
ღვინო დღეს კულტურული ნარატივის, ინტელექტუალური ინტერესისა და გლობალური ყურადღების ცენტრშია. მის გარშემო იწერება წიგნები, იქმნება სერიალები, იკვეთება ახალი დიალოგები ძველ და ახალ სამყაროს შორის.
21 იანვარს Apple TV+-ზე ემის მფლობელი მრავალენოვანი სერიალის Drops of God მეორე სეზონის პრემიერა გაიმართა. პროექტი, რომელმაც უკვე მილიონობით მაყურებელი ჩართო ღვინისა და გასტრონომიის ინტელექტუალურ და ემოციურ სამყაროში, ახალ სეზონში დიდ ადგილს უთმობს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ღვინის უწყვეტი ტრადიციით მსოფლიო რუკაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ აღნიშნა, „მხატვრული სერიალი, რომელიც ღვინოზეა, გვერდს ვერ აუვლიდა საქართველოს. ეს არის იმ წარმატების შედეგი, რომელსაც ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია. ქართული ღვინის კულტურა აღიარებულია არა მხოლოდ ღვინის სფეროში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მონაპოვარი“. მისი თქმით, სერიალი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას და მაყურებელს გაუჩენს მისი გასინჯვის სურვილს.
მეორე სეზონის ნაწილი საქართველოშია გადაღებული, კინოკომპანიების „სტუდია 99“-ისა და „ასი ფილმის“ მონაწილეობით და პროექტის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით. კონსულტანტად ჩართული იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეკრანზე ნაჩვენები ამბავი რეალურ პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას ეყრდნობა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი