

2026 წლის რთველის სეზონისთვის ყურძნის ჩაბარების პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კონდიციური საფერავის შაქრიანობის მინიმალური ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა.
ცვლილების მიზანი მევენახეებისთვის მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდაა. გადაწყვეტილება კახეთში მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები 100-ზე მეტ სოფელში გაიმართა.
რა პირობებით ჩაიბარებენ საფერავს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, მევენახეებს შესაძლებლობა ექნებათ, ყურძენი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პირობებით ჩააბარონ. კახეთის რეგიონში ფიზიკური პირებისგან ყურძენს შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მიიღებს.
საფერავის შემთხვევაში ფასები ყურძნის ხარისხისა და შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრება:
შესაბამისად, ახალი ზღვარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მევენახეებისთვის, რომელთა მოსავალიც 21-22%-იანი შაქრიანობის ფარგლებშია და წინა პირობებით კონდიციური საფერავის კატეგორიაში ვერ ხვდებოდა.
სხვა ჯიშების ყურძნის ჩაბარების ფასები
ცალკე პირობებია განსაზღვრული „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა ვაზის ჯიშებისთვის.
დაუზიანებელი ყურძენის ჩაბარების ფასი, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 20%-ია, 1,30 ლარი იქნება. 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის ან ნაწილობრივ დაზიანებული ყურძნის ფასი 0,80 ლარი იქნება, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან დაზიანებული ყურძნის შემთხვევაში - 0,30 ლარი.
აქცენტი ყურძნის ხარისხზეა
ყურძნის ფასის ხარისხისა და შაქრიანობის მიხედვით დიფერენცირება გასულ წელსაც გამოიყენებოდა. მიდგომის მიზანია, მევენახეებს ხარისხიანი და დაუზიანებელი მოსავლის მიღებაზე მეტი მოტივაცია შეუქმნას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა ეფექტიანია, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. დარგის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად სწორედ მაღალი ხარისხისა და ქართული ღვინის უნიკალურობის შენარჩუნება განიხილება.
ამასთან, 2026 წლის რთველისთვის კონდიციური საფერავის მინიმალური შაქრიანობის ზღვრის შემცირება მევენახეებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, მოსავლის უფრო დიდი ნაწილი რეალიზაციაში ჩართონ და ჭარბი მოსავლის შემთხვევაში ყურძენი დაუბინავებელი არ დარჩეს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com