

გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ღონისძიების ფარგლებში ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და თანამედროვე ღვინის კულტურა გერმანელმა აუდიტორიამ გაიცნო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“-ის ორგანიზებით გამართული დეგუსტაცია ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და მისი საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას ემსახურებოდა.
ღონისძიების კონცეფცია ქართული ღვინისა და ადგილობრივი კულინარიული კულტურის ურთიერთშეხამებას ეფუძნებოდა. დეგუსტაციას მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები და კონტენტ-კრეატორები ესწრებოდნენ, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა მევენახეობის რეგიონში წარმოებული შვიდი დასახელების ღვინო დააგემოვნეს და მათ მრავალფეროვან არომატებსა და გემოვნურ თავისებურებებს გაეცნენ.
ღონისძიებას ცნობილი კულინარიული ბლოგერი და კონტენტ-კრეატორი ჯელენა ლოზო უძღვებოდა, რომლის საქმიანობა მაღალი ხარისხის გასტრონომიისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას უკავშირდება. მისი აუდიტორია სწორედ იმ მომხმარებლებს აერთიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ხარისხიანი ღვინისა და დახვეწილი კულინარიული გამოცდილების მიმართ. ამდენად, მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ფართო და მიზნობრივ აუდიტორიამდე მივიდეს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com