
წელს ახალი ღვინის ფესტივალი უკვე მეჩვიდმეტედ გაიმართება და ის მალხაზ ხარბედიას სახელს ატარებს. ტრადიციულად, ფესტივალი მაისის მეორე შაბათს ტარდება, შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს, მთაწმინდის პარკში კიდევ ერთი დიდი სახალხო დღესასწაული გველოდება.
წლევანდელ ფესტივალს არაერთი სიახლე ექნება როგორც მონაწილეებისთვის, ისე სტუმრებისთვის. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრონული კატალოგი, რომელიც ფესტივალის განმავლობაში სტუმრებისთვის ერთგვარ გზამკვლევად იქცევა. კატალოგში თავმოყრილია მრავალფეროვანი ინფორმაცია — თავად ფესტივალის, მონაწილე მარნებისა და წარმოდგენილი ღვინოების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მას თან ერთვის ინტერაქტიული რუკა, რომელიც კონკრეტული მარნების ლოკაციების მარტივად მოძებნაში დაეხმარება სტუმრებს.
ელექტრონული კატალოგი, ახალი ღვინის ფესტივალის გზამკვლევი - ლინკი.
ელექტრონული კატალოგის შექმნის იდეასა და მის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ფესტივალის ორგანიზატორები გვესაუბრნენ:
იაგო ბიტარიშვილი: „ვფიქრობ, ყველა ღონისძიებას სჭირდება განახლება და განვითარება. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, წელს პირველად შეგვექმნა ელექტრონული კატალოგი, რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელი, ხელმისაწვდომი და ინფორმაციულია. ნებისმიერი სტუმარი მარტივად შეძლებს სასურველი მარნის, კონკრეტული ღვინისა თუ ფესტივალის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. მგონია, ეს სიახლე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ღვინის ფესტივალისთვის, არამედ ზოგადად მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებისთვისაც. იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც სტუმრები, ისე მონაწილე მარნები კმაყოფილები დარჩებიან, ჩვენ კი მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი სიახლეების დანერგვას, რომლებიც ფესტივალს კიდევ უფრო განვითარებულსა და სახალხოს გახდის.“
ირენ მახარაძე: „გვინდოდა ახალი ღვინის ფესტივალის ელექტრონული კატალოგი უფრო მოქნილი, ამომწურავი ყოფილიყო, რათა ფესტივალზე მოსული სტუმრებისთვის და მონაწილეებისთვის მარტივ გზამკვლევად ქცეულიყო. ეს არის ორენოვანი, ქართულ-ინგლისური კატალოგი და ინტერაქტიული რუკა, რომელიც სტუმრებს ფესტივალზე ორიენტირებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.“
გიორგი ბერიკელაშვილი: „თუ ფესტივალზე რომელიმე მარანი ან ღვინო დაგაინტერესებთ, საკმარისი იქნება კარვის თავზე განთავსებული QR კოდის დასკანერება, რის შემდეგაც ეკრანზე მყისიერად გაიხსნება დეტალური ინფორმაცია როგორც მარნის, ისე წარმოდგენილი ღვინოების შესახებ. ონლაინ კატალოგში ასევე მარტივად შეიძლება საყვარელი ვაზის ჯიშის, ღვინის დასახელების ან კონკრეტული მარნის მოძიება და ინტერაქტიულ რუკაზე მისი ადგილმდებარეობის ნახვა. ფესტივალის მასშტაბისა და მთაწმინდის პარკის ფართო სივრცის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ სტუმრებმა სასურველ ღვინოს მარტივად ვერ მიაგნონ. სწორედ ამიტომ, ინტერაქტიული კატალოგი მათ შესაძლებლობას მისცემს, ფესტივალზე ამოსვლამდეც კი წინასწარ მოიძიონ საყვარელი ჯიშები, ნახონ ლოკაციები და საკუთარი მარშრუტიც დაგეგმონ.“
ხვალ, 9 მაისს, მთაწმინდის პარკში, ღვინო კვლავ იქცევა ადამიანების, ისტორიების, გემოების და ემოციების შეხვედრის მიზეზად — დიდ სახალხო დღესასწაულად, სადაც თითოეული სტუმარი საკუთარ გზას, საკუთარ მარანს და, შესაძლოა, საკუთარ ღვინოსაც აღმოაჩენს და, ამჯერად, ეს პროცესი უფრო მარტივიც იქნება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი