
ლაშა გურულის ბლოგი
ქუთაისში 13 ივნისს პირველად ჩატარდა ღვინის საზაფხულო ფესტივალი ,,წითელი და თეთრი“. ღონისძიების ორგანიზატორი იყო „იმერული ღვინის კლუბი - ცოლიკოური“, რომელიც ბოლო სამი წელია, რაც დეკემბრის თვეში ქუთაისში გვთავაზობს დასავლეთ საქართველოს ღვინოების ფესტივალს „არაჩვეულებრივი გამოფენა“. ამჯერად „წითელი და თეთრი“ არ შემოიფარგლებოდა დასავლური ღვინოებით და მასში მონაწილეობა აღმოსავლეთ საქართველოდან კახეთის რეგიონის მარნებმაც მიიღეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ლეჩხუმის ღვინოც. ფესტივალში 40 მარანი მონაწილეობდა და ჩატარდა ღია სივრცეში - ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.

„წითელი და თეთრი“ საერთო-სახალხო ფესტივალის ხასიათს ატარებს და ემსახურება მიზანს, აამაღლოს ქუთაისში და ზოგადად დასავლეთ საქართველოში ღვინის მოხმარების კულტურა და ხელი შეუწყოს მცირე მემარნეებს წარმოჩენაში და ღვინის ხარისხის დახვეწაში. ფესტივალს მხარს უჭერს ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში.

მიუხედავად ხანგრძლივი ავდრიანი ამინდებისა, 13 ივნისი უჩვეულოდ მზიანი გამოდგა, რაც ფესტივალის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იყო ღვინის სადეგუსტაციო ჭიქები ფესტივალის ბრენდირებით. განსაკუთრებული ხალხმრავლობა შუადღის პერიოდისკენ შეინიშნებოდა. 16:00 საათიდან ფესტივალს მუსიკალური ბენდი „ოჩოს ქოხი“ შემოუერთდა, რამაც კიდევ უფრო ხალისიანი და ამაღლებული განწყობა შექმნა სტუმრებსა და მეღვინეებს შორის. 18:00 საათიდან კი ფესტივალში მონაწილე მარნებიდან, weareghvino-ს დამფუძნებელმა, გიორგი კირკიტაძემ სცენაზე გადაინაცვლა და მის მიერ შემოთავაზებული ვინილებით დღის ბოლომდე გაამდიდრა მუსიკალურად ღონისძიება.
ამ ეტაპზე ბოტანიკური ბაღის შესასვლელი სივრცე იყო მხოლოდ ათვისებული. სამომავლოდ კი ტერიტორია იძლევა საშუალებას, ფლიგელების სახით სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მარნები ცალ-ცალკე განთავსდნენ. პირველ ფესტივალს გასტრონომიულ ნაწილში ქუთაისში უკვე 2 წლის არსებობის ისტორიის მქონე აგროსივრცე/ღვინის ბარი ,,სხვენი’’ წარმოადგენდა, რომელიც სტუმრებს საინტერესო და მიმზიდველი ასორტიმენტით უმასპინძლდებოდა.

უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ძირითად ქალაქებში - თბილისში და ბათუმში ყოველწლიურად გაზაფხულზეც და ზაფხულშიც იმართება ღვინის ფესტივალები. ქუთაისში კი აქამდე არ არსებობდა ღვინის საგაზაფხულო ან საზაფხულო ფესტივალი. წელს სწორედ ამ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და „წითელი და თეთრი“ გახდება საერთო სახალხო ყოველწლიური ღვინის ფესტივალი ქუთაისისთვის, რომელიც თავის მასშტაბებს კიდევ უფრო გაზრდის.
ნიშანდობლივია ფესტივალის სახელწოდებაც, რაც პირველ რიგში, ღვინის ფერებს უკავშირდება. ამავე დროს, ქუთაისისთვის წითელი და თეთრი სხვა დატვირთვასაც ატარებს. თეთრი ხიდის გარეშე ხომ ქუთაისი წარმოუდგენელია. თუმცა, ქუთაისს გარეთ ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქში ასევე არის წითელი ხიდიც, მის სიახლოვეს მდებარე ცნობილი მაგნოლიის ხით. ფესტივალის სახელწოდებაც - „წითელი და თეთრი“ ამ ხიდების შესახებ სიმბოლურ ინფორმაციასაც ატარებს.
ფესტივალს 600-მდე სტუმარი ეწვია, რაც საკმაო რაოდენობაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ იგი პირველად ჩატარდა. შექმნილი იყო ჰარმონიული ატმოსფერო, რაც ფესტივალს დახვეწილს და ქუთაისისთვის შესაფერისად კულტურულს ხდიდა. რაც მთავარია, კმაყოფილებას გამოთქვამდნენ მეღვინეები, რომელთა ჩართულობა და წვლილი ყველაზე დიდი იყო ამ ფესტივალში. მარნების უმეტესობას, დაახლოებით 85 %-ს ბუნებრივი ღვინის მიმართულების მარნები წარმოადგენდნენ, რომელთათვისაც ინდივიდუალიზმი, ბუნებრივობა და საკუთარი ვენახი ძირითად გზავნილს წარმოადგენს მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ. „იმერული ღვინის კლუბი ცოლიკოური“ კი, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, აგრძელებს ამ მცირე მარნების მხარდაჭერას რჩევებით, ინფორმაციებით, გამოცდილების გაზიარებით. სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ახალი მარანი ემატება იმერეთის მცირე მარნებს საკუთარი ვენახებით და განსაკუთრებული ღვინოებით.
სამწუხაროდ, ქუთაისის რეალობაში საერთო მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ადგილობრივი მეღვინეებისადმი და ადგილობრივი ბოთლის ღვინისადმი ისევ არასახარბიელოა. ხშირად ვხვდებით ირონიულ რეაქციებს ადგილობრივი მცირე მარნების ბოთლის ღვინის ფასისადმი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯერ კიდევ უცხოა ნებისმიერ სიტუაციაში ღვინის სადეგუსტაციო ჭიქით დაგემოვნების და დალევის კულტურა. აქედან გამომდინარე, ყველაფერ ამის პოპულარიზაცია და მიწოდება საზოგადოებისთვის უწევთ მეღვინეებს, ენთუზიასტებს, რესტორატორებს, გიდებს თუ სომელიეებს, რომელთა საერთო რაოდენობაც საკმაოდ ცოტაა იმერეთში. არ არსებობს არც საერთო პლატფორმა და არც სამოქმედო გეგმა ამ სფეროებს შორის, რათა ერთიანი სტრატეგიით მოხდეს იმერული ღვინის და იმერული მცირე მარნების უფრო სწრაფად განვითარება და პოპულარიზაცია. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, „იმერული ღვინის კლუბი - ცოლიკოური“ აგრძელებს აღებული კურსით მოქმედებას და ყველაზე მასშტაბურად კვლავ დეკემბერში შევხვდებით - „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი