
თამარ მღებრიშვილი
დღეს, ისტორიულ სივრცე „საძველეში“, გაიმართება მრავალფეროვანი ღონისძიება – „გურია საძველეში – ღვინის და კერძის ფესტივალი“, რომელიც მიზნად ისახავს გურული კულტურის, ღვინის წარმოების ტრადიციებისა და კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. ფესტივალი ერთ სივრცეში აერთიანებს გურიის უნიკალურ გემოებს, მრავალხმიან მუსიკალურ ტრადიციებსა და რეგიონული ცხოვრების სტილს.
ღონისძიების კონცეფცია ეფუძნება რეგიონის მრავალწახნაგოვან იდენტობას: სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი გურული ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები, ტრადიციული გურული კერძები და გაეცნონ ადგილობრივი მეღვინეების ტექნოლოგიებსა და მიდგომებს. ღვინოებისა და კერძების გაცნობა მჭიდროდ იქნება დაკავშირებული გურიის კულტურულ კონტექსტთან, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს სრულყოფილად აღიქვან ამ რეგიონის თავისებურებები.
გურიიდან ჩამოსული მცირე მეწარმეები წარადგენენ ადგილობრივ პროდუქტებს – თაფლს, ჩაის, ტრადიციულ ტკბილეულს, მათ შორის - ჯანჯუხას.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური საუბრები გურულ ღვინოზე, რეგიონული გასტრონომიის როლსა და თანამედროვეობაში მისი განვითარების შესაძლებლობებზე. დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ანა გოდაბრელიძე და ქეთი კვიჭიძე – მეღვინეობის და კულინარიის წარმომადგენლები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და ხედვებს.
ფესტივალთან დაკავშირებით Vinoge.com სწორედ ანა გოდაბრელიძეს ესაუბრა:
- როგორ ეხმარება ეს ფესტივალი გურულ მეღვინეებსა და კულინარებს თავიანთი პროდუქციის პოპულარიზაციაში?
- რამდენიმე თვის წინ გამიჩნდა იდეა გაგვეკეთებინა სხვადასხვა რეგიონის ღვინოების და კერძების დღეები ღვინის სივრცე „საძველეში“. გავუზიარე კულინარიის ექსპერტ ქეთი კვიჭიძეს და ერთად გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ღვინის და კულინარიის ფესტივალი. მას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს კულინარიის მიმართულებით.
თუ სწორედ მახსოვს თბილისში, უშუალოდ გურული ღვინოებისთვის მიძღვნილი ფესტივალი პირველია. გურული ღვინის ცნობადობის გაზრდას ნამდვილად დაეხმარება. ბევრ ადამიანს ექნება საშუალება დააგემოვნოს ღვინოები, შეაფასოს და დააფასოს ისინი. ყველა ვერ ახერხებს რეგიონში წასვლას და მარნების მონახულებას. ასევე, ეს ძალიან კარგი საშუალებაა სტუდენტებისთვის, რომ გასინჯონ გურიის ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებულ ღვინოებს, ესაუბრონ მეღვინეებს ტექნოლოგიურ პროცესებზე, სირთულეებზე, ჯიშების ტიპურობაზე...
- რას ურჩევდით სტუმრებს, რომ მაქსიმალურად დატკბნენ გურული ღვინისა და კერძების კომბინაციებით? რამდენიმე სიტყვით რომ გვითხრათ, რაზე გააკეთებთ აქცენტს ფესტივალზე?
- სტუმრებს ექნებათ საშუალება, რომ დააგემოვნონ ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის რაიონებიდან ჩამოსული 12 მარნის სხვადასხვა ჯიშისგან დამზადებული ღვინო და ასევე შეაწყვილონ ეს ღვინოები გურულ კერძებთან, რომლებსაც დაამზადებენ გურიის სამივე რეგიონიდან ჩამოსული კულინარები. თუმცა ასევე კერძებს მოამზადებენ და მასტერკლასებს ჩაატარებენ ქეთი კვიჭიძე, შეფ დადუნა ღლონტი და შეფ მანჯი (გიორგი მანჯავიძე). გურული მრავალხმიანობაც არ დაგვვიწყებია და რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლი გვეწვევა გურიიდან.
მეც ჩავატარებ გურული ღვინოების მასტერკლასს. მთლიანობაში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ სტუმრებმა თბილისის შუაგულში გემრიელი გურული სურნელი იგრძნონ.
- გურიის ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოები ბოლო დროს უკვე რამდენიმე მარანს აქვს, რაც 10-15 წლის წინ წარმოუდგენელი იყო... ჩხავერის გარდა, გამოჩნდა საკმიელა, სხილათუბანი და სხვა. რა პოტენციალი აქვს ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე გურული ვაზის ჯიშისგან დაყენებულ ღვინოებს?
- ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული ჯიშები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ ღვინო გამოხატავდეს ჯიშისა და ტერუარის ტიპურობას, ხასიათს, ასეთი ღვინოები ყოველთვის ყურადღებას იმსახურებს.
- დაბოლოს, როგორ ხედავთ ფესტივალის განვითარებას და მის გავლენას გურიის ტურიზმზე?
- ამ ტიპის ფესტივალი პირველი ცდაა საძველეში, ვგეგმავთ ქართლის ღვინოების და კულინარიის ფესტივალს დეკემბრის თვეში. თუ შევძელით საინტერესოდ წარმოვაჩინოთ რეგიონის ღვინოები და კულინარია, ვფიქრობ, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით. არ მაქვს ილუზია, რომ ერთი ფესტივალით დიდ გავლენას მოვახდენთ ამა თუ იმ რეგიონის ტურიზმის განვითარებაში, მაგრამ გონივრულად დაგეგმილი მსგავსი ტიპის ღონისძიებები, ვფიქრობ, დაეხმარება ენო და გასტრო ტურიზმის განვითარებას სხვადასხვა რეგიონში.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი