
პარიზში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სივრცეში — Ritz Paris — ქართული ღვინო კიდევ ერთხელ წარდგა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ პრეზენტაცია-დეგუსტაციას HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ღვინის პროფესიონალები და მედიის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიების განმავლობაში მთავარი აქცენტი ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე გაკეთდა. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ როგორც თანამედროვე ქართული მეღვინეობის მიღწევებს, ისე იმ უნიკალურ ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქვევრის ღვინომ, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად ითვლება და დღეს უკვე მსოფლიო მეღვინეობის რუკაზეც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა. მან მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის, წარმოების ტექნოლოგიებისა და ადგილობრივი ჯიშების შესახებ ესაუბრა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა იმაზეც, თუ როგორ ახერხებს საქართველო ტრადიციისა და თანამედროვე მიდგომების შერწყმას, რაც ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე გამორჩეულ და ნიშურ პროდუქტად აქცევს.
ბოლო წლების განმავლობაში ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საფრანგეთი, რომელსაც ღვინის კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ასეთ ბაზარზე ქართული ღვინის მზარდი პოპულარობა ნათლად აჩვენებს, რომ ტრადიციული ქართული მეღვინეობა საერთაშორისო ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი