
5-7 ივნისს, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Winexpo Georgia 2026 გაიმართება.
გამოფენა ყოველდღიურად 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს და დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს ერთ სივრცეში გაეცნონ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის უახლეს ტენდენციებს, პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე კომპანია და მწარმოებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც მცირე მარნები და საოჯახო მეღვინეობები, ასევე მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიები და ნატურალური ღვინის მწარმოებლები. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართული ღვინის მრავალფეროვან ასორტიმენტს და შეხვდნენ დარგის წარმომადგენლებს.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების პროდუქცია და სერვისები, მათ შორის ღვინის ინდუსტრიისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები, აქსესუარები, სერვისები, ვენახის მოვლის საშუალებები და თანამედროვე მანქანა-დანადგარები.
ღონისძიების პარალელურად ტრადიციულად გაიმართება ღვინის საერთაშორისო კონკურსი Georgia Wine Award, სადაც წარმოდგენილ ნიმუშებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. კონკურსის გამარჯვებულები გამოფენის მიმდინარეობისას გამოვლინდებიან, ხოლო დამთვალიერებლებს გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობაც ექნებათ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი