Home
ქართული | English
ივლისი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

თამთა აივაზიშვილი - დების ღვინო - მცირე მარნების ანთოლოგია (146)

-  გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?

სხვადასხვა სფეროში მუშაობისას, ყოველთვის მქონდა ის განცდა, რომ რაღაც უფრო მეტის, უფრო ღირებულის შექმნა შემეძლო. ქვეყნის სიყვარულმა, მისი ტრადიციების თუ კულტურის განვითარების სურვილმა მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ უნდა შემექმნა ახალი ბრენდი,  რა იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული საქმე თუ არა ღვინო? სწორედ ამიტომ ავირჩიე მეღვინეობა როგორც პროფესია და პირველი ბოთლი დიდი იმედებით და სიყვარულით, როგორც მცირე საოჯახო მარანმა, 2017 წელს ჩამოვასხით.

-  ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?

ამ ეტაპზე გვაქვს საფერავი, ქისი, ხიხვი, კახური მწვანე და წარაფი. რთულია რომელიმეს გამორჩევა, თუმცა, ვთვლი, რომ ჩვენი კახური მწვანე განსაკუთრებით საინტერესოა.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?

საქმიანობის დაწყებიდან დღემდე არა ერთი სირთულე თუ დაბრკოლება გვხვდება. პირველი გამოწვევა ბრენდის პოზიციონირება და კონკურენტულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება იყო. ღვინის შექმნა მხოლოდ პროცესის ერთი ნაწილია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება, მომხმარებლამდე საკუთარი ისტორიის მიტანა და ნდობის მოპოვება. კონკურენციის პირობებში ეს საკმაოდ რთული პროცესია და დიდ დროს, ენერგიასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ღვინის ფესტივალები დამეხმარა იმაში, რომ საკუთარი ბრენდის ისტორია მომხმარებლამდე მიმეტანა და პირადად გამეცნო მათთვის. სწორედ ამიტომ ვაგრძელებ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობის მიღებას. ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებას მანიჭებს და რა დიდ მოტივაციას მაძლევს იმ ხალხის დანახვა, რომლებიც ფესტივალებზე გვეძებენ, გამოხატავენ სითბოს, მხარდაჭერას და აღფრთოვანებას.

-  თქვენი აზრით, რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

მცირე მარნებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და უცხოელი პარტნიორების მოზიდვა კვლავ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობამ დამანახა, კიდევ რამდენი სამუშაო გვაქვს, იმისთვის რომ საქართველომ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავოს ღვინის სფეროში. საერთაშორისო ბაზარზე მომხმარებელი დღეს უკვე ეძებს არა მხოლოდ კარგ პროდუქტს, არამედ ისტორიას, ემოციას და ავთენტურობას.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მცირე და საოჯახო მარნების კიდევ უფრო აქტიური და ძლიერი მხარდაჭერა, რადგან სწორედ ისინი ქმნიან მრავალფეროვნებას, წარმოაჩენენ ადგილობრივ ტრადიციებს და ინარჩუნებენ ქართული მეღვინეობის ავთენტურობას. ყველას თანაბრად უნდა გვეძლეოდეს საშუალება მოვხვდეთ საერთაშორისო გამოფენებზე და შევძლოთ ჩვენი გამოცდილების გაზიარება, მოვიძიოთ პოტენციური ინვესტორები თუ ექსპორტ მენეჯერები.

ჩემი აზრით, დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებასაც. არ მესმის რატომ იგეგმება მარკეტინგული აქტივობები ღვინის სამშობლოზე ისეთ ქვეყნებში, სადაც ღვინოს არ მოიხმარენ. დღეს მსოფლიო ბაზარზე ტურისტული მიმართულებით კონკურენცია ძალიან მაღალია. გამოფენებზე უცხოელ სტუმრებს ღვინოსთან ერთად ვაცნობ ჩვენს სამშობლოს, ვესაუბრები მის მშვენიერებაზე, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე, კულტურასა და ტრადიციებზე. თანამედროვე მომხმარებელი მხოლოდ ტურისტული ლოკაციების თვალიერებით და ღვინის დაგემოვნებით აღარ კმაყოფილდება — მას სურს გაეცნოს უნიკალურ, მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას და თავად გახდეს ამ გამოცდილების ნაწილი. ამიტომ ღვინისა და ტურიზმის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

-  როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?

პროცესი, რა თქმა უნდა, ძალიან შრომატევადია, რომელსაც დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ღვინოს ვაყენებთ კახური ტრადიციული მეთოდით ქვევრში. ხუთივე პოზიცია არის ნატურალური, გაუფილტრავი პრემიუმ ხარისხის. გვინდოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მიახლოვებული იქნებოდა იმ იდეალთან, რასაც ქართული ტრადიციული ხარისხიანი ღვინო ჰქვია.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

 „დების ღვინო“ მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელსაც ხარისხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვს. მოთხოვნიდან გამომდინარე გვაქვს სურვილი გავზარდოთ წარმოება და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი პროდუქცია. ვისურვებდი მეტ მხარდაჭერას სხვადასხვა პროგრამებისგან, იმისთვის რომ მცირე მარნებმა შევძლოთ წარმოების გაზრდა. ვაგრძელებთ საექსპორტო მიმართულებით აქტიურად მუშაობას და, რაც მთავარია,  სულ მალე ჩვენს საოჯახო მარანს ოფიციალურად გავხსნით.

დამწყებ მევენახე-მეღვინეებს მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. მე პირადად, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს ამდენი კარგი მცირე მარანია. უნდა გავაცნობიეროთ და გვესმოდეს, რომ ჯანსაღი კონკურენციით შევძლებთ დახვეწას და განვითარებას. ეს არაა უბრალოდ პროფესია, ეს ეროვნული საქმის კეთებაა. ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო დგას, დარგის განვითარებას კი მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა