
„ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ ყოველწლიური ღვინის ფესტივალია, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდება. ფესტივალი 25 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართება, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალის ორგანიზატორია „ღვინის კლუბი“.
წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს 44 მცირე მარანი და 3 ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანია.
მეღვინეობა უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ტრადიციულ ჩარჩოებს და დღეს ის კულტურის, ინოვაციისა და თვითგამოხატვის ერთ-ერთ მთავარ ფორმად იქცა. ყოველწლიურად ათობით ახალი მარანი იბადება, რომლებიც ფესტივალების საშუალებით თავიანთ ღვინოებს აცნობენ საზოგადოებას. ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ სწორედ მსგავს სივრცედ იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა მეღვინეებს, ენთუზიასტებსა და გამოცდილ პროფესიონალებს საერთო მიზნის გარშემო: ქართული ღვინის მრავალფეროვნების წარმოჩენა და ახალი სახეების/მარნების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის.
სტატიაში გაეცნობით უკვე გამოცდილი მონაწილე მეღვინეების შეფასებებს, გამოცდილებასა და ხედვებს ფესტივალის მნიშვნელობაზე — როგორ ცვლის ის ქართული ღვინის ეკოსისტემას და რა შესაძლებლობებს ქმნის მცირე მარნებისთვის დიდ ასპარეზზე გასასვლელად.

თამარ ბოჭორიძე - როჭოს ვენახები:
ფესტივალი არაჩვეულებრივი ადგილია ღვინის მოყვარულებთან და პროფესიონალებთან უშუალოდ საუბრის, ღვინის შეფასებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს ერთი დღე ხშირად ისე გმუხტავს, ისეთ იდეებს აჩენს, მთელი წელი გყოფნის საგზლად.
ბევრი ღვინის მოყვარულის სტუმრობას ველით, ძველების და ერთგულების და ახლების, რა თქმა უნდა. ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც შენს ღვინოს სინჯავს, სვამს, აფასებს.
მესამედ ვმონაწილეობთ ამ ფესტივალში. წლიდან-წლამდე ღვინის მოყვარულები უფრო მეტად გათვითცნობიერებულები არიან, ღვინოები უფრო დახვეწილია და მცირე მარნის მეღვინეებიც მეტ გამოცდილებას აგროვებენ.

ელი ცისკარიშვილი - აგიდელა:
კონკრეტულად ეს ფესტივალი ფოკუსირებულია ახალ მცირე მარნებზე, რომლებიც არცთუ ისე ცნობილები არიან და ახლა იდგამენ ფეხს. შესაბამისად, მომხმარებელს აქვს საშუალება, ფოკუსირდეს კონკრეტულად მათ პროდუქტზე. ფესტივალში როცა მონაწილეობს ბევრი ცნობილი ღვინის მწარმოებელი, მცირე თუ დიდი მეღვინეობა, მათ გვერდით მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა რთულია. ეს ფესტივალი ეხმარება ჯერ კიდევ უცნობ, ახალ მწარმოებლებს, მომხმარებლამდე მივიდეს ნაკლები კონკურენციის პირობებში. ჩვენს ღვინოებს საქართველოში უკვე ბევრი იცნობს, ბევრს უყვარს. ეს ფესტივალი გვაძლევს საშუალებას, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ამ ადამიანებს.
მოლოდინები, რა თქმა უნდა, კარგი გვაქვს, იმედია, ბევრი ადამიანი შეძლებს ღონისძიებაზე მოსვლას. ფესტივალზე წარმოდგენილი გვექნება 2024 წლის მოსავლის „გორული მწვანე“, რომელსაც პირველად გასინჯავენ ჩვენი გულშემატკივრები, „თავკვერი - როზე“, „შავკაპიტო“ და პეტნატი. კონკრეტულად ამ ფესტივალში ჩვენი მეღვინეობა პირველად იღებს მონაწილეობას, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული სხვა ფესტივალების მსგავსად, ესეც მხიარულებით სავსე დღესასწაული იქნება.

თამარ ნარინდოშვილი - SN WINERY - სოსო ნარინდოშვილის მეღვინეობა:
ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მარნებისთვის, ცნობადობის გაზრდისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის. მგონია, რომ არაერთი სტუმარი ეყოლება ფესტივალს, დააგემოვნებენ ნატურალურ ღვინოს და შეიძენენ კიდეც, რაც მცირე მეწარმეებს ხელს შეუწყობს განვითარებაში. უკვე მესამე წელია ამ ფესტივალში ვმონაწილეობ და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მეღვინეებისთვის.

ნათია ბერიძე - Château Le Beridze:
ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა — ეს არის შესაძლებლობა, რომ პატარა და ახალგაზრდა მარნებმა, როგორიც ვართ ჩვენ, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი შრომისა და ჩადებული სიყვარულის შედეგი. Château Le Beridze-სთვის ეს ფესტივალი წარმოადგენს არა მხოლოდ ღვინის გამოფენის პლატფორმას, არამედ დიალოგს მომხმარებელთან, პროფესიონალებთან და კოლეგებთან — რაც განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების წყაროა.
ამ ფესტივალზე თითოეულ მეღვინეს ეძლევა შანსი საკუთარი ხედვა და ფილოსოფია აჩვენოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ინდუსტრიის მრავალფეროვნებისა და ცოცხალი დინამიკის შენარჩუნებისთვის. ასეთი ინიციატივები აძლიერებს რეგიონულ მეღვინეობას, ხელს უწყობს ადგილობრივი ჯიშებისა და ტრადიციული მეთოდების პოპულარიზაციას, რაც საბოლოოდ ზრდის საქართველოს ღვინის საერთაშორისო ცნობადობას. ჩვენი მოლოდინი ფესტივალთან დაკავშირებით უკავშირდება ახალ გამოცდილებებსა და შეხვედრებს — როგორც ღვინის პროფესიონალებთან, ისე ენთუზიასტებთან. ველით გულწრფელ გამოხმაურებებს, საინტერესო დიალოგებს და იმ შესაძლებლობას, რომ მეტი ადამიანი გაიცნობს Château Le Beridze-სა და ჩვენს უნიკალურ მეგრულ ჯიშებზე დაფუძნებულ ღვინოებს. ფესტივალი ჩვენთვის ახალი ურთიერთობებისა და განვითარების სტიმულია. ფესტივალზე Château Le Beridze იქნება წარმოდგენილი ორი მოსავლით — "ოჯალეში 2023" და "ოჯალეში 2024".
ორივე ღვინო დამზადებულია მეგრული ადგილწარმოშობის აბორიგენული ჯიშის ყურძნისგან. 2023 წლის მოსავლის "ოჯალეში" გამოირჩევა უფრო ხასიათიანი სტრუქტურითა და გამოხატული არომატებით, ხოლო 2024 წლის მოსავლისა ახალგაზრდა, ცოცხალი და ნაზი ხასიათის ღვინოა — რაც ასევე კარგად ასახავს მის თავისებურებებს. ფესტივალში ვმონაწილეობთ მეორედ — Château Le Beridze 2023 წელს დაარსდა და სწორედ მას შემდეგ მივიღეთ მონაწილეობა პირველად. უკვე ვხედავთ, როგორ იზრდება ფესტივალი წლიდან წლამდე: მეტი მონაწილე, უკეთ ორგანიზებული სივრცე და უფრო დაინტერესებული აუდიტორია. ეს აჩვენებს, რომ ქართული მცირე მარნების კულტურა მყარად ყალიბდება. მომავალში ვისურვებდით, ფესტივალმა კიდევ უფრო გააძლიეროს რეგიონული მარნების ჩართულობა და დაემატოს საგანმანათლებლო ელემენტები — დისკუსიები, მასტერკლასები და გამოცდილების გაზიარების ფორმატები.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი