
რამდენიმე დღის წინ დასრულდა თბილისის გასტრო კვირეული, რომელიც 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. წლევანდელი ფესტივალი საიუბილეოც იყო, პროექტი უკვე მეხუთედ ჩატარდა. წელს მას მსოფლიო დონის Michelin-ის ვარსკვლავის მქონე შეფ-მზარეულები სტუმრობდნენ, რომლებმაც ქართველ კოლეგებთან ერთად უნიკალური კულინარიული გამოცდილება შექმნეს.
უკვე მეხუთე წელია, Tbilisi Gastro Week საქართველოს გასტრონომიული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად რჩება. ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს საერთაშორისო კულინარიის გამორჩეულ წარმომადგენლებს, ღვინის პროფესიონალებსა და ადგილობრივ შეფებს, რითაც ქართულ გასტრონომიას მსოფლიო პროფესიულ წრეებთან კიდევ უფრო აახლოებს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალზე ქართულ ღვინოს დამოუკიდებელი პლატფორმა დაეთმო, სადაც მეღვინეებსა და ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ექსპერტებისთვის წარედგინათ და მათგან პროფესიული შეფასებები მიეღოთ.
როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანა გოდაბრელიძე აღნიშნავს, მეხუთე საიუბილეო წელი პროექტისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა:
„Tbilisi Gastro Week-ის მთავარი იდეა ყოველთვის იყო სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი შეფ-მზარეულებისა და ქართველი პროფესიონალების თანამშრომლობა. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად იქმნება განსაკუთრებული ვახშმები, რომლებიც სტუმრებს სხვადასხვა კულინარიული კულტურის უნიკალურ სინთეზს სთავაზობს.
წელს მნიშვნელოვანი სიახლე იყო ღვინის მიმართულების გამოყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო ფესტივალის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო, პირველად მოხდა ისე, რომ თითოეულ ვახშამს თან ახლდა ღვინის პროფესიული შეფასება და განხილვა.
ფესტივალზე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობარი ფლორიან გიოტო (Florian Guilloteau), რომელიც პარიზის სასტუმრო რიცის მთავარი სომელიე და სომელიეთა დეპარტამენტის დირექტორია. მასთან ერთად ვარჩევდით და ვაფასებდით ღვინოებს, ვაცნობდით სტუმრებს როგორც ღვინის მწარმოებლებს, ისე თავად ღვინოების ისტორიასა და მახასიათებლებს.
ფესტივალის ფარგლებში პირველ ივნისს გაიმართა Wine Talk, პანელური შეხვედრა და დისკუსია ღვინის შესახებ, 3 ივნისს კახეთში გამართულ ღონისძიებაზე 16-მა ღვინის კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარადგინა. თითოეული ღვინო დეტალურად შევაფასეთ, ვიმსჯელეთ მის სტილზე, ტიპსა და ეტიკეტზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველ მეღვინეებსა და კომპანიებს მოესმინათ ფლორიან გიოტოს მოსაზრებები.
ასევე გვყავდა მოწვეული ცნობილი ფრანგი ენოლოგი ჟან მიშელ მონიე (Jean-Michel Monnier), რომელიც ჩვიდმეტი ღვინის კომპანიის კონსულტანტია და რამდენიმე გასტრონომიული გამოცემის თანაავტორი. მასთან ერთად ვისაუბრეთ ღვინის თანამედროვე ტენდენციებზე, ღვინის შეფასების კრიტერიუმებსა და კერძისა და ღვინის სწორ შეხამებაზე, რაც დღევანდელ გასტრონომიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა“,- ამბობს ანა გოდაბრელიძე.
ფესტივალის საერთაშორისო მასშტაბს განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს სტუმართა სია. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ესტუმრნენ Michelin-ის ვარსკვლავის მქონე შეფ-მზარეულები, მათ შორის ფრანგი შეფი ჟაკ პურსელი, რომლის სახელი მსოფლიო მაღალი გასტრონომიის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მათი მონაწილეობით გამართულმა ვახშმებმა და მასტერკლასებმა პროფესიონალებსა და სტუმრებს თანამედროვე კულინარიის უახლესი ტენდენციების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი