
ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის მაისის ნომერში ჰიუ ჯონსონის სტატია დაიბეჭდა, რომელშიც ეტიკეტების შესახებ საუბრობს.
არსებობს მომენტები, როდესაც ბოთლის გახსნამდე ფასს ამოწმებ და გაკვირვებისგან თვალები გიფართოვდება. ერთი შეხედვით უბრალო ღვინოები იმდენად განსაკუთრებული აღმოჩნდება, გიკვირს, რატომ ღირს ასე ცოტა. ზოგჯერ ეს შოკია, ზოგჯერ უბრალოდ სიურპრიზი. ჰიუ ჯონსონი თვლის, რომ ამ ყველაფრისგან ერთი რამის სწავლა ნამდვილად შეიძლება — ზოგიერთი ღვინო საგრძნობლად იაფია იმასთან შედარებით, რა ღირებულებასაც ატარებს.
„რეალური“ ფასი, რა თქმა უნდა, იმ სიამოვნებით იზომება, რასაც ღვინო განიჭებს — პირველი ყლუპით, ან იმ ემოციებით, რომლებსაც სუფრის გარშემო შეკრებილ ადამიანებთან ერთად განიცდი. ისიც მართალია, რომ ზოგიერთი სახელი ყოველთვის უკვე რაღაც ღირებულის ასოციაციას აჩენს, ეს ღვინოები მართლაც აღწევენ „ზეციურ“, განუმეორებელ სიმაღლეებს. ან, ყოველ შემთხვევაში, შეუძლიათ იმდენად თანმიმდევრულები იყვნენ გემოს თვალსაზრისით, რომ „აღიარების ზღვარს“ სცდებიან. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ ღონისძიებაზე, მნიშვნელოვან შეკრებებზე, ბანკეტებზე, ეს ღვინოები ბუნებრივად შესაფერისად აღიქმება.
ეტიკეტი, რა თქმა უნდა, მთავარ როლს ასრულებს.
აქვე, ჰიუ ჯონსონი ერთ მისთვის საყვარელ ამბავს იხსენებს და ჰყვება:
ერთმა შეძლებულმა კაცმა წვეულება მოაწყო და ყველასთვის Krug-ის შამპანურს ხსნიდა. მეგობარი ეუბნება:
— სულელო, მართლა გჯერა, რომ ამათ გემოს განსხვავება შეუძლიათ?
— არა, — პასუხობს მასპინძელი, — მაგრამ კითხვა ხომ ყველას შეუძლია.
ყველა, ვინც ღვინის გაყიდვა ახლა დაიწყო, გეტყვით: „აი, ეს ისეთივე კარგია, როგორც ცნობილი ეტიკეტები, მაგრამ გაცილებით იაფი“. ზოგჯერ ეს მართალია. წლების წინ, როდესაც ჰიუ ჯონსონი ტონი ლეითუეტთან და სხვებთან ერთად სამხრეთ საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ჯერ კიდევ უცნობი მეღვინეები, ხშირად ყოფილი რაგბისტები, თავიანთი ღვინოების პირველად დაყენებას ცდილობდნენ, სწორმა აქცენტებმა, რჩევებმა, თამანედროვე აღჭურვილობამ და ენთუზიაზმა განაპირობა ის, რომ მათ შესანიშნავი ღვინოები შექმნეს. მათი ბოთლები დღეს მსოფლიოს საუკეთესო კოლექციებში გვხვდება. ამან გზა გაუხსნა ახალ ზელანდიას, ჩილეს, ავსტრალიას, ბულგარეთს. იმდროინდელი ამბიცია დღეს უკვე წარმატების ისტორიაა.
1960-იან წლებში (ჰო, ცოტათი შორეული წარსულია), ყველაფერი რაც ბორდოსა და ბურგუნდიის ფარგლებს სცდებოდა, თითქმის ყოველთვის თავმდაბლობას ავლენდა — ზოგჯერ ბოდიშიც კი ახლდა თან. Les demoiselles, ანუ „ქალიშვილები“, ასე ეძახდნენ ამ ბოთლებს ფრანგები — რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ იუმორით, რაც მხოლოდ მათ აქვთ და ესმით.
და ეს კი მაშინ, როცა საუბარი იყო რონზე და ლუარაზე!
მერე, უკვე 1970-იან წლებში, ახალი სამყაროს ღვინოებმა დაიწყეს ევროპულ ბაზრებზე შემოსვლა. ყველაზე დიდი ცვლილება? გაირკვა, რომ ფულის დახარჯვა ყურძნის წვენის გაგრილებაზე (რათა დუღილი შენელებულიყო) — სულაც არ იყო ფუჭი ხარჯვა. პირიქით — ეს გემოებს აუმჯობესებდა.
ჰიუ ჯონსონი სტატიას ამგვარად ასრულებს:
ირლანდიურ პაბთან გავიგონე:
„ეს პირადი, კერძო ჩხუბია, თუ ყველას შეუძლია ჩართვა?“
„ყველას,“ — იყო პასუხი. და დანარჩენი — უკვე ისტორიაა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი