Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

მარანი არგვანი — ხატია ჯახუა — მცირე მარნების ანთოლოგია (138)

- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ. რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩვენ წარმოვადგენთ საოჯახო მარანს - „არგვანი”, რომელიც მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში. ეს სოფელი ოდითგანვე იყო კოლხური ხოხბების სავანე და ჩვენი მარნის ლოგოტიპადაც იქცა.

საქართველოში თუ ყოველ არა, ყოველ მეორე ოჯახში მაინც იწურებოდა ღვინო და ჩვენს ოჯახშიც ასე იყო. გვქონდა პატარა ვენახი და ეს იყო ჩვენი ბაბუს დიდი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ხელით არასდროს უშრომია (დიდი ინჟინერ-არქიტექტორი გვყავდა), ვაზი უყვარდა სიგიჟემდე, ასე ვთქვათ, მისთვის თერაპიად ითვლებოდა ვენახში გავლა და ვაზთან საუბარი. ხელში დაიკავებდა ვენახის მაკრატელს და დაუვლიდა წკაპუნით. რთველის პერიოდში მთელი ოჯახი ვიღებდით მონაწილეობას. გვქონდა საწნახელი, სადაც ჩაგვაყენებდნენ ბავშვებს (საკმაოდ ბევრნი ვიყავით - ოთხი და-ძმა) და ყურძენს გვაწურინებდნენ. ეს იყო ერთგვარი საოჯახო რიტუალი. ყურძნის დაწურვის შემდეგ კი, მე და ბაბუ ყოველ დილით ადრე ვდგებოდით და ვუსინჯავდით გემოს მაჭარს, ვაკვირდებოდით დუღილის პროცესს. ისიც მახსოვს, ბაბუ როგორ ზომავდა შაქარს. ეს ხელსაწყო დღემდე გვაქვს შენახული. აი, ასე  გავიცანი პირველად ეს საოცარი სასმელი!

ქვეყანაში დიდი გადატრიალებებისა და ბაბუს გარდაცვალების შემდგომ ოჯახმა ეს საქმე მიივიწყა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვაზისადმი სიყვარული ქვეცნობიერში დარჩა, რაც ბაბუმ წარუშლელად დატოვა. ასე მგონია, ღვინის სიყვარულით ჩვენ ერთობა გვასწავლა, რაც დღემდე გამოგვდის. ღვინო გვაერთიანებს!

2018 წელს ჩემმა ძმამ აგრარულ უნივერსიტეტში ჩააბარა და მიხვდა, რომ ეს იყო მისი პროფესია (მართლაც ძალიან კარგად გამოსდის) და დაიწყო მუშაობა ამ განხრით. შემდეგ მეც მივყევი და მერე ჩემი მეუღლის დახმარებით (რომელიც შორსაა მეღვინეობისგან), სამივემ გადავწყვიტეთ, ბაბუს ოცნება აგვეხდინა და მარანი მოგვეწყო. სწორედ ასე ვაგრძელებთ მისი საქმიანობას. 2021 წელს  ავაშენეთ ახალი მარანი, ჩავყარეთ ვაზიც: ოჯალეში, ჭვიტილური და სოვინიონ ბლანი (ვფიქრობ, სამეგრელოს ნიადაგი მოუხდება). ასევე, ვგეგმავთ მაჭყვატურის გაშენებას. ამავე წელს ჩამოვასხით ჩვენი პორველი ღვინოც — ოჯალეში და ცოლიკოური.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?

-  რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებულია ოჯალეში, რომელიც სამეგრელოში მაინც მთავარ, სამეფო ჯიშად ითვლება და უყვართ -  წამყვან ჯიშად მიაჩნიათ. ოჯალეში წითელყურძნიან ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ძველთაგანვე იყო ცნობილი და სამეგრელოს მაღალმთიან რეგიონებში ფართოდ იყო გავრცელებული. სახელწოდებიდან გამომდინარე ძალიან მეგრული ჯიშია - სიტყვა „ოჯალეში“ ხეზე ასულს ნიშნავს.

ჩვენი მიზანი ერთია — ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლამდე და ამაში დიდ შრომას ვდებთ, არ გვაშინებს ექსპერიმენტები და ვცდილობთ,  ღვინო იყოს საინტერესო და მთქმელი, ამბის მომყოლი.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- სირთულეები და დაბრკოლებები უამრავია, რადგან ამ ყველაფერს შენი სახსრებითა და რესურსით ეჭიდები. დავიწყოთ იქიდან, რომ  ინვენტარის შეძენა ურთულესია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩემს მაგალითს მოვიყვან: შარშან გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კლასიკური ტექნოლოგიით  ერთ-ერთი იმერული ჯიშისგან ღვინო. ესეც ერთგვარი დაბრკოლებაა, რომ დასავლეთში ყურძენი ძალიან გაძვირდა. სიმწრით ნაყიდი ჰიდრო-პრესით შევუდექით პროცესს. მივიღეთ ნედლეული - დაახლოებით 2,5 ტონა და დავიწყეთ მისი გადამუშავება და როცა  სადღაც ერთ ტონამდე გადავამუშავეთ, შუქი ჩაქრა. სამი დღე შუქი არ გვქონდა!!! მე, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ეს ჩვენი კლასიკური ღვინო როგორ მოვიდა ბოთლამდე, მაგრამ მას ჩემი ცრემლები შევარქვი. დაბრკოლებებზე და სირთულეებზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- სამომავლო გეგმები, ალბათ, ისაა, რომ გავფართოვდეთ და შეძლებისდაგვარად შევძლოთ დაბრკოლების გარეშე დავაყენოთ ხარისხიანი ღვინო. უფრო მეტ ხალხს გავაცნოთ მეგრული ვაზის ჯიშები, მეტ ხალხს შევაყვაროთ. გვინდა, იყოს ბევრი მეგრული ჯიში შიდა ბაზარზე და მის საზღვრებს გარეთაც. აქტიურად ვმუშაობთ ტურისტების მოზიდვაზე, რომლებიც მოდიან და ვუყვებით ჩვენს ისტორიას, ვუხამებთ მეგრულ სამზარეულოს მეგრულ ღვინოებს.

რაც შეეხება რჩევას, დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევ, რაც მე ვურჩიე ჩემს თავს — დაბრკოლების მიუხედავად, განაგრძე, არ გაჩერდე და იბრძოლე სრულყოფილებამდე, ბევრი მოსთხოვე შენს თავს, ისწავლე და აუცილებლად გამოგივა საინტერესო ღვინო და უანგაროდ შეიყვარე ქართული ვაზი!

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული