Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ნიუ-იორკში ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალი "Amber Georgia" გაიმართა

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკმა უმასპინძლა ქართული ქარვისფერი ღვინის პირველ ფესტივალს -  „Amber Georgia“. ღონისძიება გაიმართა ცნობილ საგამოფენო სივრცეში Industry City-ში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“-ს ორგანიზებით.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქარვისფერი ღვინოები, რომლებიც დაახლოებით 30-მდე ღვინის მარანმა წარადგინა. ღონისძიებამ განსაკუთრებული ინტერესით ჩაიარა როგორც პროფესიონალი დეგუსტატორების, ისე ამერიკელი მომხმარებლებისა და დისტრიბუტორებისთვის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოფენებისა და ღონისძიებების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელის, ელენე კიკნაძის თქმით, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაში საერთაშორისო ასპარეზზე. მისი შეფასებით, ფესტივალზე დამსწრეთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოლოდინს, რაც მიანიშნებს აშშ-ის ბაზარზე ქართული ქარვისფერი ღვინის მიმართ მზარდ ინტერესზე.

ფესტივალის ჩატარების იდეა ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული წინადადებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს ოფიციალურად მიმართა. როგორც ასოციაციის დირექტორმა და  მეღვინემ ზურაბ მღვდლიაშვილმა აღნიშნა, ეს დღე ქართული მეღვინეობისთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან პირველად გაიმართა ქართული ქარვისფერი ღვინისადმი მიძღვნილი ფესტივალი აშშ-ში.

ღონისძიებას დაესწრო ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია, რომლის თქმითაც, გენერალური საკონსულო აქტიურად უჭერს მხარს ქართულ მეღვინეობას აშშ-ში. ქართველ მეღვინეებს სწორედ საკონსულოს მხარდაჭერით მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ფესტივალში და ამერიკელ პროფესიონალებთან უშუალო ურთიერთობა დაემყარებინათ.

ქარვისფერი ღვინო - იგივე ჭაჭაზე დაყენებული ღვინო-   წარმოების მეთოდით განსხვავებული და უნიკალური კატეგორიაა, რომელიც საერთაშორისო დონეზე სულ უფრო მეტ აღიარებას იძენს. ბოლო პერიოდში ეს ღვინო ოფიციალურად შევიდა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სახელწოდებით „დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“. ამ სიაში მანამდე მხოლოდ შვიდი კატეგორია იყო წარმოდგენილი: შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, აისვაინი და საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო.

ქარვისფერი ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით აქტიური მუშაობა წელსაც გრძელდება. 2025 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში გაიმართა საერთაშორისო გამოფენა Orange Glou Fair, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან Colangelo & Partners თანამშრომლობით საქართველოს რვა მარნის დაახლოებით 15-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად ატარებს ღონისძიებებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მხოლოდ 2025 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო 29 საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალზე და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე -  აშშ-ში, ევროპასა და აზიის 20-მდე ქვეყანაში.

ეს მრავალმხრივი კამპანია ემსახურება ერთიან მიზანს -  ქართული ღვინის, განსაკუთრებით კი ქარვისფერი ღვინის, საერთაშორისო ცნობადობისა და კომერციული პოზიციების განმტკიცებას, რაც ქვეყნის ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის  წინ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული