
თამარ მღებრიშვილი
ახალი ღვინის ფესტივალის ისტორია ჩვიდმეტ წელს ითვლის, რაც ერთგვარი კულტურული დროის მონაკვეთია, რომლის განმავლობაშიც საქართველოში ღვინის მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა, გემოვნებაც, ხედვაც და თვითშეგნებაც. ხშირად ვამბობთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ეს ფრაზა უფრო მემკვიდრეობით მიღებულ სიამაყეს ჰგავდა, ვიდრე გააზრებულ კულტურულ გამოცდილებას. თითქოს ვიცოდით, რომ ღვინო ჩვენი ისტორიის ნაწილია, თუმცა ბოლომდე არ გვქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო ქვეყანა, სადაც ღვინო მხოლოდ სასმელი კი არა, ცივილიზაციის ნაწილია, სადაც ქვევრი მხოლოდ თიხის ჭურჭელი კი არა, მეხსიერების ფორმაა.
ჩვიდმეტი წლის წინ, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ღვინის პირველი ფესტივალი სწორედ ამ გააზრების დასაწყისი აღმოჩნდა. იმ დღეს იქ შეკრებილმა ადამიანებმა ნახეს, რომ ღვინოები შეიძლება ერთმანეთისგან არა მხოლოდ ფერითა და გემოთი, არამედ ხასიათითაც განსხვავებული ყოფილიყო. (როგორი შეგრძნებაა ღვინის ხასიათზე საუბარი?) პირველად ნახეს ნამდვილი ღვინის ჭიქა და ისიც, რომ ღვინის ჭიქასაც თავისი კულტურა აქვს; რომ ფორმა, სიმაღლე, სიგანე, გამჭვირვალობა — ყველაფერი განსაზღვრავს, როგორ აღიქვამ ღვინოს. თითქოს ქართულმა ღვინომ იმ დღეს საკუთარი ენა დაიბრუნა და ადამიანებსაც თავიდან ასწავლა მისი მოსმენა.
იმ პირველ ფესტივალში იყო რაღაც ძალიან ნამდვილი და ახლობელი. მაშინ, როდესაც ქართული ღვინო ჯერ კიდევ ცდილობდა საკუთარი ადგილის პოვნას თანამედროვე სამყაროში, ეს სივრცე ერთგვარ თავშესაფრად იქცა ადამიანებისთვის, ვისაც სჯეროდა, რომ ქართული ღვინო შეიძლებოდა ყოფილიყო კულტურა, ინტელექტუალური დიალოგი, იდენტობის ნაწილი და არა მხოლოდ სადღეგრძელოს თანმხლები ატრიბუტი. სწორედ იქ გამოჩნდნენ მცირე მარნები, ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი ხელებით ქმნიდნენ ყველაფერს — მარანსაც, ეტიკეტსაც, საკუთარ ფილოსოფიასაც. მაშინ ეს თითქოს პატარა მოძრაობა იყო, თუმცა დღეს უკვე ნათელია, რომ სწორედ ამ მოძრაობამ შექმნა თანამედროვე ქართული ღვინის ახალი ტალღა, რომლის მიღმაც იდგა „ღვინის კლუბი“ და ის ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთისა და იდეების ერთგულება იცოდნენ.
ახალი ღვინის ფესტივალის მნიშვნელობა მხოლოდ ღვინის დაგემოვნებაში არასოდეს ყოფილა. მისი მთავარი ღირებულება ყოველთვის შეხვედრა იყო — ადამიანების, ისტორიების, გამოცდილებების. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ თითოეული ბოთლის უკან დგას კონკრეტული მიწა, კლიმატი, ოჯახი, შრომა, მოლოდინი და ზოგჯერ მთელი ცხოვრებისეული დრამაც კი. ამიტომაც არის, რომ ასეთ ფესტივალებზე ღვინოს სხვანაირად აგემოვნებ.
2026 წლის 9 მაისი ამ ფესტივალის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღი აღმოჩნდა. პირველად ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი მალხაზ ხარბედიას გარეშე. რთულია იმ განცდის აღწერა, რომელიც ამ დღეს ჰაერში ტრიალებდა, სევდიანი სიხარული, ალბათ სწორედ ამას ჰქვია. ფესტივალი ისევ ხმაურიანი იყო, ისევ სავსე იყო ადამიანებით, ღვინის სურნელით, მუსიკითა და გაზაფხულის მზით, მაგრამ ამ ყველაფერში მაინც იგრძნობოდა უხილავი სიცარიელე. ყველა ხვდებოდა და ყველამ იცოდა, რომ ამ შეხვედრისა და სიხარულის ავტორი მალხაზ ხარბედიაა, ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, რომ წელს ფესტივალი მისი სახელობის გახდა.
და მაინც, პარადოქსულად, სწორედ ამ არყოფნაში იგრძნობოდა მალხაზ ხარბედიას ჩვენ გვერდით ყოფნა. ის იყო ყველგან — ახალგაზრდა მეღვინეების თავისუფალ საუბარში, ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესში, იმ ადამიანებში, რომლებიც ღვინოს უკვე როგორც კულტურულ მოვლენას, ისე უყურებენ, იყო თითოეულ სუფრასთან, თითოეულ ჭიქაში. ახალი ღვინის ფესტივალი თავად იქცა ცოცხალ მტკიცებულებად იმისა, რომ ადამიანები არსად მიდიან, განსაკუთრებით იმ ადგილებიდან, რომლის შექმნასა და ფორმირებასაც სიცოცხლის უდიდესი ნაწილი მოანდომეს.
წლევანდელ ფესტივალს უამრავი ადამიანი სტუმრობდა. სხვადასხვა თაობის ადამიანები დადიოდნენ ერთი მარნიდან მეორესთან, აგემოვნებდნენ ღვინოებს, უსმენდნენ მეღვინეებს, საუბრობდნენ ისტორიებზე. ბევრ სტუმართან და მონაწილესთან საუბრის შემდეგ განსაკუთრებით ნათელი ხდებოდა, რომ ახალი ღვინის ფესტივალი უბრალო გასტრონომიული ღონისძიება აღარ არის და იქცა ადგილად, სადაც ცნობისმოყვარეობა, სიყვარული და ღვინო ერთ მთლიანობად იქცევა.
ამ ფესტივალზე ყოფნისას კიდევ ერთხელ ხვდები, რომ ღვინო საქართველოში მხოლოდ გემოს საკითხი არასოდეს ყოფილა. ის იდენტობის ნაწილია, საერთო მეხსიერებაა, ადამიანებს შორის უხილავი კავშირია. და ალბათ ამიტომაც ახერხებს ახალი ღვინის ფესტივალი უკვე ჩვიდმეტი წელია, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს და აღმოჩენების სიხარული გააზიარებინოს და შეაგრძნობინოს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი