
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის „Saperavi Brothers“ ორგანიზებით, მასაჩუსეტსის შტატში ქართული ღვინის დეგუსტაციების სერია გაიმართა. ღონისძიებები ღვინისა და სხვადასხვა პროდუქტების ქსელურ სუპერმარკეტებსა და საცალო გაყიდვების 20 ობიექტში ჩატარდა, რაც მომხმარებლისთვის ქართული ღვინის უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას ქმნიდა.
თითოეული დეგუსტაციის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ საპრომოციო სივრცეში წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ხუთი სახეობის ქართული ღვინო. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სტილისა და ხასიათის ღვინოები და უკეთ გაცნობოდნენ ქართული ღვინოების მრავალფეროვნებას.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ეს დეგუსტაციების ციკლი კომპანიის „Saperavi Brothers“ ორგანიზებით ივლისში დაიწყო და დეკემბრის თვეშიც აქტიურად გრძელდება. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მომხმარებელზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობას.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე მისი ექსპორტის ზრდას აშშ-ში.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნული სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners“ თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, ამერიკის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის კი ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და მისი პოპულარობის ზრდას ამერიკულ ბაზარზე.
ამასთან ერთად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს ამერიკულ იმპორტიორ კომპანიებთან: „A.G Global Trade LLC“, „Saperavi Brothers“, „Vinoveli Inc“, „Corus Systems Inc“, „Georgian House of Greater Washington LLC“, ასევე მარკეტინგულ კომპანიასთან „Big Sky Ranch Inc“, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქართული ღვინის პოზიციებს აშშ-ის ბაზარზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი