
ქართული ღვინის ბარის, 8000 მოსავლის ბერლინის ფილიალი Star Wine List-ის მიერ ბერლინის 30 საუკეთესო ღვინის ბარს შორის დასახელდა. Star Wine List წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც პროფესიონალების შეფასებებზე დაყრდნობით აერთიანებს მსოფლიოს გამორჩეულ ღვინის ბარებსა და რესტორნებს, და მხოლოდ ისეთ ადგილებს ასახელებს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სანდო აღიარებას იმსახურებენ.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბერლინის ღვინის ბარებს შორის, რომლებიც ერთდროულად მრავალფეროვანი და კონკურენტულია, იშვიათია სივრცე, რომელიც ქვეყანას ასეთი სიღრმითა და თანმიმდევრობით წარმოაჩენს, როგორც 8000 მოსავალი. ეს არის კონცეპტუალური სივრცე, სადაც შეხვდებით ქართულ ღვინოს, ტრადიციებსა და ისტორიას.
ღვინის ბარი, რომელიც თბილისში შეიქმენა და მოგვიანებით ბერლინში გახსნა ფილიალი ქართული ღვინის მიმართ ერთგულ პოზიციას იკავებს. 8000 მოსავალში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ქვევრში დავარგებული წითელი ღვინოები, ასევე თეთრი, ქარვისფერი და ბუნებრივი ღვინოებიც.
სივრცე ორმაგ ფუნქციას ასრულებს: ეს არის მაღაზია, სადაც სტუმარს შეუძლია თითოეული ბოთლი ადგილზე გახსნას და დაგემოვნოს, და ეს არის სადეგუსტაციო გარემო, სადაც ღვინის პროფესიონალები სტუმრებს ადგილობრივ ჯიშებს აცნობენ. ამასთან, სადეგუსტაციო მაგიდა ხშირად იქცევა ინტელექტუალური სივრცედ, სადაც მთავარი მიზანი არა შთაბეჭდილების მოხდენა, არამედ ცოდნის გაზიარებაა.
8000 მოსავალის განსაკუთრებულობა სწორედ ამაში გამოიხატება: მაშინ, როცა მრავალი ღვინის ბარი მრავალფეროვნებასა და “გლობალურ ასორტიმენტზე” აკეთებს აქცენტს, ეს სივრცე არჩევანს სიღრმეზე აკეთებს. 8000 მოსავალი შესანიშნავი არჩევანი იქნება მათთვის, ვისაც საქართველოს გაცნობა სურს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი