
თამარ მღებრიშვილი
ღვინის სამყაროში არსებობს ერთი საინტერესო პარადოქსი: რაც უფრო მეტ ღვინოს აგემოვნებ, მით უფრო აცნობიერებ, რამდენი რამ არ იცი ჯერ კიდევ. ერთი ბოთლი შეიძლება კონკრეტულ ვენახზე მოგვიყვეს, მეორე - მეღვინის ხელწერაზე, მესამე კი ქვეყნის ისტორიაზე. სწორედ ამიტომ, ღვინის კულტურის ბუნებრივი ნაწილია შესაბამისი ლიტერატურის კითხვა, კვლევა და იმ ცოდნის დაგროვება, რომელიც ღვინის ისტორიისა თუ სპეციფიკის გაგებასა და ახსნაში გვეხმარება.
ღვინის ლიტერატურა მრავალფეროვანია და საკმაოდ ბევრ მასალას მოიცავს, მათ შორის უკვე ქართულ ენაზეც. დღეს მიმოვიხილავთ წიგნებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული პერსპექტივით გვიყვებიან იმაზე, თუ რას ნიშნავს ქართული ღვინო, როგორც ისტორიული მემკვიდრეობა, როგორც ცოცხალი ტრადიცია და როგორც თანამედროვე კულტურული ფენომენი.
ივანე ჯავახიშვილი - „მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში“

თუ არსებობს წიგნი, რომლის გარეშე ქართული მეღვინეობის შესწავლა წარმოუდგენელია, ეს ივანე ჯავახიშვილის „მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოშია“. ავტორის ცნობილი მონოგრაფიის, „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის“, ეს ნაწილი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საფუძვლიან ნაშრომად რჩება.
ჯავახიშვილი მევენახეობა-მეღვინეობას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობად არ განიხილავს. ის ამ დარგს საქართველოს ისტორიის, ენისა და კულტურის ორგანულ ნაწილად წარმოაჩენს. წიგნში თავმოყრილია მასალა ვაზის ჯიშების, მათი გავრცელების, ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდების, დარგის ტერმინოლოგიისა და ისტორიული წყაროების შესახებ. განსაკუთრებით საინტერესოა თავი, სადაც ავტორი სიტყვა „ღვინის“ წარმოშობასა და მის ისტორიულ მნიშვნელობას განიხილავს.
ეს გამოცემა საინტერესოა როგორც მკვლევრებისთვის, ისე ნებისმიერი მკითხველისთვის, ვისაც ქართული ღვინის ისტორია აინტერესებს.
გიორგი ბარისაშვილი - „მარანი ქვევრი ღვინო“

თუ ჯავახიშვილი ისტორიულ საფუძველს ქმნის, გიორგი ბარისაშვილის „მარანი ქვევრი ღვინო“ ქართული მეღვინეობის პრაქტიკულ და კულტურულ განზომილებას გვაცნობს.
წიგნი მკითხველს მარნის სამყაროში შეიყვანს, სადაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ქართული ღვინის იდენტობა. ავტორი დეტალურად აღწერს ტრადიციული მარნის არქიტექტურას, ქვევრის მრავალფეროვან დანიშნულებას, მისი გამოყენების წესებსა და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. განსაკუთრებული ღირებულება აქვს გამოცემას დართული განმარტებითი ლექსიკონის სახით, სადაც თავმოყრილია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტერმინოლოგია - ვაზის ჯიშებიდან დაწყებული, მარნის ინვენტარითა და საღვინე ჭურჭლით დასრულებული.
გიორგი ბარისაშვილის აღნიშნული წიგნი პრაქტიკული გამოცდილებისა და მრავალწლიანი კვლევის ნაყოფია. სწორედ ამიტომ, ეს გამოცემა ერთდროულად სასარგებლოა როგორც მეღვინეებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება ქართული ღვინო ტრადიციისა და თანამედროვე ცოდნის გადაკვეთაზე.
ლიზა გრანიკი - „ღვინის გზამკვლევი“

ქართული ღვინის თანამედროვე სამყაროს გასაცნობად ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა ლიზა გრანიკის „ღვინის გზამკვლევია“.
გრანიკი, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევს საქართველოს მეღვინეობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაში, მკითხველს სთავაზობს პრაქტიკულ და მუდმივად განახლებად გზამკვლევს. აქ თავმოყრილია ინფორმაცია მარნების, მწარმოებლების, ღვინოების, რეგიონების, ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციებისა და სტატისტიკის შესახებ. გამოცემა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვისაც, ვინც საქართველოს ღვინის რეგიონებში მოგზაურობას გეგმავს, ვინაიდან, წიგნი აერთიანებს რეკომენდაციებს, სად დააგემოვნოთ ღვინო, სად დარჩეთ და როგორ გაიცნოთ უკეთ თითოეული მხარე.
ეს გამოცემები ერთმანეთის გაგრძელებას ჰგავს: ჯავახიშვილი ისტორიულ საფუძველს გვთავაზობს, ბარისაშვილი - ტრადიციის სიღრმესა და პრაქტიკას, ხოლო გრანიკი - თანამედროვე ქართული ღვინის ცოცხალ პორტრეტს. შესაბამისად, თუ ქართული ღვინის რეტროსპექტიული კუთხით გაცნობა გსურთ, მაშინ ზემოთ მოცემული წიგნები საფუძვლიანი დასაწყისი იქნება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი