
ქალაქ შანხაიში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა - ProWine Shanghai - იმართება. ღონისძიებაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 19 კომპანია მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზარზე მისი ცნობადობის ამაღლების მიზნით, ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა.
ერთ-ერთი დეგუსტაცია სახელწოდებით „საქართველო ხვდება ჩინეთს“ ჩატარდა, რომელსაც ქართველი მეღვინე, „იაგოს მეღვინეობის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი უძღვებოდა. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ქვეყნის მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდებს.
ProWine Shanghai ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებსა და იმპორტიორებს და საკუთარი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე წარადგინონ.
შანხაიში გამართულ ღონისძიებაში 19 ქართული ღვინის კომპანიის მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიმართულებით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com







თქვენი კომენტარი