
ქართულ ციფრულ სივრცეში პოდკასტის სახით გაჩნდა ახალი ინტელექტუალური პლატფორმა - Nadimi.ნადიმი, რომლის ავტორი და წამყვანია ღვინის მწერალი და საოჯახო მარნის „ოდას“ დამფუძნებელი ქეთო ნინიძე.
პოდკასტი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც ღვინის სფერო აინტერესებს, იქნება ეს პროფესიონალი მეღვინე, სომელიე, მკვლევარი თუ უბრალოდ მოყვარული და ენთუზიასტი, რომელიც ცდილობს ღვინის სამყაროს სიღრმეებში ჩაწვდომას. თუ პლატონის „ნადიმი“ სიყვარულის გენეზისს, მის არსს, მიზანსა და ფილოსოფიურ ბუნებას იკვლევს, თანამედროვე პოდკასტი „ნადიმი“ ამ დიალოგურ ტრადიციას ღვინის სფეროში განაგრძობს. მისი მთავარი თემებია ღვინის სიყვარული არა როგორც ემოციური მოცემულობა, არამედ როგორც გააზრებული დამოკიდებულება; ღვინის ბუნების კვლევა - კულტურულ, ისტორიულ და ეთიკურ ჭრილში; და კრიტიკული მსჯელობა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც დღეს ქართული ღვინის რეალობაში არსებობს. ამგვარად, პოდკასტი ქმნის ინტელექტუალურ სივრცეს, სადაც ღვინო განხილულია როგორც ფიქრის, დისკუსიისა და თვითრეფლექსიის საგანი.
სიმბოლურიც და სრულიად ლოგიკურიცაა, რომ პოდკასტის პირველი ეპიზოდი მიეძღვნა მალხაზ ხარბედიას - ლიტერატორს, ესეისტს, ღვინის მწერალსა და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის ჩამოყალიბების პროცესში. ეპიზოდის სტუმრები იყვნენ გიორგი სამანიშვილი, ალეკო ცქიტიშვილი, იაგო ბიტარიშვილი და ლევან სეფისკვერაძე - ადამიანები, რომლებიც მალხაზ ხარბედიას სხვადასხვა დროს გვერდით ედგნენ, თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ მასთან.
აღნიშნული ეპიზოდის მთავარი ღერძი მალხაზ ხარბედიას მემკვიდრეობის გააზრება იყო: მისი აზრის, შრომისა და ინტელექტუალური ენერგიის გავლენა იმ პროცესებზე, რომლებმაც „ქართული ღვინო“ ახალი მნიშვნელობებით დატვირთა. განხილული იყო, თუ როგორ დაარსდა ღვინის კლუბი - სივრცე, რომელმაც ცოდნის გაზიარება, დისკუსია და კრიტიკული აზროვნება ღვინის სფეროში სისტემურ პროცესად აქცია; როგორ შეიქმნა გამოცემა „მარანი“, რომელმაც ღვინოზე საუბარი ლიტერატურულ და ესეისტურ დონეზე აიყვანა; როგორ ჩამოყალიბდა ახალი ღვინის ფესტივალი და როგორ დაარსდა ქართული ვაზის ფონდი და ღვინის საინფორმაციო ცენტრი.
მალხაზ ხარბედია არ ყოფილა მხოლოდ ღვინის პოპულარიზატორი, ის იყო განმანათლებელი იმ ღრმა მნიშვნელობით, რაც ცოდნის გადაცემასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობს. მისი ტექსტებით, საუბრებითა და ინიციატივებით მუდმივად ცდილობდა ერთი მარტივი, მაგრამ ფუნდამენტური იდეის დამკვიდრებას: ქართული ღვინო არ არის მხოლოდ ტრადიცია, ის არის ცოცხალი კულტურა, რომელიც გააზრებას, კრიტიკას და პასუხისმგებლობას საჭიროებს.
გთავაზობთ პოდკასტის პირველ ეპიზოდს:
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი