
ლევან სეფისკვერაძე
იტალია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და მრავალფეროვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. მრავალი საუკუნის განმავლობაში იქ ჩამოყალიბდა მეღვინეობის გამორჩეული ტრადიციები, უნიკალური ვაზის ჯიშები და რეგიონების მიხედვით განსხვავებული ღვინის სტილები. დღევანდელი იტალია ერთ-ერთი ძველი ტრადიციული მეღვინეობის ქვეყანაა და სხვა მსგავს ქვეყნებთან ერთად, განსაზღვრავს ღვინის ხარისხსა და მომავალს მთელს მსოფლიოში.
წელს დაახლოებით ორი კვირის მანძილზე მომიწია იტალიაში ყოფნა და სხვადასხვა სახისა და სტილის ღვინის დაგემოვნების პატივიც მქონდა. გარდა ამისა, შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დღეს იტალიის რამდენიმე ქალაქში ღვინის გაყიდვებს კურირებს და საჭიროდ ჩავთვალე, საკუთარი დაკვირვებების შესახებ ჩანაწერები გაგიზიაროთ.
„იტალიური პასუხი“ ფრანგებს
იტალიაში ღვინო უბრალოდ პროდუქტი არ არის. აქ ღვინო დროის უსასრულო გაგრძელებაა - მიწის, ადამიანის და მოთმინების ერთობლივი შედეგი. 2016 წელს, როცა იტალიის ვენახებში პირველად ფეხი დავდგი, მივხვდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ მოგზაურობა სხვა ქვეყანაში. ეს იყო შესვლა კულტურაში, სადაც ღვინოს უსმენენ ისე, როგორც ცოცხალ არსებას.
სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაადგილებისას იცვლება ლანდშაფტი, კლიმატი, ადამიანების საუბრის ტონი, მაგრამ უცვლელი რჩება ერთი რამ — ვაზი, რომელიც ყველგან თავის ისტორიას ჰყვება.
მილანში ადგილობრივი ლომბარიელი მეღვინე, პაოლო არ ჩქარობს საუბარს. ჯერ გასინჯვა, მერე სიტყვა. მისთვის ღვინო მარკეტინგი არ არის; ეს ოჯახური პასუხისმგებლობაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
პაოლო სულ რაღაც 17.500 ბოთლს აწარმოებს წელიწადში. თან სულ ერთი სახეობის ღვინოს, მაგრამ ამბობს, რომ არ ნანობს გადაწყვეტილებას, როცა ჯიშების მრავალრიცხოვნობაზე უარი თქვა, რადგან მისი აზრით, უმჯობესია ერთ ჯიშს და სტილს ჩაწვდე ბოლომდე, ვიდრე ბევრი მოინდომო და საბოლოოდ არაფერი გამოგივიდეს.
მისი ღვინო Franciacorta ამტკიცებს, რომ ამ კაცს საკუთარი ღვინო კიდევ უკეთესად ახასიათებს. პინო ნუაროსგან კლასიურად დაყენებული ცქრიალა ღვინო თხილის და ციტრუსის არომატით გამოირჩევა. გემოში კი ჩემმა ტკბილეულის მოყვარულმა მეგობარმა სიხარულით აღნიშნა, რომ კრემიანი ნამცხვრები აღმოაჩინა, რაც ამ ტიპის ღვინისთვის თურმე ისედაც დამახასიათებელია. პაოლომ ისიც გვითხრა, რომ ეს ღვინო მისი აზრით, არის „იტალიური პასუხი“ ფრანგებს, მათი შამპანურისთვის.

ჯოვანის მაღაზიაში
იტალიური ღვინის სექტორი დღესაც ძლიერია, მაგრამ უამრავი გამოწვევაც აქვს. ყველაზე ცუდი მაინც ისაა, რომ შემცირებულია ღვინის მოხმარება. 2010 წლიდან დღემდე საშუალო იტალიელი წელიწადში 10-11 ლიტრით ნაკლებს მოიხმარს და ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის ღვინის ბაზარს, რადგან აქაური ღვინო ძირითადად სწორედ ადგილზე იყიდება. ეს ყოველივე იწვევს ღვინის სიჭარბეს და დაგროვებას. 2025 წელს იტალიის ღვინის მარაგმა მიაღწია 39.8 მლნ ჰექტოლიტრს. მოთხოვნა არ იზრდება იმ ტემპით, როგორითაც პროდუქცია გროვდება და ოდესღაც შეუძლებელი გახდება ღვინის შენახვა, რაც მის ელემენტარულად გადაღვრის საფრთხეს გამოიწვევს.
იტალიაში დიდი მოთხოვნაა პრემიალურ ღვინოებზე. საშუალო და მცირე მეღვინეებისთვის კი მიწის ყიდვა და მოვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. არადა, საუკეთესო ღვინოებს სწორედ მცირე მეწარმეები აყენებენ. რომის ერთ-ერთი მცირე ღვინის მაღაზიის მეპატრონემ, ჯოვანიმ მითხრა, რომ რამდენიმე დიდმა კომპანიამ ღვინო ბევრად იაფად შესთავაზა მხოლოდ იმ პირობით, რომ მცირე მარნების პროდუქციაზე უარს იტყოდა, მაგრამ იგი არ აპირებს საუკეთესო ღვინებზე უარის თქმას, რადგან მისი მაღაზია-ბარისთვის ნიშური სწორედ ამგვარი ღვინოა.
ბატონი ჯოვანის მაღაზიაში 2022 წლის მოსავლის პიემონტის Barolo DOCG გავსინჯეთ, რომელმაც საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნებიოლოს ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ეს ძლიერი, წითელი ღვინო ვარდის, ალუბლის, ტყავის ტონებით იყო გამორჩეული. ტანინით და მაღალი მჟავიანობით გამოხატულ ღვინოს ხანგრძლივი დაბოლოებაც ჰქონდა.
ასევე ნებიოლოს ჯიშისგან იყო დაყენებული 2023 წლის მოსავლის Barbaresco. ეს იყო ელეგანტური, წითელი ღვინო კენკრის და იასამნის ტონებით, სადაც სანელებლების ნოტებიც ჩანდა. აქ უფრო რბილი ტანინები იყო, ვიდრე Barolo-ში, მაგრამ ბალანსი და სტრუქტურა შთამბეჭდავი გახლდათ. ამ ღვინოების ფასი იტალიაში 20-30 ევროა.

ტოსკანა მთელი მისი დიდებულებით
როდესაც იტალიაში მოგზაურობ, ადვილად აღმოაჩენ, რომ მთელი აპენინის ნახევარკუნძულისგან სრულიად განსხვავებულია ტოსკანა, რომელიც თითქოს სრულიად სხვა რიტმში „სუნთქავს“. აქ ვენახებით დაფარული სამხრეთის ფერდობები, კვიპაროსების უსაშველო ზოლები და ქვის სახლები თითქოს ღვინისთვის შექმნილი დეკორაციაა. სინამდვილეში პირიქითაა - თავად ღვინო ქმნის ამ გარემოს.
სანჯიოვეზე ზედმეტად „მკაცრი ჯიშია“. ის შეცდომას არავის პატიობს. ყველა ტოსკანელი მეღვინე ამას კარგად ხვდება. სწორედ ამიტომ აქ ხშირად საუბრობენ ამინდზე, მიწაზე და მზეზე. ტოსკანური ღვინის დეგუსტაცია ხშირად სრულდება მარტივად - პურითა და ზეითუნის ზეთით. სწორედ ეს გარწმუნებს, რომ ტოსკანაში მთავარი ღვინოა.
იტალიაში ტოსკანური ღვინის ორი ნიმუშის დაგემოვნება მოვახერხე. ხსენებული სანჯიოვეზესგან დაყენებული Brunello di Montalcino სწორედ ის იყო, „რაც უნდა ყოფილიყო“ და რაც გასინჯვამდე წაკითხული მქონდა - 2020 წლის მოსავლის ძლიერი, სხულიანი წითელი და მეტად ეფექტური ღვინო ალუბლისა და თამბაქოს არომატით. მჟავიანობა ცოტა მაღალი ჰქონდა, მაგრამ მისი საოცრად გრძელი დაბოლოება და ბალანსი იმდენად ეფექტური იყო, რომ ფასის საკმაო სიძვირის მიუხედავად (36 ევრო ღირდა), მეორე ბოთლის თან წაყოლებაც გადავწყვიტეთ. შინაური ძეხვისგან, ყველ პეკორინოსგან და პროშუტოსგან დამზადებული პანინო (ტოსკანური ერთგვარი სენდვიჩი) როგორ მოუხდა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
არანაკლებ ეფექტური იყო 2021 წლის მოსავლის Chianti Classico, რომელიც ასევე სანჯიოვეზესგან მზადდება. მასში 20 ევრო გადავიხადეთ. ამ საშუალო სხეულის მქონე წითელ მშრალ ღვინოში წითელი ალუბლის და მოცხარის ტონები ჭარბობდა. ახასიათებდა ნაკლებად მკვეთრი მჟავიანობა და რბილი ტანინები. ეს იყო ღვინის ელეგანტურობის ნიმუში, რომელიც იტალიურ ღვინოებს არასოდეს აკლდა.

ცოტა რამ გრაპაზეც
იტალიაში მოგზაურობა ღვინით არასოდეს იწყება და მთავრდება. ამ საოცარ ქვეყანას ღვინის გარდა მრავალი განსხვავებული სტილის და ტიპის ტრადიციული სასმელი აქვს, რომელთა შორის რასაკვირველია, ყურძნისეული სასმელი, გრაპა უნდა გამოვარჩიოთ.
კარგი გრაპის არჩევა ამ სასმელის „ზღვაში“, რაც იტალიაში იყიდება, სულაც არაა ადვილი საქმე და საამისოდ აუცილებელია ჩვეულებრივი ქსელური მარკეტების ნაცვლად ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებულ მაღაზიებს მივმართოთ, სადაც კონსულტანტები აუცილებლად დაგეხმარებიან და იმას შეგირჩევენ, რაც შენს გემოვნებასა და ხასიათს შეესაბამება.
იტალიაში მეხუთედ ვიყავი. ისე მოხდა, რომ ამ წასვლაზე აქცენტი ღვინოზე გავაკეთე და გრაპას სულ ორი ნიმუში გავსინჯე, თუმცა გამიმართლა და ორივე მათგანი აღნიშვნის და დახასიათების ღირსია.
რომში გავსინჯე GRAPPA BIANCA di Pura Vinaccia – CADUCALE. ეს გახლდათ ახალი ანუ დაუძველებელი გრაპა, რომელიც ჭაჭისგან (და არა ღვინისგან) იხდება - კლასიკური, ტრადიციული იტალიური გრაპა, დამზადებული მხოლოდ ჭაჭის დისტილაციით, დამატებითი არომატების ან დაძველების გარეშე.

ხაზგასასმელია გრაპას ბუნებრივი არომატი, ყოველგვარი „დარბილებისა“ და დანამატის გავლენის გარეშე. გამოყენებული იყო თეთრი ყურძენი, რომელსაც ეტყობოდა მცირედი ბალახოვანი ნოტები. ჰქონდა საშუალო სიგრძის დაბოლოება. იტალიაში ეს არ არის ე.წ. „ტკბილი“ გრაპა, არამედ ავთენტური და მკაცრად ტრადიციული სასმელი. ფასი 16 ევრო.
მილანში Grappa Pòta! – Distillerie di Sarnico 1886 გავსინჯეთ. ეს არის ტრადიციული ლომბარდიული გრაპა, რომელიც ჭაჭა მასალის გარდა 80% სუფთა ღვინისგან (წითელყურძნიანი ცნობილი ფრანგული ვაზის ჯიში მერლო) დამზადდა. 12 თვეზე მეტი ხნის მანძილზე ხის კასრებში ძველდებოდა. აქვს ქარვისფერი შეფერილობა, ვანილის ტონი და მდიდარი სურნელი. ეს იყო კლასიკური, სასიამოვნო და მშრალი ხილის სუნით სავსე სასმელი მდიდარი არომატით. 0.7 ლიტრიანი ბოთლი 24 ევრო ღირდა. კონსულტანტმა გვითხრა, რომ მწარე შოკოლადი ძალიან მოუხდებოდა. თუმცა, ციტრუსოვანი ხილის მიქსთანაც შესანიშნავი წყვილი შექმნა.
იტალიაში მოგზაურობა არის უსასრულო თავგადასავალი მათთვის, ვისაც ღვინო უყვარს. ეს საოცარი ქვეყანა ყოველ ჩასვლაზე ახალ-ახალ აღმოჩენებს გვაკეთებინებს ღვინოზე და არა მხოლოდ ღვინოზე. მიუხედავად ყოველ წელს ტურისტების თვალსაჩინო მატებისა, იტალია ის ქვეყანაა, რომელიც „ყველას ყოფნის“ და იქ ჩასვლა „ზედმეტი“ არასოდეს არ არის!
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი