
ლევან სეფისკვერაძე
9 მაისს, თბილისმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა იმ დღესასწაულს, რომელიც უკვე დიდი ხანია უბრალო ფესტივალის ფარგლებს გასცდა და ქართული ღვინის კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ, ხალხმრავალ და გულწრფელ მოვლენად იქცა. ახლა უკვე მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026 წელს კვლავ მთაწმინდის პარკში გაიმართა და მთელი დღის განმავლობაში იქ მისულ სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოში ღვინო მხოლოდ სასმელი არასოდეს ყოფილა და იგი ურთიერთობის, გახსენების, აღმოჩენისა და ადამიანების გაერთიანების განსაკუთრებული ფორმაა.
წლები გადის და ახალი ღვინის ფესტივალი სულ უფრო მეტად ემსგავსება იმ დიდ ევროპულ ფესტივალებს, რომლებიც მეღვინეობის ქვეყნებში საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. თუმცა, ამ ფესტივალს თავიდანვე ჰქონდა ერთი უპირატესობა - მან ქართული ღვინის მრავალფეროვნება ისე წარმოაჩინა, როგორც ამას ვერც ერთი გამოფენა, კონკურსი თუ ოფიციალური პრეზენტაცია ვერ ახერხებდა. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთის გვერდით დგანან მსხვილი ღვინის კომპანიები, პატარა საოჯახო მარნები, დამწყები მეღვინეები და ადამიანები, რომლებიც ღვინოს ჯერ კიდევ მხოლოდ საკუთარი ოჯახისათვის აყენებენ.
წელს ქვევრში, რომელიც ფესტივალის გახსნისას იხსნება, პირველად ესხა იშვიათი გურული ვაზის ჯიშის, მტევანდიდის ყურძნისგან დაყენებული ღვინო. ბუნებრივია, ბევრი სტუმარი დაინტერესდა ამ ღვინით და ღვინის ავტორი, ოზურგეთელი ნოდარ ჩხარეტიშვილი, ვერ აუდიოდა სტუმრებისთვის ღვინის დასხმასა და კითხვებზე პასუხის გაცემას. ცხადია, ჩვენც დავინტერესდით ამ ადამიანით და მისი ღვინით.

ნოდარ ჩხარტიშვილი, „ნოდოს მარანი“: „ქალაქ ოზურგეთში მარანი 2018 წელს დავაარსეთ. თანდათან ვვითარდებით, ვსწავლობთ, გავაფართოვეთ წარმოება და უკვე ხუთი ათას ბოთლ ღვინოს ვასხამთ. ყურძენს ვყიდულობთ. სამწუხაროდ, ჯერ საკუთარი ვენახები არ გვაქვს. მტევანდიდი ბიძაჩემს აქვს ვენახში და სწორედ იქიდან დაყენებული პირველად ჩამოვასხით 2024 წელს. მაშინ მხოლოდ 60 ბოთლი გვქონდა. წელს უკვე 150 ბოთლამდე ავედით და სამომავლოდ, ალბათ, ნახევარ ტონამდეც ავალთ“.
მისივე თქმით, აქამდე მტევანდიდი არ იყო ოფიციალურად ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინოების ჩამონათვალში და ამ ღვინის ლოტის რეგისტრაციისას დაემატა რეესტრს.
წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ ჯიშური მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული. კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, რაჭიდან, ლეჩხუმიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა მეღვინეებმა სტუმრებს გასული რთვლის შემდეგ დაყენებული ახალი ღვინოები წარუდგინეს. ბევრი მათგანი პირველად გამოჩნდა ფართო საზოგადოების წინაშე, ზოგმა კი უკვე კარგად ნაცნობი სახელებითა და ღვინოებით მოიყვანა ერთგული სტუმრები საკუთარ სტენდებთან.

ნინი ბაშარული, მარანი „ბოსტოღანა“: „წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია აუდიტორიით. ყოველწლიურად უფრო და უფრო იხვეწება აუდიტორია და სტუმრებს ეტყობათ, რომ უფრო მეტი ცოდნა აქვთ ღვინის შემეცნების კუთხით. ეს ძალიან გვახარებს და ასევე სასიხარულოა უცხოელების დაინტერესება. წელს წარმოდგენილი გვაქვს: ქისის, მწვანე კახურის, საფერავის, რქაწითელის ღვინოები. ყველა ჩვენ ღვინოს განსხვავებული შეფასებები აქვს ხოლმე - ზოგს რა მოსწონს ზოგს რა. თუმცა, რაკი ჩვენ წარმოვადგენთ ტრადიციულ კახურ ძველ ჯიშებს, ამიტომაც ვზრუნავთ იმაზე, რომ ღვინოების ჯიშურობა წინა პლანზე იყოს წამოწეული“.
ფესტივალის მთავარი ხიბლი წელსაც აღმოჩენები იყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათის ღვინოები გაესინჯათ - კლასიკური საფერავებიდან და რქაწითლებიდან დაწყებული, შედარებით იშვიათი და მივიწყებული ჯიშებით დასრულებული. ხიხვი, ქისი, თავკვერი, შავკაპიტო, ოცხანური საფერე, ჩხავერი, უსახელოური, კრახუნა, ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვნებისა, რომელიც ფესტივალზე ღვინოების სახით იყო წარმოდგენილი.
როგორც ყოველთვის, ყველაზე საინტერესო სწორედ ის ღვინოები აღმოჩნდა, რომელთა შესახებაც სტუმრებს აქამდე არაფერი სმენოდათ. ზოგჯერ სრულიად უცნობი სოფლის პატარა მარნის ღვინო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მის კარავთან ადამიანები რამდენჯერმე ბრუნდებოდნენ. ასეთ მომენტებში ყველაზე ნათლად იგრძნობა, თუ რამდენად სწრაფად იცვლება ქართული ღვინის სამყარო და რამდენი ახალი ადამიანი შემოდის ამ სფეროში საკუთარი ხედვით, ენერგიითა და სიყვარულით.
სერგო ნაფეტვარიძე, ფესტივალის მუდმივი სტუმარი: „უკვე 17 წელია, რაც ახალი ღვინის ფესტივალი ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი სახალხო დღესასწაულია. ფესტივალის მოახლოვებასთან ერთად, ამ დღის მოლოდინი ყველგან იგრძნობა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ზოგადად ფესტივალების ტრადიცია ძალზედ მწირია. ღვინის ფესტივალის ტრადიცია კი ჩვენს ქვეყანაში სწორედ მალხაზ ხარბედიამ და ახალი ღვინის ფესტივალმა ჩამოაყალიბა“.

ფესტივალზე კვლავ განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო მცირე საოჯახო მარნებთან. ბოლო წლების მსგავსად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სწორედ მცირე მეღვინეები ქმნიან ქართული ღვინის ყველაზე ცოცხალ და საინტერესო ნაწილს. ისინი სტუმრებს არა მხოლოდ ღვინოს ასინჯებდნენ, არამედ საკუთარ ისტორიებსაც უყვებოდნენ - როგორ გააშენეს ვენახი, რატომ გადაწყვიტეს მივიწყებული ჯიშის აღდგენა, როგორ დაბრუნდნენ ქალაქიდან სოფელში და როგორ აქციეს ღვინო ცხოვრების მთავარ საქმედ.
ელენე სიგუა, მარანი „შავერდე“: „წლევანდელი ფესტივალი გამოირჩევა უცხოელი სტუმრების სიმრავლით. წარმოდგენილი გვაქვს: ატენური 2022, სოვინიონ ბლანის პეტ-ნატი 2025, ცქრიალა ცოლიკაური, ცოლიკაური 2023, ოჯალეში 2024, უსახელოური, ხიხვი ქვევრი, ჩინური-გორული, კასრი, მუკუზანი 2024, ბუდეშურისებრი საფერავი 2025 (როზე), ჩინური-გორული 2025, მწვანე 2025 ,საფერავი 2025, ბუდეშური საფერავი 2025. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ოჯალეშმა და 2025 წლის ყველა ღვინომ“.
დავით კაპანაძე, „ტყლაპის მარანი“: „წარმოდგენილი მაქვს მხოლოდ ოცხანური საფერე 2024, რომელსაც უკვე მინიჭებული აქვს მიკროზონის სტატუსი და უკვე მაქვს უფლება „საზანოს ოცხანური“ დავაწერო ღვინოს. წელს მთლიანი მაგიდა მაქვს და ეს იყო დიდი პლუსი. კომფორტია მეღვინისთვის. ჩემი დაკვირვებით, წელს ბევრი ადამიანი კითხულობს კახურ ღვინოსთან ერთად იმერულ ღვინოსაც, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ჯიშების მიმართ ხალხის ცნობადობა ძალიანაა გაზრდილი და მე როგორც იმერელს ძალიან მიხარია და მსიანოვმებს ეს ამბავი“.

როგორც ფესტივალის მონაწილეები ამბობენ, ადამიანებს შორის უშუალო ურთიერთობა ქმნის „ახალი ღვინის ფესტივალის“ ნამდვილ ატმოსფეროს. აქ ღვინო მხოლოდ შეფასების ობიექტი არ არის. ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, კამათობენ, ერთმანეთს რჩევებს აძლევენ, ერთმანეთს ღვინოს ადარებენ, ახალი აღმოჩენებით ხარობენ და ზოგჯერ სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად მეგობრულ სადღეგრძელოებსაც ამბობენ. ასეთი გარემო იშვიათია, განსაკუთრებით თანამედროვე ქალაქურ ცხოვრებაში, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ.
ფესტივალზე იგრძნობოდა, რომ ქართული ღვინო მუდმივად განვითარებადი, ცოცხალი კულტურაა. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება მეღვინეობით და სულ უფრო მეტი ოჯახი უბრუნდება საკუთარ სოფელსა და ვენახს. ხოლო ძველი ქართული ჯიშები, რომლებიც წლების წინ თითქმის დავიწყებული იყო, დღეს ახალი სიცოცხლით ბრუნდება.
მთელი დღის განმავლობაში მთაწმინდის პარკის სივრცე სავსე იყო მუსიკით, ღვინის სურნელით, მწვადის არომატით და იმ განსაკუთრებული ემოციით, რომელიც მხოლოდ ასეთ დღეებს ახლავს. ზოგიერთი სტუმარი კონკრეტული ღვინის დასაგემოვნებლად იყო მოსული, ზოგი მეგობრების სანახავად, ზოგი უბრალოდ ატმოსფეროსთვის, მაგრამ უკლებლივ ყველას ქართული ღვინის კულტურის დიდი სიყვარული აერთიანებდა.

ახალი ღვინის ფესტივალი - ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებით კარგად ჩანს, რამდენად მრავალფეროვანი, ცოცხალი და ენერგიულია ქართული ღვინის სამყარო. ეს არის დღე, როდესაც ადამიანები კიდევ ერთხელ რწმუნდებიან, რომ კარგი ღვინო მართლაც აერთიანებს ადამიანებს. ალბათ, სწორედ ამიტომ, ყოველ წელს, მაისის დასაწყისში, თბილისი ისევ და ისევ ელოდება ამ დღესასწაულს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი