
ლევან სეფისკვერაძე
25 აპრილს თბილისში ღვინის ბარმა „საძველემ“ უმასპინძლა ფესტივალს FEMINA VINA, სადაც ქართველმა ქალმა მეღვინეებმა თავიანთი ღვინოები, ისტორიები და ხედვები წარმოადგინეს. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ და ღვინის სკოლა VINEMO.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფესტივალ FEMINA VINA-ს მიზანია ქალთა როლის გაძლიერება ქართულ მეღვინეობაში, მცირე მეწარმეების მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის ავთენტური ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობა.
ფესტივალში მონაწილეობდა 40-მდე ქალი მეღვინე და მეწარმე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ მცირე წარმოების და ხშირად უნიკალური ღვინოები, მოესმინათ მათი შექმნის ისტორიები და უშუალოდ ეკონტაქტათ მწარმოებლებთან.

ანა გოდაბრელიძე, ფესტივალის ორგანიზატორი: „მნიშვნელოვანი დღეა. გვაქვს ქალი ღვინის მწარმოებლების ღვინის ფესტივალი. მონაწილეთა უმეტესობა არის ქალი, რომლებსაც მეღვინეობა პროფესიად არა აქვთ და სწორედ ამიტომაც ვცდილობთ მათ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში. არიან როგორც ჩვენი ქალი მეღვინეების ასოციაციის წევრები, ასევე ისინი, ვინც არ არიან წევრები, მაგრამ მაინც ვაძლევთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ერთ სივრცეში გავაცნოთ ღვინოები. მონაწილეთა უმეტესობა მცირე მეწარმეა და მათ ხშირად არა აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ. დღეს მოწვეული გვყავს როგორც ღვინის მოყვარულები, ასევე „ჰორეკა“ სექტორის წარმომადგენლები. მომავალში ვგეგმავთ პროფესიონალური მასტერკლასების ჩატარებას, რათა ეს ღვინოები იმპორტიორებსა და ბაზარს უფრო ფართოდ გავაცნოთ“.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც უკვე ცნობილი, ისე დამწყები მარნები, რომლებიც აქტიურად იკიდებენ ფეხს ქართულ მეღვინეობაში. მონაწილეებისთვის ეს სივრცე მნიშვნელოვანი იყო როგორც ცნობადობის გაზრდის, ისე მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის.
ანა ჯამელაშვილი, „ანტოს ღვინოები“: „ბაზარზე 2021 წლიდან ვართ წარმოდგენილი. ჩვენი ღვინოები უკვე გადის ექსპორტზე - კალიფორნიაში, იაპონიაში და გერმანიაში. თბილისშიაც კარგად იყიდება. ჩვენი ვენახი ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს და ძირითადად ქართლის ჯიშებს ვაწარმოებთ. ასევე ვთანამშრომლობთ კონტრაქტორ მევენახეებთან. დამატებით, გვაქვს ჩვენი შვილიშვილის კომპანიის მიერ წარმოებული სიდრი „ზაქარა“.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო ის, რომ საზოგადოებას პირდაპირ ეჩვენებინა ქალთა შესაძლებლობები მეღვინეობაში და წარმოედგინა მათი მრავალფეროვანი პროდუქცია.

მარიანა კაკიაშვილი-რუაძე, „ექიმის ბიო მარანი“: „დღეს აქ წარმოდგენილია 40-მდე ქალი მეღვინე და მიხარია, რომ ჩვენც ვართ ამ სივრცის ნაწილი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს ქალების შესაძლებლობები ამ სფეროში. წარმოდგენილი გვაქვს ქვევრის ღვინოები და ვარდისფერი ღვინო. ასევე ვაწარმოებთ საფერავის ლიქიორს, რომელიც შაქრის დამატების გარეშე, ბუნებრივად ტკბილია და დამზადებულია გადამწიფებული ყურძნისგან“.
ფესტივალში მონაწილე მარნების ნაწილი სულ ახლახან გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ უკვე აქტიურად ერთვება როგორც გაყიდვებში, ისე საგამოფენო საქმიანობაში.
ქეთა აფხაზიშვილი, „აფხაზას მარანი“: „ჩვენ კახეთში, გურჯაანის სოფელ კაჭრეთში 2022 წელს დავიწყეთ საქმიანობა და მალევე ჩამოვასხით ღვინო. 2025 წლიდან უკვე აქტიურად ვართ გაყიდვებსა და გამოფენებში. დღეს წარმოვადგენთ ძირითადად კახური ჯიშებისგან დამზადებულ ქვევრის ღვინოებს და ასევე გვაქვს კახეთში მოწეული იტალიური ვაზის ჯიშისგან, მონტეპულჩიანოსგან დამზადებული ღვინო. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები საუკეთესო შესაძლებლობაა, საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია“.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ასევე მარნები, რომლებიც საინტერესო კონცეფციით ცდილობენ ქართული ღვინის მრავალფეროვნების წარმოჩენას.

მარი გელაშვილი, მარანი „მოგზაური“: „კახეთში, ქიზიყში, სოფელ არხილოსკალოში გვაქვს ჩვენი ვენახები და ამჟამად ხუთი სახეობის ღვინო გვაქვს წარმოდგენილი, მათ შორის გორული მწვანესგან დამზადებული ღვინო. ჩვენი კონცეფციაა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სხვადასხვა ჯიშები „ვამოგზაუროთ“. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად საკუთარ ყურძენს ვიყენებთ, ვთანამშრომლობთ კონტრაქტორ მევენახეებთანაც“.
ფესტივალმა FEMINA VINA-მ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ქართული მეღვინეობა მრავალფეროვანი სფეროა, სადაც ქალების როლი წლიდან წლამდე იზრდება. მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ქმნის სივრცეს ახალი კონტაქტებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და ქართული ღვინის ახალი პერსპექტივების წარმოსაჩენად.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი