომპეტენციის მაღალ დონეს მოწმობს, არამედ მოითხოვს ღრმა კრიტიკულ ანალიზს, გლობალური ხედვის ფლობასა და სფეროს მუდმივ კვლევას.

სარა ებოტის პროფესიული ინტერესების სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ისეთ თემებს, როგორიცაა ადგილობრივი ვაზის ჯიშების პოპულარიზაცია, ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონების აღმოჩენა საერთაშორისო ბაზრებისთვის და ღვინის კომუნიკაციის მოდერნიზაცია. იგი არის სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანიის Swirl Wine Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც მუშაობს როგორც საჯარო სექტორთან, ისე კერძო ღვინის ბრენდებთან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოსა და ქართული ღვინისადმი გამოიხატება მრავალწლიან ინტერესში ჩვენი მეღვინეობის ისტორიის, ტექნოლოგიების და კულტურული ღირებულებების მიმართ. იგი ხშირად გამოყოფს ქართულ ღვინოს როგორც უნიკალურ ფენომენს, ქვევრის ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოს, ადგილობრივ ვაზის ჯიშებსა და მეღვინეობასა და კულტურას შორის მჭიდრო კავშირს. ამავდროულად, იგი გულწრფელად საუბრობს ინდუსტრიის გამოწვევებზე — იქნება ეს ხარისხის სტანდარტიზაცია, ბრენდინგი თუ სტრატეგიული პოზიციონირება საერთაშორისო ბაზრებზე.

სარა ებოტის ხმა მნიშვნელოვანია იმ გლობალურ დისკურსში, სადაც ღვინო განიხილება არა მხოლოდ როგორც პროდუქტი, არამედ როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკური პოტენციალი და ადამიანური ქმნილების გამოხატულება. მის მოსაზრებებს ენდობიან როგორც ღვინის პროფესიონალები, ისე პოლიტიკის შემმუშავებლები და კულტურის მენეჯერები.

„ღვინის კლუბის“ ინტერნეტგამოცემამ - vinoge.com სარა ებოტთან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც ის გვიზიარებს შეხედულებებს ქართული ღვინის შესაძლებლობებზე, გლობალურ ტენდენციებზე, ადგილობრივი კულტურის მნიშვნელობაზე ბრენდის მშენებლობაში და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ღვინის სექტორს გახდეს როგორც ტრადიციული, ისე პროგრესული ღირებულებების მატარებელი ძალა თანამედროვე მეღვინეობის რუკაზე.

- ღვინის გაყიდვებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკლო, რა არის ამის მიზეზი და თქვენი აზრით, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ამგვარი კრიზისი?

- ტრადიციული ბაზრებზე გაყიდვების შემცირების მიზეზი კომპლექსურია და ამას რამდენიმე გადამკვეთი ფაქტორი განაპირობებს: ეკონომიკური გაურკვევლობა, ხარჯების ზრდა, ცხოვრების სტილის ცვლილება (განსაკუთრებით ჯანმრთელობასა და ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულების კუთხით) და თაობებს შორის არსებული განსხვავებული ინტერესი ღვინის მიმართ.  ახალგაზრდა მომხმარებლები ხშირად ეძებენ უფრო ჩვეულებრივ,  გამჭვირვალე და ღირებულებებზე ორიენტირებულ ბრენდებს და ღვინო ყოველთვის ვერ ახერხებს ამ ცვლილებებთან ადაპტაციას. მე ამას მოკლევადიან კრიზისად არ ვთვლი, არამედ გრძელვადიან გადატვირთვად. ეს ინდუსტრიისთვის შესაძლებლობაა, კვლავ გახდეს უფრო ინკლუზიური, კრეატიული და აქტუალური. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ახალი ბაზრები, სადაც ღვინის გაყიდვები იზრდება, მაგალითად, აფრიკის კონტინენტის, ინდოეთისა და ბრაზილიის ძირითად ბაზრებზე.  რაც გლობალურ ღვინის ბაზარზე ხდება, მე ამას კრიზისად არ შევაფასებდი.

ღვინო და ჩვენ ვცხოვრობთ ინტენსიური გაურკვევლობის, ცვლილებებისა და რისკების ეპოქაში... მაგრამ როდის არ იყო ასე? ჩვენი კრიზისები კლიმატური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ჰუმანიტარულია. ღვინო მხოლოდ ერთი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ უმკლავდება კაცობრიობა ამ კრიზისებს.

 - თქვენი შეფასებით, როგორია ქართული ქვევრის ღვინის და ქარვისფერი ღვინის მომავალი მსოფლიო ბაზარზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ტიპის ღვინოს რამდენიმე წლის წინ საქართველოს გარეთ, ფაქტობრივად, არ იცნობდნენ და უცხოელ მასობრივ მომხმარებელში ჯერ კიდევ განსხვავებულ, ეგზოტიკურ და ზოგჯერ მიუღებელ ღვინოდ აღიქმება.

- ქვევრისა და ქარვისფერი ღვინოები მხოლოდ ცნობისმოყვარეობის საგანი აღარ არის. ისინი რეალურ პოზიციებს იკავებენ პრემიუმ კლასის ჰორეკა-სექტორში და სპეციალიზებულ საცალო ბაზრებში. „ფორთოხლის ღვინო“ — ეს ტერმინი გამოიყენება ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები და სწრაფად მზარდ კატეგორიას წარმოადგენს. ქართული ქარვისფერი ღვინის ავთენტურობა და ღრმა კულტურული ფესვები გამორჩეულად ერგება იმ მომხმარებლების გემოვნებას, ვინც ეძებს ხელნაკეთ ღვინოს ისტორიულ კონტექსტთან ერთად. თუმცა, მათი ფართო მიმზიდველობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შევძლებთ მათი უნიკალურობის გადმოცემას ისე, რომ არ დავაბნიოთ აუდიტორია. განათლება, სტაბილური ხარისხი და საკვებთან შეხამების მრავალფეროვნება არის მთავარი ფაქტორები, რომლებიც ამ ღვინოებს დაეხმარება ნიშური სტატუსის გადალახვაში.

დღეს ჩვენ ვხედავთ „დახვეწილი ქვევრის“ ღვინოების გამოჩენას, ელეგანტური სტილის ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ზომიერად, დაბალანსებულად და კონტროლირებადი ექსტრაქციით. თუმცა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ქართულ ტრადიციულ ღვინოებს — იქნება ეს წითელი, თეთრი თუ ქარვისფერი — ექსტრაქციის ჭარბი ინტენსივობის პრობლემა ხშირად ჰქონდათ.  საჭიროა პროფესიული თავდაჯერება, რომ მეღვინემ აირჩიოს უფრო მსუბუქი, ნაზად გამოხატული მიდგომა.

- თუ გაგისინჯავთ "ჭაჭა" - ქართული ტრადიციული მაგარი სასმელი და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რა პოტენციალი აქვს მას?

- დიახ, არაერთხელ გამისინჯავს ჭაჭა — ეს სასმელი ძალისა და გამორჩეული ხასიათის მატარებელია. გლობალურად სულ უფრო იზრდება ინტერესი ადგილობრივი წარმოშობისა და კულტურული მემკვიდრეობის მქონე დისტილატების მიმართ. ჭაჭასაც აქვს პოტენციალი, რომ დაიკავოს ღირსეული ადგილი ისეთი სასმელების გვერდით, როგორიცაა მესკალი ან გრაპა. თუმცა, ამ გზის წარმატებით გასავლელად აუცილებელია მკაფიო და მიმზიდველი ბრენდინგი, ხარისხის სტანდარტების განსაზღვრა და აქცენტის გაკეთება არა მხოლოდ სიმაგრეზე, არამედ ჭაჭის, როგორც სენსორული და კულტურული გამოცდილების ღირსეულად წარმოჩენაზე, კერძოდ — მისი „ყლუპ-ყლუპით“, დატკბობის მიზნით დალევის კულტურაზე.

საქართველოში ხელნაკეთი „ჭაჭის“ წარმოების მდიდარი ტრადიციები ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნისთვის, რომ ამ მიმართულებით გახდეს ლიდერი და „ჭაჭას“ მისცეს ახალი, საერთაშორისო სიცოცხლე.

- რას მიიჩნევთ საქართველოს მთავარ კონკურენტულ უპირატესობებად ღვინის გლობალურ ბაზარზე?

ავთენტურობა, მრავალფეროვნება და მემკვიდრეობა. საქართველო გვთავაზობს იმას, რაც მასობრივი წარმოების ღვინოს აკლია: ინდივიდუალურობასა და ადგილთან ღრმა კავშირს. მისი მუდმივი განვითარება, ადგილობრივი ვაზის ჯიშები, ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი და მისი, როგორც ღვინის აკვნის ისტორია, მას გამორჩეულ მიმზიდველობას სძენს.

- ზოგი ამტკიცებს, რომ რეგიონს უნდა ჰქონდეს „ფლაგმანური ღვინო“, რათა გლობალურ ცნობიერებაში მოხვდეს - ეთანხმებით თუ არა?

- გარკვეულწილად, დიახ. ფლაგმანურ ღვინოს შეუძლია კარიბჭის როლი შეასრულოს. ის ახალი მომხმარებლებისთვის ისტორიას ამარტივებს. თუმცა, ის  ასევე წარმომადგენლობითი და ემოციურად მიმზიდველი უნდა იყოს. საფერავი უკვე ასეთ ღვინოდ მიიჩნევა საქართველოსთვის, თავისი თამამი ხასიათითა და დაძველების პოტენციალით. თუმცა, საქართველოს ნამდვილი ძალა მის მრავალფეროვნებაშია და ფლაგმანი უნდა იყოს საწყისი წერტილი და არა მთელი იდენტობა.

- როგორ წარმოგიდგენიათ გლობალური ღვინის ინდუსტრია მომდევნო ათწლეულში და სად შეიძლება მოხვდეს საქართველო ამ რუკაზე?

- გლობალური ღვინის ინდუსტრია მოძრაობს უფრო ფრაგმენტირებული, მაგრამ ღირებულებებზე ორიენტირებული მომავლისკენ, სადაც წარმატებას განსაზღვრავს მდგრადობა, ავთენტურობა და კულტურული თანხვედრა. საქართველო ამ კონტექსტში შესანიშნავად არის  პოზიციონირებული, მაგრამ მან უნდა აიღოს აქტიური როლი ამ მომავლის ფორმირებაში და არ დაკმაყოფილდეს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით.

საქართველო უნდა გასცდეს ტრადიციულ ჩარჩოებს. ლეგენდა იმის შესახებ, რომ საქართველო არის „ღვინის აკვანი“, მართალია, შთამაგონებელი და ძლიერი გზავნილია, მაგრამ როდესაც ეს ხდება მთლიანი ნარატივი, არსებობს რეალური რისკი, რომ  ამან ინდუსტრიის განვითარება დააბრკოლოს. მითი ხშირად ფარავს იმ სტრუქტურულ სისუსტეებს, რაც ქართულ მეღვინეობაში არსებობს — იქნება ეს არათანმიმდევრული ხარისხი, მდგრადობის პრაქტიკის ნაკლებობა თუ სუსტი პროფესიული და ინფრასტრუქტურული ბაზა. წარსულმა უნდა შთააგონოს მომავალი და არა შეაფერხოს.

ქართული ღვინო უნდა იყოს პოზიციონირებული, როგორც სიმტკიცის, ღრმა კულტურული კავშირის, ინოვაციისა და რენესანსის სიმბოლო. ეს არ არის მხოლოდ წარმოშობის ისტორია, ეს არის თანამედროვე ძალა, რომელსაც შეუძლია ლიდერობა. ქართულ ღვინოს შეუძლია განასახიეროს ის, რასაც ღვინო თავისთავად გულისხმობს: კულტურული ღირებულებების შემნახველი და ადამიანის ოსტატობის ნაყოფი.

ამისთვის, ქართულ ღვინის ბრენდებს სჭირდებათ აქტიური, თავდაჯერებული ჩართვა გლობალურ დიალოგებში. საქართველო არ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ საერთაშორისო ღვინის ღონისძიებებში მონაწილეობით. მან თავად უნდა უმასპინძლოს ასეთ ღონისძიებებს. ამავდროულად, ინდუსტრიას სჭირდება ტრენინგების, ლიდერობისა და სტრატეგიული უნარების განვითარება. 

დღესდღეობით მეტი ყურადღება ეთმობა რეკლამასა და ზედაპირულ PR-ს, ვიდრე ხარისხისა და მარკეტინგის საფუძვლიან განვითარებას. ქართველმა მწარმოებლებმა სულ ახლახან დაიწყეს დეტალური ჩანაწერების წარმოება და ტექნიკური ფურცლების (tech sheets) მომზადება თავიანთი ღვინოებისთვის — ის პრაქტიკა, რაც უკვე სტანდარტია კონკურენტებისთვის მსოფლიოს ყველა მოწინავე ბაზარზე. თუ საქართველო გეგმავს კონკურენციას ისეთ განვითარებულ ბაზრებზე, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, აუცილებელია, მეღვინეები მზად იყვნენ სრული გამჭვირვალობისა და ინფორმაციის სრულად მიწოდებისთვის თავიანთი პროდუქტის შესახებ.

სასიხარულოა, რომ ქართული ღვინის ინდუსტრიაში გამოჩნდნენ ლიდერები, რომლებიც ხარისხში და ბრენდის ჩამოყალიბებაში გრძელვადიანი ხედვით და სტრატეგიული მიდგომით იყენებენ რესურსებს. უკვე მიმდინარეობს რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომელიც მუშაობს საერთაშორისო ღვინის კონსულტანტებთან პარტნიორობით, ეს კი ნამდვილად პოზიტიური ტენდენციაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს უძველესი მეღვინეობის ისტორია, იმ ღვინის რეალური აღორძინება, რომელსაც დღეს "ნამდვილი ქართული ღვინო" შეგვიძლია ვუწოდოთ, ჯერ კიდევ 30 წელზე ნაკლებია. ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულება მდგრადობაა. პირადად მე ჯერ არც ერთი ქართული მეღვინეობა არ შემხვედრია, რომელსაც ექნება ფორმალურად ჩამოყალიბებული მდგრადობის ქარტია ან პოლიტიკა. ხოლო ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, აშშ და ჩრდილოეთ ევროპა, შესყიდვების გადაწყვეტილებებს უკვე ხშირად იღებენ სწორედ მდგრადობის სტანდარტებსა და ეთიკურ წარმოებაზე დაყრდნობით. თუ საქართველო ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს არ გადადგამს, არსებობს რეალური რისკი არამარტო გაყიდვების დაკარგვის, არამედ პროდუქტიულობის შემცირებისა და მომავალი გამძლეობის შესაძლებლობების დაკარგვისაც.

მომავალი სავსეა პოტენციალით,  მაგრამ იმისთვის, რომ საქართველომ ეს პოტენციალი რეალურად გამოიყენოს, ღვინის სექტორმა ერთდროულად უნდა გამოავლინოს როგორც სიამაყე, ისე პრაქტიკული, რეალობაზე დაფუძნებული მიდგომა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ქართველი ღვინის პროფესიონალების მიერ გაწეული შრომაც. საქართველო აქტიურადაა ჩართული გლობალურ ღვინის კულტურაში - მერანოს ღვინის ფესტივალიდან დაწყებული, შატო მუხრანში ღვინისა და კინოს ფესტივალით დამთავრებული.

საქართველოში მომზადებული ინგლისურენოვანი ღვინის გამოცემები გამოირჩევა სიღრმით, პროფესიონალიზმითა და თემატური ცოდნით, რაც კარგად ასახავს ქვეყნის მზარდ ინტელექტუალურ როლს ღვინის კომუნიკაციის სფეროში. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული პატივის მიგება მალხაზ ხარბედიას მემკვიდრეობისა და ღვინის განათლების საქმეში შეტანილი ისტორიული წვლილისთვის.

ღვინის ტურიზმი დღითიდღე ვითარდება და მჭიდროდ უკავშირდება როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ისე ქართულ გასტრონომიასა და ადგილობრივი ტერუარის უნიკალურობას. ამის თვალსაჩინო მაგალითია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელმაც კარგად აჩვენა ღვინის, ტრადიციისა და სტუმართმოყვარეობის სინთეზი.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო მალე წარდგება National Geographic Food Festival-ზე ლონდონში,  რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ძლიერად ეხმიანება საქართველოს მეღვინეობის ამბავი გლობალურ აუდიტორიას.

ქართველი პროფესიონალების ახალი თაობა — ღვინისა და ღვინის ბიზნესის სტუდენტები, ასევე ქართველი სომელიეები, რომლებიც უკვე საერთაშორისო აღიარებას იღებენ — აყალიბებენ იმ ინდუსტრიას, რომელიც უფრო თავდაჯერებულია, მეტად ორიენტირებული გარე ბაზრებზე და მზად არის გლობალური კონკურენციისთვის.

დიდი ბრიტანეთის მსგავს ბაზრებზე ჩვენ უკვე ვხედავთ, თუ როგორ იძენს ქართული ღვინო პოზიციებს როგორც პროფესიონალ მყიდველებში, ისე იმ მომხმარებლებში, ვინც ეძებს ღირებულებას, ისტორიასა და ინდივიდუალურობას.

ეს არის გარდატეხის, აღორძინებისა და ახალი ენერგიის ეტაპი. თუ ამ ტენდენციას ერთობლივი, კოორდინირებული და გრძელვადიანი მუშაობით გავაგრძელებთ, ქართულ მეღვინეობას შეუძლია ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ უნიკალურ კულტურულ ფენომენად, არამედ ლიდერად თანამედროვე ღვინის გლობალურ სივრცეში.

- როგორ რეაგირებს ინდუსტრია დაბალალკოჰოლიანი ან უალკოჰოლო ღვინოების ზრდაზე და რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას?

- ინდუსტრია ამას სერიოზულად ეკიდება — და სრულიად სამართლიანად. მიუხედავად იმისა, რომ დაბალალკოჰოლიანი და უალკოჰოლო ღვინის ხარისხი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მოთხოვნა უკვე მყარად ჩამოყალიბებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლებს შორის. ეს ტენდენცია ღვინოს უბიძგებს გახდეს უფრო ინკლუზიური და ადაპტირებადი.

საქართველოსთვის შესაძლებლობა არსებობს მის ბუნებრივად დაბალალკოჰოლიან თეთრ და ცქრიალა ღვინოებში და, შესაძლოა, ისეთი ალკოჰოლისგან თავისუფალი ალტერნატივების შექმნაში, რომლებიც ასახავენ ქვეყნის მემკვიდრეობასა და ტერუარს.

საქართველოს ტრადიციული გაზიანი სასმელები და ხილის სიროფები (კორდიალები) გემრიელი და განსხვავებულია, არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული ჩაიც, რომელიც სულ უფრო ხშირად ჩნდება მაღალი კლასის რესტორნების სადეგუსტაციო მენიუებში, როგორც ღვინის ალტერნატივა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა