
გიორგი სამანიშვილი
ქართულ ენაში სიტყვა „ვოდკა“ ბარბარიზმად ითვლება და მას „არაყი“ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, ახალი თაობის სომელიეები და მიქსოლოგები ჩვეულებრივ იყენებენ ტერმინს - „ვოდკა“. ქართულ კანონმდებლობაშიც შემოვიდა „ვოდკის“ განმარტება, რადგან მისი არგამოყენება გაუგებრობებს ქმნიდა დარგის სპეციალისტებისთვის.
ვფიქრობ, ეს სიტყვა ყოველდღიურ ენაშიც უნდა დავაბრუნოთ და განახლებულ ლექსიკონებშიც შევიტანოთ იმ სპირტიანი სასმლის აღსანიშნავად, რომელიც მზადდება ნეიტრალური სპირტის გაზავებით. მაგალითისთვის, ასეთია „უკრაინული არაყი“, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვენთან გავრცელებული სასმელებისგან, როგორიცაა „ჭაჭის არაყი“, „თაფლის არაყი“, „თუთის არაყი“, „ჭანჭურის არაყი“ თუ სხვა უამრავი არაყი.
მსოფლიოში ასეულობით ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სპირტიანი სასმელი მზადდება. ეს სასმელები განსხვავდება ნედლეულით, ანუ რა პროდუქტი გამოიხდება (ხილი, ყურძენი, თაფლი, შაქრის ლერწამი... მარცვლეული, კარტოფილი, აგავა თუ სხვა), გამოხდის მეთოდით, შემდეგ დავარგების (ბრენდი, ვისკი), ზოგ შემთხვევაში - არომატიზების (ჯინი) თუ სხვა ოპერაციების მიხედვით, რაც ამ დარგს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
ყველა სპირტიანი სასმელი მზადდება შესაბამისი სპირტებისგან. სპირტები თავის მხრივ ორ კატეგორიად იყოფა - ნეიტრალური სპირტები და დისტილატები.
ნეიტრალური სპირტი ანუ რექტიფიცირებული სპირტი - განმარტებულია როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობებით. ეს არის სპირტი, რომლის სპირტშემცველობა აღემატება 95%-ს (ევროპაში 96%), მაქსიმალურად გასუფთავებულია სხვა ნაერთებისგან. და რაც მთავარია არის ნეიტრალური (მაქსიმალურად) სუნზე და გემოზე. ნეიტრალური სპირტი შეიძლება მივიღოთ ნებისმიერი ნედლეულის გამოხდით (მარცვლეული, კარტოფილი, ხილი, ყურძენი, ჭარხალი...). თუმცა, სუნი და გემო მაინც ნეიტრალური უნდა იყოს.
ნეიტრალური სპირტისგან მზადდება ისეთი სასმელები როგორიცაა:
ვოდკა ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ - არაყი. მზადდება სხვადასხვა ნედლეულის მაღალი სპირტშემცველობით გამოხდით და მაქსიმალური გასუფთავებით მიღებული ნეიტრალური სპირტის გაზავებით. ყველაზე მაღალხარისხიანად ხორბლის ვოდკა ითვლება, ყველაზე იაფად - კარტოფილის ვოდკა. ვოდკის ხარისხის შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ნეიტრალური ანუ არა არომატული გემო და სუნი. დასაშვებია მცირედ ნედლეულის ტონები, თუმცა მინიმალურად.
ჯინი - ასევე ნეიტრალური სპირტის ღვიასთან, სხვა არომატულ მცენარეებთან და სანელებლებთან ერთად ხელმეორე გამოხდით ანუ რედისტილაციით მიიღება.
ზოგადად ნეიტრალური სპირტი საუკეთესოა ნაყენების, ექსტრაქტების დასამზადებლად, რადგან გამოყენებული ხილის, ციტრუსების, კენკრის და ა. შ. სურნელს სპირტის ნეიტრალური გემო არ ფარავს და უკეთ წარმოაჩენს. ასევე ნაკლებად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ნაკლებ მინარევებს შეიცავს.
დისტილატი - არის სპირტი, რომელიც განსხვავდება ნეიტრალური სპირტისგან და რომლის სპირტშემცველობა არ აღემატება 94%-ს მარცვლეულის და ლერწმის შაქრის შემთხვევაში, ხოლო 86%-ს ხილის, ყურძნის და ა. შ. შემთხვევაში. ნეიტრალური სპირტისგან განსხვავებით, დისტილატებისთვის დადგენილია რომ პირიქით, უნდა შეიცავდეს გარკვეული მინიმალური ოდენობით აქროლად ნაერთებს, და რაც მთავარია, შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნედლეულის დამახასიათებელი სუნი და გემო.
სწორედ დისტილატებისგან მზადდება ისეთი გამორჩეული სასმელები, როგორიცაა: ვისკი, ბრენდი, ხილის და ჭაჭის არყები, რომი, თაფლის არაყი თუ სხვა. ყველა ამ სასმლის გასინჯვისას ხარისხის მთავარი მაჩვენებელი არის ის თუ რამდენად ახასიათებს შესაბამისი ხილის, მარცვლეულის, შაქრის ლერწმის თუ თაფლის გემო.
საქართველოში გვაქვს ტრადიციული სპირტიანი სასმელები როგორებიცაა
- ღვინის ბრენდი, ჭაჭის არაყი (ღვინის არაყი, ყურძნის არაყი - ეს პროდუქტები არსებობს, მაგრამ ტერმინები, სამწუხაროდ, აღარ გამოიყენება).
- ხილის არყები (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ჭანჭური, თუთა, კომში, ხურმა და სხვა მრავალი ანდა მათი ნარევი).
- თაფლის არაყი
ყველა ამ სასმელს ახასიათებს შესაბამისი ხილის ან სხვა ნედლეულის გემო და სუნი.
ყველა ამ სასმელს ტრადიციულად „არაყი“ ჰქვია (მაგ. ჭაჭის არაყი). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ნახსენები დასახელება „იყი“ აღარ გამოიყენება. შემოვიდა სხვა ენებში გავრცელებული „ბრენდი“ (მაგ. ხილის ბრენდი), მაგრამ რამდენადაც დღევანდელი ქართული კანონმდებლობით ბრენდი მხოლოდ ღვინის გამოხდით მიღებულ სასმელს ჰქვია, ფართოდ ვერ გავრცელდა. ასევე იყენებენ გამოთქმას „სპირტიანი სასმელი“ თუმცა ნაკლებად.
სიტყვა არაყი სხვა ენებზე ითარგმნება შემდეგნაირად: Spirit ან Brandy (ინგ.), Eau-de-vie (ფრ.), brand (გერ.), Aguardiente (ესპ.), Acquavite (იტა.), Pálenka (ჩეხ.სლოვ. უნგ.)...
მაგ. ჭაჭის არაყი - Grape Marc Spirit ან Grape Marc Brandy ან Pomace brandy (ინგ.),Eau-de-vie de marc (ფრ.), Tresterbrand ან Trester ან Tresterschnaps (გერ.), Aguardiente de orujo (ესპ.), Acquavite di vinaccia (იტა.), Matolinová Pálenka (ჩეხ.)...
მაგ. თაფლის არაყი - Honey spirit (ინგ.), Eau-de-vie de miel (ფრ.), Honigbrand (გერ.), Aguardiente de miel (ესპ.), Acquavite di miele (იტა.), pálenka z medoviny (ჩეხ.)...
რაც შეეხება ასევე ძალიან პოპულარულ სასმელს - „ვოდკას“, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ენაზე მას ასევე „ვოდკა“ ჰქვია - Vodka ან Wodka.
ქართულ ენაში დაგვრჩა „ვოდკა“ თარგმნილი „არყად“ და ამით ვაბნევთ სპირტიანი სასმელების მოყვარულებსაც და პროფესიონალებსაც. სწორედ ამ შეცდომის გამო თარგმნიან ხშირად „ჭაჭის არაყს“, როგორც „Grape Vodka“, რაც რა თქმა უნდა, დიდი შეცდომაა და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი