
ლევან სეფისკვერაძე
გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე წლებია კახეთის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ღვინის ზეიმად იქცა. ფესტივალი პირველად გურჯაანში 6 წლის წინ ჩატარდა და მიზნად ისახავდა ადგილობრივი მეღვინეობის პოპულარიზაციასა და ტრადიციული მრეწველობის გაცოცხლებას. ფესტივალი სწრაფად იქცა რეგიონული მნიშვნელობის ღონისძიებად, სადაც წარმოდგენილია ღვინო, ჭაჭა, ხალხური რეწვის სხვადასხვა სახის პროდუქცია და კახური ტრადიციული სამზარეულო. ეს ყველაფერი ქართული ხალხური თუ თანამედროვე ქართული მუსიკითაა გაფორმებული.
სოსო გალუმაშვილი, გურჯაანის ღვინის ფესტივალის პრეზიდენტი: „წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი დიდი გამოცდის წინაშე დადგა - ერთი მხრივ, ვფიქრობდით, ინოვაციური სიახლეები დაგვენერგა, მოგვეძიებინა განვითარების ახალი გზები. ხოლო, მეორეს მხრივ, არ დაგვერღვია ტრადიციის დამკვიდრებული ქსოვილი. გურჯაანის ღვინის ფესტივალმა ამ გამოწვევასაც გაუძლო და როგორც დაძველების პროცესში ღვინო იძენს ხოლმე ახალ გამორჩეულობას, ასეთი განსხვავებული სახით წარვდექით მეღვინეებისა და სტუმრების წინაშე. ეს ცვლილება შესამჩნევი იყო ყველასთვის და ფესტივალმა კიდევ ერთი აღიარება მიიღო ჯილდოს სახით - რეკორდული რაოდენობის მონაწილეები და სტუმრები გვყავდა“.
ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც გურჯაანის ღვინის ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც უკვე ცნობილი დიდი თუ მცირე კომპანიები, ისე მარნები, რომლებიც ახლაღა იდგამენ ფეხს ქართულ მეღვინეობაში. სტუმრებს, რა თქმა უნდა, შეეძლოთ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახისა თუ სტილის ღვინოები, ტრადიციული ჭაჭა, ყურძნის წვენი, ჩურჩხელა, თათარა, თაფლი, ყველი, ცხელი-ცხელი თონის პური და სხვა.

ზაზა ბოსტოღანაშვილი, მარანი „ბოსტოღანა“: „მარანი და ვენახები გვაქვს დედოფლისწყაროში და წარმოდგენილი გვაქვს „უღალატო ქიზიყური ღვინო“ ბოსტოღანა. გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი ვართ 2021-2022 და 2023 წლის ღვინოებით. ასორტიმენტში გვაქვს: ქისი, რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი და ბლენდი, რომელიც დამზადებულია რქაწითლისგან და ქისისგან. გვაქვს 11 ჰექტარი ვენახი და წლიური წარმოება დაახლოებით 50 000 ბოთლი. კახეთში, სამწუხაროდ, განვიცდით მსგავსი ფესტივალების სიმცირეს. ამას გარდა, ქიზიყური მარნები არც ისე ბევრია და ნამდვილად არ არის მსგავსი მასშტაბური ფესტივალი გამოსატოვებელი. ველოდები ხალხის რეაქციას და შენიშვნებს ჩვენს ღვინოებზე. გურჯაანის ფესტივალზე პირველად ვართ და დიდი მოლოდინები გვაქვს“.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის სტუმრებს საშუალება ეძლეოდათ ღვინის გასინჯვის გარდა გასცნობოდნენ ტრადიციულ ღვინის დაყენების წესებს და მეთოდებს. ბოლო წლებში ამ ღონისძიებას უცხოელი სტუმრებიც მოუმრავლდა.
სოსო მარტიაშვილი, „მარტიაშვილის მარანი“: „წარმოგიდგენთ 2024 წლის ხიხვს, რქაწითელს და „როზეს“. ასევე წარმოდგენილი მაქვს ტრადიციული კახური ჭაჭა. პირველად სამი წლის წინ მივიღე გურჯაანის ღვინის ფესტივალში მონაწილეობა და ისე მომეწონა ეს სიტუაცია, ხალხმრავლობისა და კარგად ორგანიზების კუთხით, რომ მას შემდეგ მუდამ აქ ვართ. ჩვენი მოტივაცია ისაა, რომ რაც შეძლება ბევრ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ღვინო და ასევე, გვაინტერესებს ყველას აზრი და შენიშვნა“.

დავით გოგინაშვილი, საოჯახო მეღვინეობა „შილდური“: „ამჟამად ვაწარმოებთ ორი სახის ღვინოს - საფერავს და ქისს. ორივეს ტრადიციული კახური მეთოდით ქვევრში ვავარგებთ. ქისი საერთოდ 6 თვის მანძილზე გადის მაცერაციას და შემდეგ კასრში ასრულებს პრიოცესს. ეს ფესტივალი არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ გამოვიტანოთ ადგილობრივი პროდუქტი და ვიამაყოთ იმით, რაც გავაკეთეთ. ეს ბევრ საშუალებას გვაძლევს მარნის ცნობადობის გაზრდის კუთხით, რის გარეშეც მევენახეობა-მეღვინეობას აზრი არ ექნებოდა“.
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წელს ძველი თბილისური ატმოსფეროც გაცოცხლდა. თბილისში ოდითგანვე არსებობდა ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილები, რომელსაც აღმოსავლური გავლენით სირაჯხანა ეწოდებოდა. გურჯაანის ღვინის ფესტივალზე შექმნილ სივრცეში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სწვეოდნენ „სირაჯხანას“, შეხვედროდნენ „ყარაჩოხელებს“, დაეთვალიერებინათ მათი სავაჭრო კუთხე, გადაეღოთ ფოტოები და გასცნობოდნენ ძველი თბილისის ბაზრობის ტრადიციებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი