Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ენდრიუ ჯეფორდი: რა ვქნათ? დავიწყოთ პანიკა? გავყიდოთ მარანი და დავდოთ თავშეკავების ფიცი?

2025 წლის სექტემბრის Decanter-ის ნომერში ღვინის ცნობილი მწერალი და ანალიტიკოსი, ენდრიუ ჯეფორდი, ეხმიანება ალკოჰოლის შესახებ ახალ სამედიცინო კონსენსუსს და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, რომლებიც დაკავშირებულია ზომიერად დალევის კულტურასა და ჯანმრთელობის რისკებთან.

ჯეფორდი ტექსტს ერთგვარი შეხსენებით იწყებს  და ამბობს, რომ ღვინის მოხმარება ბევრი ადამიანისთვის სიამოვნებაა. თუმცა, ამ სიამოვნების ირგვლივ დღეს ახალმა სამეცნიერო დასკვნებმა საკმაოდ შემაშფოთებელი კითხვები გააჩინა.

სამედიცინო ხედვა: უსაფრთხო დოზა არ არსებობს

ჯეფორდი მიმოიხილავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) პოზიციას, რომლის მიხედვით ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს. დღეს ჯანდაცვის სფეროში მტკიცედ დამკვიდრებულია აზრი, რომ ნებისმიერი რაოდენობის ალკოჰოლი,  თუნდაც ეს ერთი ყლუპი ხარისხიანი ღვინო იყოს, კიბოს რისკს ზრდის.

ამავე დროს, კითხვის ქვეშ დგას წარსულში ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ  წითელი ღვინის  ზომიერად მოხმარებას დადებითი ეფექტი აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ჯეფორდი აღნიშნავს, რომ ბოლო კვლევები და ექსპერტთა პოზიციები ამ რწმენას საფუძველს ართმევს.

მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს სტატისტიკური მეცნიერების ხედვა. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, სერ დევიდ შპიგელჰალტერი, რომლის სამუშაო სფერო მედიცინის სტატისტიკაა, აღნიშნავს, რომ ალკოჰოლის ზომიერად მოხმარება ჯანმრთელობას საფრთხეს ვერ შეუქმნის. მისი თქმით, მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობს „უსაფრთხო დონე“, ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტური თავშეკავება რეკომენდირებულია — ასე  ავტომობილის მართვაზეც ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ისიც რისკებთანაა დაკავშირებული.

პროფესორი ტიმ სტოქუელი კი ხაზს უსვამს ე.წ. აბსტინენტის ცდომილებას. მისი თქმით, სტატისტიკურად ჯანსაღი ადამიანები, რომლებიც ზომიერად სვამენ, ამავდროულად ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და სწორედ ეს ფაქტორი იწვევს პოზიტიურ ჯანმრთელობის მაჩვენებლებს — და არა თავად ღვინო. მისი პოზიციაა, რომ ზომიერი დალევა არაა ჯანმრთელობის გაუარესების ან გამოკეთების მიზეზი, არამედ ეს უბრალოდ ნიშანია იმისა, რომ ადამიანს უკვე კარგი ჯანმრთელობა აქვს.

ფსიქოლოგიური პერსპექტივა: რა როლს თამაშობს ღვინო ბედნიერების შეგრძნებაში?

ჯეფორდი ტექსტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს უთმობს ფსიქოლოგიურ ასპექტს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ არავისთვისაა სადავო ალკოჰოლზე დამოკიდებულების საფრთხე და მისი სოციალური შედეგები, ნაკლებად აღინიშნება ის პოზიტიური ფსიქოლოგიური სარგებელი, რომელსაც ღვინის  ზომიერი მოხმარება იძლევა.

მისი არგუმენტია, რომ ღვინის ზომიერად დალევა დაკავშირებულია სიამოვნებასთან, სოციალიზაციასთან, ინტელექტუალურ სტიმულთან, ჰობის განვითარებასთან და სენსორული გემოვნების უნარის დახვეწასთან. ეს ყველაფერი, ჯეფორდის შეფასებით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

ჯეფორდი სტატიაში ეყრდნობა ანტიკურ ფილოსოფიასაც. იგი იხსენებს დელფოს ტაძარში გამოსახულ ცნობილ ფრაზას — „არაფერი ზედმეტი“ — და ამ maxims-ს განიხილავს როგორც უნივერსალურ დევიზს ღვინის მოხმარების საკითხში.

ამავდროულად, სხვა, ნაკლებად ცნობილ დელფოსურ წარწერასაც გვიზიარებს: „აიცილე ფიცი“. ამ ფრაზით ავტორი ირიბად აფრთხილებს მკითხველს და მიგვითითებს, რომ ყველანაირი რადიკალიზმი და უკიდურესობა, იქნება ეს სრული თავშეკავება თუ უმისამართო მოხმარება, სიბრძნისგან შორს დგას.

სტატიის ბოლოს ჯეფორდი მკითხველს არ მოუწოდებს ალკოჰოლზე უარის თქმისკენ და არც მის უპირობო მიღებას ან განდიდებას ცდილობს. ის გვთავაზობს ბალანსს — ცნობიერებას, ზომიერებას და პასუხისმგებლობას. მისი პოზიციაა, რომ ცხოვრებაში ყოველი ქმედება გარკვეულ რისკს მოიცავს, მაგრამ ადამიანური სიხარული, კულტურა და ესთეტიკური გამოცდილება ხშირად ამ რისკს ამართლებს. ამასთან, მკითხველს მოუწოდებს, რომ  თავი არ მოიტყუოს — ღვინო არ არის ჯადოსნური ელექსირი. თუმცა არც მტერია. ის არის კულტურის, ბუნების, ხელოვნებისა და გემოვნების შერწყმის ყველაზე დახვეწილი ნაყოფი. და, როგორც სხვა ყველაფერი ღირებული, იგი მოითხოვს საზღვრების დაცვასა და დაფასებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა