
თამარ მღებრიშვილი
9 მაისს, მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელიც წელს უკვე მალხაზ ხარბედიას სახელს ატარებდა. ფესტივალის მთავარ დევიზად სწორედ მისი სიტყვები — „ღვინო ყველასთვის და ყველა ღვინისთვის“ — იქცა. ეს ფრაზა, ალბათ, ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმ იდეას, რომლის გარშემოც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა ახალი ღვინის ფესტივალი. ყოველწლიურად მზარდი სტუმართა ნაკადი და ფესტივალის უწყვეტი სიცოცხლე კი ამ იდეის სისწორეს ადასტურებს.
წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული სიახლეებითაც გამოირჩეოდა. მონაწილეებსა და სტუმრებს პირველად წარედგინათ ელექტრონული კატალოგი და ინტერაქტიული რუკა, რომლებმაც ფესტივალის სივრცეში გადაადგილება და სასურველი მარნებისა თუ ღვინოების აღმოჩენა კიდევ უფრო გაამარტივა.
ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის განსაკუთრებული ემოციაცაა, რომელიც ახალ მონაწილეებს აქვთ ხოლმე — მოლოდინის, სიხარულისა და საკუთარი ღვინის ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგენის განცდა. თუ ლიტერატურაში არსებობს „პირველად წაკითხვის ბედნიერება“, მეღვინეობაშიც, ალბათ, არსებობს ფესტივალში „პირველად მონაწილეობის ბედნიერება“.

სწორედ ამ გამოცდილებაზე გვესაუბრა ვერიკო ნაქევხრიშვილი, საოჯახო მარან MVM WINE-ის წარმომადგენელი. მათი მარანი გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მდებარეობს და ფესტივალზე მუკუზნის ზონის წითელი მშრალი საფერავი წარადგინეს. როგორც თავად აღნიშნავს, მსგავსი ფესტივალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები მეღვინეებისთვის, რადგან მცირე მარნებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ, გაზარდონ ცნობადობა და უშუალო კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან. „ჩვენთვის ეს პირველი მონაწილეობაა და განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ ამ ფესტივალის ნაწილი გავხდით,“ — ამბობს იგი.

ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე მეღვინეობა „კამარა-ს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საბა მზარეულიშვილმა. როგორც ის იხსენებს, თავად და მისი პარტნიორი გიორგი ლაზარიაშვილი წლების განმავლობაში ახალი ღვინისა და ცქრიალა ღვინის ფესტივალების ერთგული სტუმრები იყვნენ, ვიდრე საკუთარ ღვინოს შექმნიდნენ. აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მათ მიზნად საკუთარი წარმოების დაწყება დაისახეს. პირველი ნაბიჯი შარშან გადადგეს — მხოლოდ 250 ბოთლი დააყენეს, წელს კი რაოდენობა გააორმაგეს და ფესტივალზე ქისი და საფერავი წარადგინეს.
როგორც თავად აღნიშნა, ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა მათი საერთო ოცნების ასრულება და ქართული ღვინის კულტურაში საკუთარი ადგილის პოვნაა. განსაკუთრებული ემოციით საუბრობს ის მალხაზ ხარბედიაზეც, რომელსაც პირადად იცნობდა, - „მალხაზ ხარბედიამ უდიდესი საქმე გააკეთა არა მხოლოდ ქართული მეღვინეობისთვის, არამედ მთლიანად ქართული კულტურული სივრცისთვის — მწერლებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მეღვინეებისთვის, სომელიეებისთვის, მთელი დარგისთვის.“
ახალი ღვინის ფესტივალი სწორედ ამ მრავალხმიანობაში იძენს თავის ნამდვილ მნიშვნელობას და ამ მრავალხმიანობას ექოდ და ფონად მიჰყვება მალხაზ ხარბედიას სიტყვებიც, რომ „ფესტივალის დღე წლის უმთავრესი დღეა!“
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი