
- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- ნანობაშვილის მარანი წარმოადგენს მცირე საოჯახო მეღვინეობას კახეთში, წარაფის მიკროზონაში, სოფელ კარდენახში. მევენახეობა და მეღვინეობა ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში ბუნებრივად ჩამოყალიბდა და ცხოვრების ნაწილად იქცა მამა-პაპისეული 100 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით, ვენახების მოვლისა და ქვევრის ღვინის დაყენების სიყვარულით. სწორედ ამ მრავალწლიანი პრაქტიკისა და ოჯახური ტრადიციების საფუძველზე გადავწყვიტეთ, მეღვინეობას სრული პასუხისმგებლობით მივდგომოდით და დაგვეწყო ჩვენი მარნის შენება და განვითარება.
ამასთანავე, აღსანიშნავია და დიდია წარაფის მიკროზონის ფაქტორი, რომლის ყურძნისგანაც მართლაც რომ გამორჩეული და განსხვავებული ღვინო დგება, რამაც ერთი-ორად მოტივირებული გაგვხადა მეღვინეობის გზაზე შევმდგარიყავით.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
- ამჟამად გაშენებული გვაქვს რქაწითელი, ხიხვი და საფერავი. სამივე ჯიში განსაკუთრებულია თავისი არსით. თუმცა, ადგილწარმოშობა არსებითად შესანიშნავ არომატს და გემოს სძენს ქარვისფერ ღვინოებს, რაც აშკარად გამოარჩევს სხვა ადგილების იმავე ჯიშებისგან დაყენებული ღვინოებისგან.
არანაკლებ საინტერესო, სპეციფიკური და იშვიათი ღვინო დგება საფერავისგან, რასაც მიმდებარე ახოების მიკროზონის გავლენას შეიძლება ვუმადლოდეთ.

- რა სახის სირთულეები, დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- დამწყები მცირე საოჯახო მარნისთვის, ფაქტობრივად, ყველა ეტაპი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, დაწყებული მარნის მშენებლობით, გაგრძელებული ვაზის მოვლის ორგანული მეთოდებით, ღვინის დაყენების ნატურალური მეღვინეობის პრინციპების დაცვით, დავარგება-შენახვით და დამთავრებული ღვინის დაბოთვლვით.
დღესდღეობით ყველაზე დიდ გამოწვევად, ალბათ, მაინც ქართული უნიკალური ღვინის შესახებ არასაკმარისი ცნობადობა რჩება საერთაშორისო მასშტაბით, რის ასამაღლებლადაც ბევრი რამ კეთდება და მისასალმებელია. ამავდროულად, ქართულ ბაზარზეც შეინიშნება მაღალხარისხიანი ნატურალური ღვინის აღქმისა და განათლების დეფიციტი, რაც სასიცოცხლოდ საგულისხმოა და საგრძნობლად ართულებს მცირე საოჯახო მარნების ფუნქციონირებას.
- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?
- ჩვენი ღვინო კახური ტრადიციული წესით იწურება და ვარგდება ქვევრში. ჩვენი ვენახები გაშენებულია წარაფის მიკროზონაში და მოყვანილია ბიომეთოდებით, ხოლო ღვინო დაყენებულია ნატურალური მეღვინეობის პრინციპების დაცვით.
დღეს ნანობაშვილის მარანი წარმოადგენს ოჯახური შრომის, წინაპრების გამოცდილებისა და ნატურალური მეღვინეობის სიყვარულის ერთიან შედეგს.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- ღვინობისთვე წელს პირველად გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე. ღვინის ფესტივალებსა და დეგუსტაციებზე ჩვენმა ღვინოებმა განსაკუთრებული აღფრთოვანება, მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. 2024 წლის წარაფმა კი თავისი დებიუტი უკვე დააგვირგვინა პლატინისა და ოქროს მედლებით, The Qvevri WineHunter 2025-ზე საქართველოში და MUNDUS VINI Summer Tasting 2025-ზე გერმანიაში.
ჯერჯერობით გრძელვადიან სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია, მაგრამ მიმდინარე პერიოდში მთავარი მიზანი და ამოცანა არის ჩვენი ღვინოების ცნობადობის გაზრდა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
მიგვაჩნია, რომ მაღალხარისხიანი ღვინის დაყენების ფესვები არის ვენახი და ყურძენი. შესაბამისად, ჩვენი მოკრძალებული რჩევა დამწყები მევენახე-მეღვინეებისთვის იქნებოდა გააშენონ ვაზის ჯიშები შესაბამისი ადგილების მიხედვით, ხელი მიჰყონ ბიომეთოდებით ვენახის მოვლას და ნატურალური მეღვინეობის პრინციპების დაცვით ღვინის წარმოებას, რაც აუცილებლად სასურველ შედეგს დადებს და წარმატებას მოუტანს არა მხოლოდ მცირე საოჯახო მარნებს, არამედ საქართველოს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი