
- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- როგორც კახეთში არსებული ოჯახების უმრავლესობისთვის, ჩვენი ოჯახისთვისაც ქვევრში ღვინის დაყენება ტრადიცია იყო. ვცდილობ, ეს ტრადიცია გავაგრძელო. ჩვენ მხოლოდ საკუთარ ვენახში, ჩვენ მიერვე მოყვანილი ხარისხიანი ყურძნისგან ვაწარმოებთ ბუნებრივ ღვინოს. იქიდან გამომდინარე, რომ მარანში საკმაოდ კარგი ღვინო დაგვიგროვდა, ვიფიქრეთ მისი ჩამოსხმა ბოთლებში და საზოგადოებისთვის გაცნობა, რასაც დღესდღეობით მხოლოდ მცირედით ვახერხებთ. მარნის სახელწოდება წარმოიქმნა მის შესასვლელთან არსებულ კედლის ქვაზე ამოტვიფრული ციფრისგან, რაც შენობის აშენების პერიოდზე მიანიშნებს.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
- ჩვენ გვაქვს რქაწითელის, კახური მწვანის და საფერავის ჯიშის ვაზისგან გაშენებული ვენახები. რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული ჯიშია, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ძალიან რთულად მოსავლელ და ღირსეულ საფერავს.

- რა სახის სირთულეები, დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- ჩვენთვის რთული აღმოჩნდა ღვინის გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ისეთი კეთილსინდისიერი პარტნიორების მოძიება, რომლებიც რეალურად დაინტერესებულნი იქნებოდნენ ხარისხიანი ღვინით და მისი გაყიდვით. თბილისში არსებული მაღაზიების თუ ღვინის ბარების უმრავლესობას საკუთარი ღვინის გასაღება ურჩევნიათ.
ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ რამე თუ ხდება ღვინის სფეროში ისეთი, რომელიც აისახებოდა მცირე მარნების განვითარებაზე. ერთადერთი რაც, ასე თუ ისე, ხდება, ეს არის ღვინის ფესტივალები, სადაც შესაძლებელია წარმოადგინო შენი ღვინო. თუმცა, ძირითადად, ეს ფესტივალები გართობის ხასიათს ატარებს და არ ხდება წარმოდგენილი ღვინოების პროფესიონალური შეფასება. ფესტივალების გამართვაც ცალკე ბიზნესადაა ქცეული. იმის მიუხედავად, რომ ორგანიზატორები იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციისგან, მაინც აწესებენ მონაწილეობის საფასურს და ეს საფასური ზოგ შემთხვევაში ძალიან დიდია, განსაკუთრებით - მცირე მარნებისთვის.
ღვინის სფეროში ბევრი რამე შეიძლება იყოს დასახვეწი თუ გასაკეთებელი, მაგრამ, ვფიქრობ, დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა, თბილისში მაინც იყოს ისეთი მოწესრიგებული სივრცე, სადაც მუდმივ რეჟიმში შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა მარნებს თავიანთი ღვინის წარდგენა-გაყიდვა. აქ კი მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად იყოს გათვალისწინებული მევენახე-მეღვინეების განვითარების ხელშეწყობა.

- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?
- ღვინოს ჩვენ ვაყენებთ ტრადიციული მეთოდით - ასწლოვან ქვევრებში. ყურძენს ვწურავთ კლერტსაცლელით. ქვევრებს. ძირითადად, ვიყენებთ ფერმენტაციის დროს. ფერმენტაციის შემდეგ ღვინო ინახება სპეციალურ მეტალის ღვინის ავზებში.
- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- ის მარნები, რომლებსაც თვითონ არ მოჰყავთ ყურძენი და შეძენილი ყურძნით აწარმოებენ ღვინოს, რთულად თუ მიხვდებიან რა არის ღვინო და რა როლი უჭირავს მას ჩვენი ერის ჩამოყალიბებაში. ჩვენთვის ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი.
სწორია, როცა ამბობთ - „მევენახე-მეღვინე“. მიმაჩნია, რომ მათი განცალკევებით სტაბილურად ხარისხიანი ღვინო ვერ შეიქმნება. შეიძლება ზოგჯერ გაუმართლოს მეღვინეს.
ვინც მეღვინეობას აპირებს, ვურჩევდი დაეწყო ვენახით, თუნდაც - მცირე ზომის ვენახის გაშენებით. ის თუ გაუძლებს იმ შრომას და ამას დიდი ენთუზიაზმით შეასრულებს, მას შემდეგ იფიქროს მეღვინეობაზე. სხვათა შორის, სომელიეებსაც ვურჩევდი ზოგჯერ მაინც მიიღონ მონაწილეობა ვენახის მოვლის სხვადასხვა პროცესში.
დამწყებმა მეღვინეებმა, ასევე, უნდა იცოდნენ, რომ რაც არ უნდა კარგი ღვინო დააყენონ, თუ ვერ გაყიდიან, ყველაფრისადმი დაკარგავენ ინტერესს. ამიტომ მარკეტინგული კუთხით ექნებათ სამუშაო გასაწევი.
ყველას, ვინც ჩართულია ქართული ღვინის პოპულარიზაციის საკითხში და ამ კუთხით ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს, ქართველ მევენახე-მეღვინეებთან ერთად ვუსურვებ წარმატებებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი