Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქალები ღვინის ინდუსტრიაში: ნინო გოზალიშვილის ამბავი

ქართულ მეღვინეობაში სულ უფრო ხშირად გვხვდებიან ქალები, რომლებიც ქართულ ღვინოს ახალ ისტორიებს მატებენ. ერთ-ერთი ასეთი ისტორია სოფელ ბოდბისხევიდან იწყება, თუმცა ამ ამბის საწყისი წერტილი გერმანიას უკავშირდება.

2018 წელს ნინო გოზალიშვილმა და მისმა ბიძაშვილმა, ვახტანგ გოზალიშვილმა, საოჯახო მეღვინეობა „ვერხვიანი“ დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახში, ბოდბისხევში, ღვინოს ყოველთვის აყენებდნენ, ღვინის განსაკუთრებული სიყვარული თავად გერმანიაში ცხოვრების დროს აღმოაჩინა. საღამოობით მისი მასპინძელი ოჯახი სუფრასთან იკრიბებოდა და ერთ ჭიქა ღვინოს სვამდა. სწორედ ამ მშვიდ, ყოველდღიურ რიტუალში ჩაერთო ისიც და ნელ-ნელა ღვინო მისთვის მხოლოდ სასმელი კი არა, კულტურა და გამოცდილება გახდა.

ამასობაში საქართველოში მამა წლების განმავლობაში ვენახს უვლიდა და აშენებდა. სწორედ ამ შრომამ და ოჯახის ტრადიციამ მისცა ბიძგი, რომ თავადაც ჩართულიყო მეღვინეობაში. 2018 გადაწყვიტა ღვინო ბოთლებში ჩამოესხა და „ახალი ღვინის ფესტივალზე“ წარედგინა. სახელის შერჩევაც განსაკუთრებული ისტორიას უკავშირდება, ვენახთან მდგომი ვერხვის ხის პატივსაცემად მას „ვერხვიანი“ უწოდეს.

პირველი ნაბიჯების შემდეგ მალევე გახდა ნათელი, რომ ღვინის დაყენება ბევრად რთული პროცესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პრაქტიკასთან ერთად პროფესიული განათლებაც მიეღო მევენახეობასა და მეღვინეობაში, რათა უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება შეეძინა.

საინტერესოა, რომ მისი ორი პროფესია — ლითონის მხატვრული დამუშავება და მევენახეობა-მეღვინეობა — ტრადიციულად ქალის საქმიანობად არ მიიჩნევა. თუმცა თავად დარწმუნებულია, რომ ეს სფეროები ჩვენს კულტურულ და გენეტიკურ მეხსიერებაში ღრმად არის ფესვგადგმული. მისი აზრით, ქალები ამ სფეროებში ადრეც იყვნენ, უბრალოდ ხშირად ჩრდილში რჩებოდნენ და მნიშვნელოვან საქმეს უხმაუროდ აკეთებდნენ.

ისიც არ უარყოფს, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები. მისი პროფესიული გზის განმავლობაში მასაც შეხვედრია უნდობლობა მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია. თუმცა დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება იცვლება და დღეს უკვე ხშირად გვხვდება ქალების მიერ დაყენებული მაღალი ხარისხის ღვინოები.

ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალების ერთმანეთის მხარდაჭერას. ორგანიზაცია WIWI — „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ — მისთვის სწორედ ასეთი სივრცეა, სადაც მან ბევრი ქალი მეღვინე გაიცნო. მათი ურთიერთობა მხოლოდ პროფესიული კი არა, მეგობრული მხარდაჭერის მაგალითიცაა.

ქართულ ღვინოზე საუბრისას ის განსაკუთრებულად უსვამს ხაზს მის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას — 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას ქვევრში ღვინის დაყენებისა და უნიკალურ საღვინე ჯიშების მრავალფეროვნებას. თუმცა მიიჩნევს, რომ ამასთან ერთად აუცილებელია ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და მსოფლიოსთვის მაღალი ხარისხის ქართული ღვინის უკეთ გაცნობა.

ამ ეტაპზე ნინო და ვახტანგ გოზალიშვილების მარანი მცირე რაოდენობით ღვინოს აწარმოებს. ბოლო წლები მათთვის უფრო მეტად სწავლასა და საკუთარი ტერუარის უკეთ გაცნობას დაეთმო. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ კომერციულ საკითხებში ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, თუმცა გეგმები უკვე მკაფიოა — მარნის განვითარება და გაფართოება.

2026 წელს მათ ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადადგეს — რებრენდინგი და ახალი სახელით წარდგენა. მარანს „ღვინა“ დაარქვეს. „ღვინა“ ენდემური ყვავილია (Fritillaria Caucasica), რომელიც ბუნებაში ღვინის ფერებში — მოწითალოსა და ქარვისფერში — გვხვდება. ეს სახელიც სიმბოლურად უკავშირდება ღვინოს, ბუნებას და ადგილს, საიდანაც მათი ისტორია იწყება.

ქალ მეღვინეებზე საუბრისას ნინო გოზალიშვილი განსაკუთრებით უსვამს ხაზს განათლების მნიშვნელობას. მისი რჩევა მათთვის, ვინც ამ სფეროში გზის დაწყებას ფიქრობს, მარტივია — თავდაპირველად მიიღონ შესაბამისი ცოდნა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ ღვინის დაყენება. თუმცა განათლებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საქმისადმი სიყვარული და ერთგულება, მუდმივი განვითარების სურვილი, შეცდომების დანახვა, მათი აღიარება და გამოსწორება.

სწორედ ასე იქმნება ღვინის ახალი ისტორიებიც — გამოცდილებით, სწავლითა და დიდი სიყვარულით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა